„მექანიკური ფორთოხალი“


არის წიგნები, რომლებიც უძლებენ დროს, ეპოქას, კითხულობ და გგონია თანამედროვეობაზე დღევანდელობაზეა მორგებული და ასე იქნება მუდამ. 

ასეთია ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“. რეჟისორ სტენლი კუბრიკის ამავე სახელწოდების ფილმმა მიბიძგა წამეკითხა წიგნი.
ენტონი ბერჯესი ინგლისელი მწერალია. 1962 წელს გამოიცა მისი წიგნი „მექანიკური ფორთოხალი“, საინტერესოა წერის სტილიც, ნაწარმოები გაჯერებულია რუსული სიტყვებით, ჟარგონებით (ბრატკა, სპორი, მოლოკო და ა.შ.) ეს ერთგვარი გამოძახილია იმ პერიოდისა, თუ რა საფრთხის წინაშე იდგა მაშინდელი მსოფლიო, საბჭოთა იმპერიის სახით.

წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა თინეიჯერის ალეკსისა და მისი „ბანდის’’ შესახებ. ალეკსი ტიპიური მოძალადე, ნაძირალაა, რომელიც სიამოვნებას, ვიღაცის მოკვლით, ცემით, გაქურდვით, გაუპატიურებით ღებულობს. ალეკსის კიდევ ერთი გატაცება კლასიკური მუსიკაა, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია წიგნის ერთგვარი ლაითმოტივია. ძალადობა და კლასიკური მუსიკა ქცეულა თინეიჯერი მოძალადის ცხოვრების მთავარ  მამოძრავებლად.

ბოლოს ჩვენი ანტიგმირი ციხეში ხვდება, თითქოსდა აქ უნდა განიცადოს დანაშაულის განცდა, მაგრამ მის სულში ჩაბუდებულ ძალადობას ვერაფერი შველის, სანამ ალეკსის გამოსწორებაზე ზრუნვას არ დაიწყებს სახელწიფო, რომლის მიზანია ძალადობის აღმოფხვრა ახალგაზრდებში ექსპერიმენტების გზით. ალეკსის წინააღმდეგ  მუსიკას იყენებენ, იმას რაც ყველაზე მეტად უყვარს. “ბოლოს ყველა თავის სიყვარულს კლავს”, ამ დევზით იწყება ცდები მასზე, საბოლოდ ჩვენს გმირს არა მარტო ძალადობის ჩადენა, გაფიქრებაც კი არ შეუძლია, ეწყება საშინელი კრუნჩხვები და ესმის მეცხრე სიმფონიის გამაყრუებელი ხმა. ალეკსი - ადამიანი იქცევა მექანიკურ არსებად, ფიქრობს თვითმკვლელობაზე, რომლის განხორციელებაც არ შეუძლია, რადგან მისი გრძნობები, ემოციები სრულიად კონტროლირებადია.

ერთდროულად გიყვარს და გძულს, ეს მოძალადე ბიჭი. გეცოდება როცა უყურებ როგორ ართმევენ მთავარს ცხოვრებაში, პიროვნულ თავისუფლებას, არჩევანის საშუალებას. ფიქრობ, რომელი უფრო საშინელებაა: ძალადობა თუ ძალადობის აღმოფხვრა ისევ ძალადობით და თან სახელმწიფო პოლიტიკის მეშვეობით. სადაა ადამიანის მთავარი ღირებულება არჩევანის, რწმენის თავისუფლება. სადაა ადამიანი?  ეს უტოპიაა, ყველას უნდა გვქონდეს შესაძლებლობა ჩვენ თვითონ განვსაზღვროთ ჩვენი ცხოვრების გზა, ავირჩიოთ და ჩვენივე შეცდომებზე ვისწავლოთ, გამოვსწორდეთ თუ დავრჩეთ იმად, ვინც ვართ. იქნებ ჯობია ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზების მოძიება, შესწავლა და გაანალიზება. გარიდების ნაცვლად დახმარება, მაგრამ არამც და არამც არჩევანის, პიროვნული თავისუფლებების წართმევა, რაღაც საშინელ მექანიკურ არსებებად გადაქცევა, როცა შენს მაგივრად სხვა, თუნდაც სახელმწიფო აზროვნებს, გრძნობს და განიცდის, შენ უკვე აღარ ხარ, მთავარი - ადამიანი.

მწერლის სიტყვები და წიგნის მთავარი დედააზრიც ესაა - ''ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით ვერ გააუმჯობესებ, კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის''.




ნინო ჯუხარიძე

პროექტი ''წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა''

| გააზიარე
მოგწონთ?