როგორ გავზარდოთ ბავშვი ლიდერად?


"ინტერვიუ დავით კენჭაძესთან და მისი  უნიკალური რჩევები მშობლებს 

დავით კენჭაძე - ცნობილი ბიზნეს კონსულტანტი, ქოუჩი, ტრენერი და საკონსულტაციო ჯგუფის გენერალური დირექტორი. მისი და მისი თანამოაზრეების მიზანია დაეხმაროს ადამიანებს და კომპანიებს მათი მიზნების მიღწევაში. დავითმა კარიერის განმავლობაში კონსულტაცია გაუწია 100-ზე მეტ კომპანიას და 150 000-ზე მეტ ადამიანს. დღეს კი მოგვცემს რჩევებს, თუ როგორ გავზარდოთ ბავშვი ლიდერად.

- ლიდერებად იბადებიან თუ შესაძლებელია ლიდერი გახდე?
- მეცნიერულად და რეალურად ეს დამტკიცებული არ არის, რა თქმა უნდა ორივე მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. პრინციპი ძალიან მარტივია, თუ ერთ-ერთი შემთხვევა მაინც არსებობს ბუნებაში, ესე იგი ვერ იტყვი, რომ მხოლოდ ერთი ან მეორეა ჭეშმარიტი. შესაბამისად, შესაძლებელია როგორც დაიბადო ლიდერად, ისე გამოიმუშავო ლიდერული უნარ-ჩვევები. პირადად მე ბავშვობის დროიდან ვიცნობ არაერთ ადამიანს, რომელთაც გამომუშავებული აქვთ ლიდერული თვისებები, რაც ადრე არ ჰქონდათ. საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად, დღეს ძალიან წარმატებულნი არიან საქმიანობაში. 

- რა საჭირო უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს მშობელს იმისთვის, რომ შვილი ლიდერად აღზარდოს?
- ყველაზე მთავარი ბავშვის აღზრდის საკითხში სიყვარულია. იმისთვის, რომ შვილი ლიდერად აღვზარდოთ საჭიროა მშობელმა ბავშვის დაბადებიდანვე იფიქროს მის პიროვნულ განვითარებაზე. მშობელი უნდა აცნობიერებდეს და უნდოდეს, რომ მისი შვილი იყოს წარმატებული, ჰქონდეს სხვადასხვა გამოწვევა ცხოვრებისგან. ბრძოლის ჟინი არის ის მთავარი, რაც მშობელს უნდა ჰქონდეს. შვილის აღზრდა საკმაოდ რთულია, ბრძოლის ჟინის გარეშე ეს პროცესი რთულდება და ბავშვის პიროვნულ თვისებებზეც უარყოფითად მოქმედებს.

- რა უნარ-ჩვევები უნდა განუვითაროს მშობელმა ბავშვს იმისთვის, რომ ლიდერად აღზარდოს?
- ცუდის და კარგის გარჩევა. ერთი შეხედვით, საკმაოდ ადვილია, თუმცა ამ უნარს თუ ბავშვი პატარა ასაკიდან მშობლის დახმარებით არ გაითავისებს, ზრდასრულ ასაკში გაუჭირდება დასკვნების გაკეთება. ბავშვს პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ სიკეთის კეთება და ამ საქმეში ჩვენ გავხდეთ მათთვის საუკეთესო მაგალითები. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეცდომის დაშვება არ ნიშნავს დანაშაულს, ის ახალი გამოწვევის, სწავლის და მომავალი გამარჯვების დასაწყისია. ბავშვს უნდა ვასწავლოთ მონდომება და შევუქმნათ ყველა პირობა მოტივაციისთვის. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ რაიმეს ძალიან მოინდომებს, ამას აუცილებლად მიაღწევს. ხშირად არის ხოლმე მომენტები, როდესაც წაგება ბავშვზე ძალიან ცუდად მოქმედებს, უნდა მიაჩვიოთ, რომ ის ყოველთვის მოგებული ვერ იქნება და წაგებაც თამშსა თუ ცხოვრებაში არ ნიშნავს კატასტროფას. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება, მან უნდა შეძლოს საკუთარ თავზე გარკვეული დავალებების აღება და მისი შესრულება. უნდა ასწავლოთ სიტყვის მოცემა და ამ სიტყვის შესრულება. აუცილებელია ასწავლოთ სიმართლის თქმა, ბოდიშის მოხდა, შეცდომის აღიარება, რაც მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ითამაშებს. რა თქმა უნდა, მშობელი თვითონ უნდა იყოს ამ ყველაფრის მაგალითი.

- რომელი ასაკიდან არის შესაძლებელია ბავშვისთვის ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება?
- ლიდერული უნარ-ჩვევები იყოფა ორ ნაწილად. ლიდერი ეწოდება ადამიანს, რომელიც სხვებზე ბევრად უკეთ, ზედმიწევნით კარგად, მაღალ დონეზე ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მეორე, ეს არის პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობს ერთ ან მეტ ადამიანს. ორივე შემთხვევაში ასეთ ადამიანს შეგვიძლია ვუწოდოთ ლიდერი. როდესაც ბავშვი იწყებს ლაპარაკს, სიარულს, სამყაროში ადაპტირებას სწორედ ამ მომენტიდან უნდა დავიწყოთ მისი ლიდერად აღზრდა. როდესაც თქვენი შვილი 13-14 წლის იქნება, ძალიან გაგიჭირდებათ უკვე ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევების კორექცია ან ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება. ეს ყველაფერი ზრდასთან ერთად, ყოველდღიურ დინამიკაში უნდა ხდებოდეს.

- როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს კომპლექსის, სიმორცხვის, გაუბედავობის გადახალვა?
- სანამ ბავშვისთვის ამის სწავლას გადაწყვეტთ, თავადაც უნდა მოემზადოთ და მისცეთ საკუთარ თავს პირობა, რომ არ დანებდებით. ამ პრობლემების გადალახვა რთულია და მშობლის მხრიდანაც დიდ ნებისყოფას მოითხოვს. შესაძლოა თქვენი ძალიან ბევრი მცდელობა იყოს საჭირო, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. ჩაკეტილობას, სიმორცხვეს, რა თქმა უნდა აქვს თავისი მიზეზი, რომელიც არ ჩანს და რომელიც უნდა ვიპოვოთ. ეს ყველაფერი ერთად გარკვეული შიშია, თქვენ ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა მოუყვეთ თქვენს შვილს, მაგალითად, თუ ამა თუ იმ შიშს, სიმორცხვეს დაძლევს, რა შეიძლება მოხდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა მოხდება, თუ ის გადალახავს ამ სიმორცხვეს და გადადგამს ნაბიჯს, უნდა იცოდეს მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ასე უფრო გაუადვილდება ჩარჩოებიდან გამოსვლა და ისწავლის, რომ ცდა აუცილებელია, შესაძლებელია, ყველა ქმედებას გამარჯვება არ მოჰყვეს და ამისთვისაც უნდა იყოს მზად.

- რამდენად საჭიროა მშობლის ჩართულობა, როდესაც ბავშვს ექმნება პრობლემები ბაღში, სკოლაში თანატოლთა სოციუმში თვიდთამკვიდრების დროს?
- მშობელთა უმრავლესობა ერევა ასეთ პრობლემებში და თავად ცდილობს პრობლემის მოგვარებას. საბოლოოდ კი ვიღებთ შედეგს - ბავშვი თვითონ ვერ სწავლობს, როგორ მოაგვაროს პრობლემები, რომელიც ბაღშიც, სკოლაშიც, სამსახურშიც და ნებისმიერ სოციუმში თვითდამკვიდრების დროს არსებობს. მშობლის მიზანია ფეხზე დააყენოს ბავშვი, ასწავლოს, როგორ მოაგვაროს პრობლემები დამოუკიდებლად, აცადოს და უყუროს როგორ, რა გზებით ცდილობს მისი შვილი პრობლემის მოგვარებას, მისცეს რჩევა-დარიგება, ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ თქვენ გვერდში უდგახართ და უნდა ჰქონდეს თქვენი იმედი, თუმცა მთავარი მოქმედი გმირი თავად უნდა იყოს. მან უნდა ისწავლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და მიიღოს გამოწვევები, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრება სთავაზობს. დროთა განმავლობაში თქვენ მიაჩვევთ ბავშვს პრობლემების დამარცხებას და ზრდასრულ ასაკში ის დამოუკიდებლად მოქმედებას წარმატებულად შეძლებს.

- როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ახალ გარემოში ბავშვის ინტეგრაციას?
- უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ბევრ ზრდასრულ ადამიანს, ბავშვებსაც არ უყვართ სიახლეები, გარემოს, სოციუმის შეცვლა. საჭიროა რეალურად ავუხსნათ, რატომ ხდება ესა თუ ის ცვლილებები, იქნება ეს საბავშვო ბაღის შეცვლა, საცხოვრებელი გარემოს შეცვლა და ა.შ. უნდა ვეცადოთ, ყველაფერი პოზიტიურად დავანახოთ ბავშვს, რა სარგებელს მოუტანს ეს ახალი გარემოება მას. ეს არის მოტივაცია, რომ ბავშვი შეეგუოს ახალ გარემოს. უნდა დავანახოთ პოზიტივი, რომელიც ცვლილებებშია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პატარებს, მოვეპყროთ როგორც დიდებს, გავუზიაროთ მათ ჩვენი აზრი და მათიც მოვისმინოთ.

- რომელი ლიტერატურა უნდა წავუკითხოთ ბავშვს თავდაჯერებულობის და თვითრწმენის ასამაღლებლად?
- არის ძალიან ბევრი ზღაპარი, რომელშიც დიდი მორალია ჩადებული. მთავარია, რომ როდესაც ბავშვს ზღაპარს ვუკითხავთ, ავუხსნათ, რა არის კარგი და ცუდი. ყოველთვის არ არის აუცილებელი, კონკრეტული ლიტერატურა წაუკითხოთ, შეიგიძლიათ თავად მოიფიქროთ ზღაპრის სიუჟეტი, სადაც მთავარი მოტივი იქნება თავდაჯერებულობა, გამბედაობა და თქვენი სიტყვებით მოუყვეთ ბავშვს მისი საყვარელი პერსონაჟების მონაწილეობით შექმნილი ზღაპარი.

- რა როლი აქვს მოტივაციას და ბავშვის წახალისებას მისი ლიდერად ფორმირების საკითხში?
- რეალურად მოტივაცია არის ის, რაც ადამიანს ეხმარება ყველაფრის მიღწევაში, იქნება ეს 5 წლის ბავშვი თუ 90 წლის ადამიანი. დიდი სურვილით და მოტივაციით ის ყველაფრის გაკეთებას შეძლებს. მოტივირებული ადამიანი მუდამ პოზიტიურ განწყობაზეა, მიზანზე ორიენტირებულია, ხალისიანია და რეალურად აღწევს შედეგებს.

- რითი შეიძლება წავახალისოთ ბავშვი და მიზნის მიღწევის შემდეგ დავასაჩუქროთ?
- არ არის აუცილებელი, ბავშვს გავუკეთოთ ე.წ. საბონუსე სისტემა. მან უნდა იცოდეს შინაარსობრივად, რატომ უნდა მიიღოს კარგი ნიშანი, რატომ უნდა ისწავლოს კარგად, ეს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს და შეგნებულად აკეთებდეს ამას და არა იმისთვის, რომ მშობლები კარგი ნიშნის მიღების შემდეგ საჩუქარს უყიდიან. ბავშვის მთავარი მოტივაცია უნდა იყოს შექება, ბავშვს უნდა აჩვენოთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მისი აქტივობები, რომ ძალიან გიხარიათ მისი წარმატება, გვერდში უდგახართ წარუმატებლობის დროს, აფასებთ მის ქმედებებს და გეამაყებათ ის. ჩემი პირადი გამოცდილებით საჩუქრები უნდა იყოს მოულოდნელი სიურპრიზები, რომლებიც კონკრეტული მიზნის მიღწევას არ აჯილდოვებს, არამედ უბრალოდ სიყვარულის გამომხატველია.

- თქვენი 1 რჩევა, რომელიც აუცილებლად, ყოველდღიურად უნდა გამოვიყენოთ, თუ გვსურს ბავშვის ლიდერად გაზრდა
- ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაფრის საწყისი არის სიყვარული. აჩვენეთ თქვენს შვილს ყოველდღიურად, რომ ძალიან გიყვართ. სიყვარული არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ ყველა სხვა უნარის და მიდგომის გამოყენებაზე, რომელზეც საუბარი გვქონდა."


სალომე გორგოშიძე
www.mshoblebi.ge 

| გააზიარე
მოგწონთ?