დროის მანქანა


მარტივია შექმნა მორალურ ღირებულებებზე მომუშავე სისტემა, მაგრამ რთულია მისი მუშაობის სამომავლო დინამიკა განსაზღვრო. ასეთ სისტემებს მხოლოდ ბავშვები ქმნიან. თან ისე, თვითონაც ვერ აცნობიერებენ, რადგან ყველა მათი სისტემის ცენტრალური ნაწილი მათივე ოცნებაა. ბავშვისთვის ყველა მიზანი ხომ მისი ოცნების განხორციელებაა? დაიჟინებს ''მე ეს მინდა'', ''მე ის მინდა'', ''მე იქ მინდა'', ერთ-ორ ცრემლსაც გადმოაგდებს და ''მინდა'' ''არის''-ად გადაიქცევა. ზოგს ცრემლის ჩამოგდებაც არ სჭირდება.


ბავშვები, მართლაც რომ, ბრძოლისუნარიანები, მიზანდასახულები და ამბიციურები არიან. მათგან ყველაზე კარგი მეომართა არმია შედგებოდა, მაგრამ რასაც ბავშვობა გვაძლევს, ვიზრდებით და ვკარგავთ. დამცირების, ''არ გამოსვლის'' თუ დაცემის შიშით, აღარ ვიბრძვით საკუთარი ოცნებებისათვის. პირველ რიგში, ამის უფლებას ხომ საზოგადოებისგან გარიყვის შიში არ გვაძლევს? ამიტომაც, იმ უზარმაზარი სოციალური სისტემის ნაწილი ვხდებით, რომელსაც კარგად აქვს განვითარებული ახალი იდეების, განსხვავებული მიზნებისა თუ ბავშვური ოცნებების დაბლოკვის ფუნქცია...


თუმცა, მაინც დგება მომენტი, როდესაც ელოდები შესაძლებლობებს და საშუალებებს საკუთარი მიზნის მისაღწევად. ლოდინი ხშირად იმდენად დიდხანს გრძელდება, რომ რა იყო მიზნის ფუნდამენტი გავიწყდება. და აი, სადღაც 50 წლის ასაკში გახსენდება, რომ 30 წლის წინ გინდოდა პროფესიონალი მხატვარი გამხდარიყავი. კიდევ უფრო ადრე, ბავშვობაში, ოცნებობდი შეგექმნა ნახატი, რომელიც არ იქნებოდა უბრალოდ ტილოზე შესრულებული ფერადი უმოძრაობა.


დღესაც, როგორც ყოველდღე კომპიუტერთან ზიხარ და ყოველთვიურ ანგარიშებს ამზადებ. მონოტონურ საქმეში ჩართულს საერთოდ დავიწყებული გაქვს საკუთარი ოცნებები, მაგრამ უცებ უარყოფილი მიზნები გახსენდება და ფიქრობ მიზეზებზე, თუ რატომ თქვი შენს ოცნებებზე უარი. ფიქრობ, იმ შიშებზე, შეცდომებზე, დროის მანქანაზეც კი და უცებ, კომპიუტერის ეკრანზე საკუთარი ანარეკლი გაშინებს. ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი და საშინლად გინდა მისი გამოსწორება. შენი ტვინის ორივე ჰემოსფერო გრძნობს ადრენალინის უსაზღვრო მოზღვავებას. და აი, უცნაური შეგრძნება გეუფლება, შეგრძნება, რომელიც იმდენად გაუცხოვდა შენთვის, რომ ვეღარც კი იცანი მიზნის მიღწევის, ოცნების ასრულების საოცარი სურვილი.
უცებ ეკრანზე ახალი შეტყობინება ჩნდება. მოწვევაა იმ გამოფენიდან, სადაც შენი ნახატიცაა წარმოდგენილი. ჰო, სწორედ ის, 30 წლის წინ, რომ დახატე. კრიტიკოსებმა არც თუ ისე სახარბიელო შეფასება რომ მისცეს და შენც ძალიან მარტივად რომ ჩაიქნიე ხელი. ეკრანზე საკუთარ თავს ხედავ... გეღიმება, სწორედ ისე როგროც ბავშვობაში... რადგან კი არ მეძებ არამედ უკვე მიპოვე !


ნატა შაველაშვილი

სტატიების კონკურსის მონაწილე

| გააზიარე
მოგწონთ?