მიჰყევით თამაშის წესებს - „The Imitation Game“


ერთი წამით დახუჭეთ თვალები, გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან და წარმოიდგინეთ, რომ ხართ ის ადამიანი, რომელმაც მსოფლიო უნდა გადაარჩინოს. თქვენ წინაშე ისახება პრობლემა, რომლის გადასაჭრელადაც რეალური გათვლებით 20 მილიონი წელი გჭირდებათ. დაშიფრული  კოდის განხილვის შესაძლო 159 (18 ნულით) ვარიაცია არსებობს და ამასთან იცით, რომ ამ „ბოროტების მანქანას“ წუთში სამი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მოცემული პრობლემის გადასაჭრელად კი დღეში მხოლოდ 20 წუთი გაქვთ. ამ დროში თქვენ სამყარო უნდა იხსნათ.

 

რა შთაგაგონებთ ყველაზე მეტად ამ კრიტიკულ სიტუაციაში? 

 

ალბათ მხოლოდ იმის ცოდნა, რომ თქვენი სიკვდილის შემდეგ იდეა, რომელსაც ხორცი შეასხით, სამუდამოდ ჩაიწერება დიდი ასოებით ისტორიაში.

„იმიტაციის თამაში“ - ფილმი, რომელიც შთაგვაგონებს, რომ რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო მეტ ისეთ რამეს ვიგებთ, რის არსებობასაც ვერ წარმოვიდგენდით. ალან ტურინგის ბიოგრაფიაზე დაყრდნობით გადაღებული რეალური ამბავი. ის იყო მათემატიკოსი, რომლის წყალობითაც მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლივობა 2 წლით შემცირდა, გადარჩა 14 მილიონი ადამიანის სიცოცხლე.

ფილმი, რომელიც გაძლევთ ძალას, მიჰყვეთ ფიქრის დიდ ქმნილებას - იდეას და იგი ყოველთვის მიგიყვანთ მიზანთან. 

 

● „გაფუჭებული საათიც კი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. ეს პროგრესი არაა, უბრალოდ ბედმა გაგვიღიმა.“

● „ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქს ომი გერმანელებთან. არასწორია, ჩვენ გვაქვს ომი დროსთან.“

●„ზოგჯერ ადამიანი, რომელიც არაფერს წარმოადგენს, ქმნის ისეთ რაღაცას, რასაც ვერავინ წარმოიდგენს.“

● „იცი, თავი რომ გაართვა ამ გამაღიზიანებელ გენიოსურ რუტინას, მართლაც გენიოსი უნდა იყო.“

 

იცით იმიტაციის თამაშის ტესტის მთელი არსი რაში მდგომარეობს? გამოიკვლიოს ვინ არის სუბიექტი, მანქანა თუ ადამიანი. „ვინ ვარ მე? მანქანა? ადამიანი? ომის გმირი? თუ უბრალოდ დამნაშავე?“

იყავით საკუთარი თავის მოსამართლეც და მსაჯულიც. დაუსვით თქვენს თავს შეკითხვები მანამ, სანამ არ მიხვდებით ვინ გინდათ იყოთ - ჩვეულებრივი ადამიანი თუ რაიმე ისეთის შემქმნელი, რაც უკვდავს გაგხდით. რადგან იდეა უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანი. ადამიანი შეიძლება მოკლა, გაანადგურო, მაგრამ იდეა სამარადისოდ იცოცხლებს.

| გააზიარე
მოგწონთ?