70 წლის პენსიონერი მოდის ინდუსტრიაში - („The Intern“)


ფროიდმა თქვა - „გიყვარდეს და იმუშავე, იმუშავე და გიყვარდეს - სულ ეს არის ცხოვრება“.

„მე დაქირავებული პენსიონერი ვარ, როგორც ხვდებით, უამრავი დრო მაქვს ჩემი თავისთვის. თავიდან მომწონდა უდარდელობა, მთელი დედამიწა შემოვიარე. პრობლემა კი ის იყო, როდესაც მოგზაურობიდან ვბრუნდებოდი, მარტოობის შეგრძნება დიდი კედელივით მაწვებოდა. მივხვდი, უნდა გამეგრძელებინა გზა და არ გავჩერებულიყავი.“

ამ სიტყვებით იწყება ვიდეო აპლიკაცია, რომელიც ბენ უიტეკერმა მოდის ვებ-გვერდზე სტაჟიორის ვაკანსიისთვის ატვირთა და მისი ცხოვრებაც მაშინვე რადიკალურად შეიცვალა.

მისტერ ბენს, რომლის პერსონაჟს, მსახიობი რობერტ დე ნირო განასახიერებს ფილმში - „სტაჟიორი“ სურდა ჰქონოდა ადგილი, სადაც, უბრალოდ, ყოველდღე ივლიდა. მას მოსწონს ურთიერთობები, ახალი გამოწვევები და სურს, რომ  კვლავ საჭირო იყოს საზოგადოებისთვის. ის გამოცდილი, ერთგული და სანდო პიროვნებაა. ამბობენ, მუსიკოსები პენსიაში არ გადიან, ჩერდებიან, როდესაც მათ თავში მუსიკა აღარ არის, ფილმის მთავარი გმირი კი დარწმუნებულია, რომ მას ჯერ კიდევ აქვს მუსიკა და მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაც შეუძლია.

„ სტაჟიორი“ - ეს არის  ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერ ასაკში ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს. ფილმი გვარწმუნებს, რომ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უნდა ვაკეთოთ საყვარელი საქმე და მიზნების ასრულება ყოველთვის არის შესაძლებელი. არასდროს არ უნდა იფიქრო, რომ შენი წარმატების პერიოდი დასრულდა, რომ შენი შრომა არავის სჭირდება.

ბენი მთელი თავისი ცხოვრება ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ ახლა ის 70 წლის არის და მიუხედავად ამისა, ინტერნეტ გაყიდვების კომპანიაში დამწყები სტაჟიორია. ის მთელი მონდომებით არის ჩაფლული მოდის ინდუსტრიის საზოგადოებაში, ეძლევა  შესაძლებლობა, ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს და კვლავ მიაღწიოს კარიერულ წარმატებას. ის საკმაოდ თავმდაბალი, მეგობრული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებაა. მე ვიტყოდი, ნამდვილი პროფესიონალი. მან სრულიად ახალი და საინტერესო გამოწვევა მიიღო ცხოვრებისგან  და ბოლომდე იბრძოლა მის შესასრულებლად.

მინდა აღვნიშნო  ისიც, რომ ფილმის მეორე გმირი ჯულს ოსტინი (მსახიობი  ენ ჰეთევეი) - 21-ე საუკუნის ბიზნეს ვუმენია. მის საქმიანობას კი სკეპტიკურად აფასებს საზოგადოება და ხშირად აკრიტიკებს  იმის გამო, რომ მთელ დროს საყვარელ საქმეს უთმობს და არ ზრუნავს ოჯახის წევრებზე. მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი ბიზნესი წარმატებული გახდეს. დედის წარმატება კი ოჯახის და შვილების კეთილდღეობისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. საზოგადოებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკრიტიკოს შრომისმოყვარე და მიზანდასახული ქალბატონები და პირიქით, ხელი  შეუწყოს მათ წარმატებას.

ფილმში კომპანიის ხელმძღვანელსა და გუნდის წევრებს უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. საინტერესოა, როგორ დაძლევენ  ისინი პრობლემებს და რა არის ის თვისებები, რომელიც ადამიანს ეხმარება დარჩეს თავისი საქმის და მიზნების ერთგული - ამ და სხვა ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხს თავად იპოვით ფილმში და მერწმუნეთ, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.
 
 

| გააზიარე
მოგწონთ?