ჯადოსნური ყუთი, რომელიც ასე ძლიერ გსურთ


ახალი წელი, სულ რაღაც ორი სიტყვა და უამრავი რამის მთქმელი, იმედის მომცემი, ჯადოსნური, საოცარი ზამთრის, ჟრიამულის, ოჯახური გარემოსა და ბედნიერების სურნელით.  თქვენ ელოდებით მას იმიტომ, რომ გჯერათ მოხდება სასწაული და კიდევ უფრო მიუახლოვდებით თქვენს ოცნებებს. ბავშვები მთელი წელი ცდილობენ იყვნენ დამჯერები, ისწავლონ კარგად და გაახარონ მშობლები, რადგან იციან, რომ თოვლის ბაბუ მათ აუცილებლად დაინახავს და დატოვებს  სასურველ საჩუქარს ნაძვის ხის ქვეშ.

წარმოიდგინეთ რომ გადიხართ გარეთ, ქუჩები მორთულია ათასი ციმციმა ნათურით, განსხვავებული სითბო ტრიალებს. ამ ყველაფერს ალამაზებს თოვლი, თეთრი ფიფქების ცეკვა და მომღერალი გუნდები, მხიარული ბავშვები, ოჯახები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში პირველად შეძლეს დაევიწყებინათ ყველა საქმე და ყოფილიყვნენ ერთად. თითქოს არც ხელები გეყინებათ, არც სახე გიწითლდებათ, ღიღინებთ საახალწლო სიმღერას და მიიკვლევთ გზას წინ. ხედავთ პატარა ოქროსფერ ყუთს, რომელსაც არავინ ეხება, უახლოვდებით და ხედავთ იმას, რასაც ამდენი წელი ელოდით, რაც მთელი გულით გინდოდათ, რაც თქვენი სანუკვარი ოცნება იყო და არც კი იცოდით ოდესმე თუ ნახავდით. შეიძლება ვერც ვერაფერი ნახეთ, რადგან ყველაფერი წინაა, აიხედავთ და ნახავთ თვალებს, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდით. არ აქვს მნიშვნელობა რის პოვნას ცდილობთ, რას ელით და რა დაგხვდებათ წინ, მთავრია რომ ამ ქვეყნად არსებობს ასეთივე იმდენი ოქროსფერი ჯადოსნური ყუთი, რამდენიც ადამიანია. მას ყველასთვის განსხვავებული სურვილების ასრულება შეუძლია და ის ყველასთვის სხვადასხვანაირად ანათებს. შეიძლება წელს სწორედ თქვენ იპოვოთ ეს ყუთი, შეიძლება თქვენმა სიყვარულმა, ოცნებამ ან თქვენმა ბედნიერებამ. სწორედ ამას ემსახურება ახალი წელი, იმედს და განსხვავებულის მოლოდინს. არ არსებობს წელი, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს უსაჩუქროდ ტოვებს, რადგან ის ყველასთან სხვადასხვა დროს და ადგილას ტოვებს სიურპრიზებს.

ახალი წელი თქვენს ხელშია, ეცადეთ სხვა თვალით შეხედოთ ახალ დღეს, გაიღიმოთ და უფრო გამართულად იაროთ იმისკენ, რასაც ამ წლისგან ელოდებით. დრო არ ჩერდება, უბრალოდ გიტოვებთ საჩუქრებს, შანსებს და მერე ისევ გარბის. ირბინეთ მასთან ერთად, დაიღალეთ მასთან ერთად, არ დაინანოთ სხვისთვის ბედნიერება და სიხარული, არ დაიშუროთ ძალები თქვენი სიყვარულისთვის და აუცილებლად იპოვით თქვენს ჯადოსნურ ყუთს, რომელიც სავსე იქნება ყველაფრით, რაც ასე ძალიან გსურთ.

| გააზიარე
მოგწონთ?