შეკითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ/არ უნდა დავუსვათ დამსაქმებელს გასაუბრებაზე


ყველამ კარგად ვიცით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გასაუბრებისთვის კარგ მომზადებას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს კი ჩვენ მიერ მომზადებული და გასაუბრების დროს გაჩენილი კითხვები წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, იმისათვის რომ ნაკლები შეცდომები დაუშვათ ამ მხრივ, გთავაზობთ კითხვებს, რომლებიც არ უნდა დასვათ და რომლებიც, პირიქით, აუცილებლად უნდა დასვათ გასაუბრების ბოლოს.

 

შეკითხვა, რომელიც არასდროს უნდა დასვათ გასაუბრების ბოლოს

 

გასაუბრების ბოლოს დამქირავებელმა შესაძლოა დაგისვათ კითხვა: ,,გაქვთ რაიმე შეკითხვები ჩემთან?“ სწორედ ეს კითხვა შესაძლოა იყოს თქვენი გაბრწყინების ბოლო შანსი და შესანიშნავი შესაძლებლობა, განსაზღვროთ ეს სამსახური თქვენი შესაფერისია თუ არა. ამ დროს მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ შესაფერისი კითხვები და მოერიდოთ ისეთ შეკითხვებს, რომლებიც  მოუმზადებელს, ზარმაცს ან ხარბს გამოგაჩენთ.

იმისათვის, რომ თქვენ არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა, დაიმახსოვრეთ და არასდროს დასვათ შეკითხვა: ,,მივიღებ ამ სამსახურს?“  მართალია კარგია იმის დემონსტრირება, რომ ენთუზიაზმით ხართ სავსე, მაგრამ ეს უფრო სასოწარკვეთილს გამოგაჩენთ. კომპანიები არავის სთავაზობენ მოცემულ თანამდებობას, ვიდრე საბოლოოდ ყველა კანდიდატს არ გაესაუბრებიან, შესაბამისად, ამ შეკითხვის დასმა, თქვენს არაკომპეტენტურობას გაუსვამს ხაზს..  

ასევე უადგილოა მსგავსი კითხვები ,,როგორ მოვიქეცი?“ ,,რაიმე ეჭვები გაქვთ ჩემთან დაკავშირებით?“ ,,მითხარით, რას ფიქრობთ ჩემზე?“ და ,,შეგიძლიათ წარმომიდგინოთ მე ამ პოზიციაზე?“. დაიმახსოვრეთ, უფრო და უფრო მეტი კომპანია ირჩევს თანამშრომლებს სწორი დამოკიდებულების და ემოციური ინტელექტის გამო და ამ კითხვის დასმით, ორივე ფლანგზე წითელ დროშას აწევთ.

 

შეკითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დასვათ გასაუბრების ბოლოს

 

გასაუბრებაზე ორივე მხარეს, კანდიდატსა და დამსაქმებელს, ერთი და იგივე მიზანი აქვთ: გაარკვიონ არის თუ არა შესაბამისობა. რადგან ამის დადგენა თქვენს ინტერესებშიც შედის,  მოამზადეთ სწორი შეკითხვები.

კითხვები შეიძლება განსხვავდებოდეს ინდუსტრიის, კომპანიის, სამსახურის მიხედვით, მაგრამ არსებობს ერთი კითხვა, რომელიც ყველა კანდიდატმა ყოველთვის უნდა დასვას გასაუბრებაზე: ,,ვინ აღწევს წარმატებას ამ პოზიციაზე?“ ან ,,როგორ განსაზღვრავთ წარმატებას ამ პოზიციისთვის?“ ეს შეკითხვა გაძლევთ ,,შიდა ინფორმაციას“ ამ პოზიციის შესახებ და კომპანიის წარმომადგენლის შეხედულებას ორგანიზაციაზე. ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც ინტერნეტით მარტივად ვერ მოიძიებთ, დამსაქმებლის პასუხით კი გაარკვევთ, რამდენად შეესაბამება თქვენი კარიერული მიზნები კომპანიის პრიორიტეტებს და ასევე თქვენს პროფესიონალიზმსაც წარმოაჩენთ. 

მოგეხსენებათ, რომ წარმატებული გასაუბრება უმთავრესი წინაპირობაა ჩვენი შემდგომი კარიერული წინსვლისთვის, სწორედ ამიტომ, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და მოამზადეთ სწორი კითხვები, რათა თქვენც საჭირო ინფორმაცია მიიღოთ და ამავდროულად, დამსაქმებლის თვალშიც კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ.

 

businessinsider.com 

| გააზიარე
მოგწონთ?