სწავლა ცვლის თქვენს ყოველდღიურ ქცევას


ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა: ,,სწავლა - ეს არის პროცესი და არა - მოვლენა’’. ბევრი ადამიანი სწავლას უყურებს, როგორც მოვლენას. იმისათვის, რომ მიაღწიონ წარმატებას და დასახულ მიზნებს, ისინი კითხულობენ წიგნებს, ესწრებიან სემინარებს, მაგრამ უმეტესი მათგანი ვერ იღებს სასურველ შედეგს. როგორ ფიქრობთ, რატომ? იმიტომ, რომ  ხალხის დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში. და, თუ თქვენ ვერ ახერხებთ ცოდნის იმ მიზნით გამოყენებას, რომელიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად, მაშინ ჩათვალეთ, არაფერი გისწავლიათ.

სწავლა არ არის მხოლოდ ფაქტებისა და თეორიების დაზეპირება, ეს არის ადამიანის განვითარების ხანგრძლივი პროცესი. გიფიქრიათ იმაზე, მიღებული ცოდნის რა ნაწილს იყენებთ ყოველდღიურად?       

იმისათვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას, გქონდეთ კარგი ურთიერთობები და უბრალოდ იყოთ საკუთარი თავით კმაყოფილი, შეუცვალეთ სიტყვა ,,სწავლა’’-ს მნიშვნელობა და, თუ აქამდე მას აღიქვამდით, როგორც რაიმე მოვლენას, ახლა მიანიჭეთ მას უფრო ფართო, პრაქტიკაზე ორიენტირებული განსაზღვრება, რომ ის უნდა ცვლიდეს თქვენს ყოველდღიურ ქცევებს.

საუკეთესო გზა ნებისმიერი რამის სასწავლად არის სიღრმისეული გაცნობიერება იმისა, თუ როგორ შეგცვლით მიღებული ცოდნა, ამისათვის კი საჭიროა სწავლის დასრულებისას თქვენს თავს დაუსვათ სამი კითხვა:

  • რა ვისწავლე?
  • რა ვისწავლე ჩემს თავზე?
  • როგორ შეცვლის მიღებული ცოდნა ჩემს ქცევებს?

თუ ზუსტად არ გეცოდინებათ, როგორ შეცვლის მიღებული ცოდნა თქვენს ქცევებს, ეს ნიშნავს, რომ არც არაფერი გისწავლიათ, მაგრამ, თუ ჩათვლით რომ რაღაც ისწავლეთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი.

მაგალითად, თუ კითხულობთ წიგნებს და სტატიებს დროის მენეჯმენტთან დაკავშირებით, რათა  უფრო მეტად ორგანიზებული და წარმატებული გახდეთ, ინფორმაციით აღფრთოვანებული ხართ და გსურთ, ზუსტად ასე დაგეგმოთ და გაანაწილოთ თქვენი საქმეები, თუმცა რაღაც პერიოდის  შემდეგ ისევ ვერ ახერხებთ საკუთარი დროის მართვას, როგორ ფიქრობთ, ნამდვილად ისწავლეთ ის, რაც გინდოდათ? თუ ასე არ არის, მაშინ უბრალოდ თქვენი ძვირფასი დრო დაგიკარგავთ. მაგრამ, თუ წიგნს ყურადღებით წაიკითხავთ და გონებას აიძულებთ, რომ შექმნას ზუსტი გზა მოქმედებების შესაცვლელად, სამუშაო საათებს ეფექტურად დაგეგმავთ, შედეგსაც აუცილებლად მიიღებთ, რადგან მიღებული ცოდნა გამოიწვევს თქვენი ყოველდღიური ქცევის შეცვლას. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაგარი იდეების შესახებ შეიტყვეთ, მთავარია, ზუსტად განსაზღვროთ, სად, როდის და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას.

ეს არ ეხება მხოლოდ წიგნებსა და კურსებს, თქვენ შეგიძლიათ, ისწავლოთ ნებისმიერი მოვლენისგან. მაგალითად, თუ  მნიშვნელოვანმა მოლაპარაკებამ თქვენთვის არასასურველად ჩაიარა, დაფიქრდით, რისი სწავლა შეგიძლიათ ერთი შეხედვით წარუმატებელი მოლაპარაკებისგან? თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რისი სწავლა შეგიძლიათ ამ მარცხიდან, და  მოძებნოთ ოპტიმალური გზები, რომლებიც ეფექტურად შეცვლის თქვენს მოქმედებას სამომავლოდ.

და ბოლოს, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, რა ისწავლეთ ამ სტატიდან?


წყარო: https://www.actualized.org/

 

| გააზიარე
მოგწონთ?