სტატია, რომელიც ახალ წელს ყველამ უნდა წაიკითხოს


ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია. ის აერთიანებს ადამიანების ყველა სურვილსა თუ ოცნებას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაუგროვდათ.

ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ლამაზდება ქუჩები, მორთულია ნაძვის ხე, ყველაფერი სხვა ელფერს იძენს. იგეგმება გასართობი ღონისძიებები და საზოგადოებაში მკვიდრდება მოსაზრება, რომ როგორც დაიბედებთ, ისე ჩაივლის მთელი წელი. თვლიან, რომ საახალწლო განწყობა განსაზღვრავს მთელ წელს. სინამდვილეში ეს არის შეხედულება, რომელსაც ჩვენი უმოქმედობის გასამართლებლად ვიყენებთ.

ალბათ ყველა ელოდებით ახალი წლისგან სასიამოვნო სიახლეებს, მოლოდინებითა და სურვილებით ხართ აღსავსე, ეს კარგია. მაგრამ რატომ არ შეგიძლიათ ეს განწყობა და მოლოდინები მთელი წელი გაიყოლოთ? იცხოვროთ ყოველდღე ისე, თითქოს სწორედ ახლაა ის ჯადოსნური დღე.

მოდით ძველ წელს გავაყოლოთ ყოველგვარი ცუდი, უარყოფითი ემოცია, მტკივნეული მოგონება, უიმედობა და სასოწარკვეთილება. მთავარია, სასწაულის გჯეროდეთ  და ის აუცილებლად ახდება.

ახალ წელს მოაქვს ყოველივე საუკეთესო მაშინ, როცა თქვენ ეხმარებით ამაში. ებრძოლეთ პესიმიზმს. ყოველ ახალ დღეს შეხედეთ იმ იმედით, რომ რაღაც კარგი მოხდება. ,,თქვენი ფიქრები და ქმედებები განსაზღვრავენ თქვენს ცხოვრებას."

გწამდეთ, ეს წელი სიხარულს, ღიმილიან დღეებს, წარმატებას და დიდ სიყვარულს მოგიტანთ. ეცადეთ ყოველი მომდევნო დღე, წინაზე უფრო ლამაზი და დაუვიწყარი გახადოთ.

საახალწლოდ შეიძინეთ ახალი დღიური და ჩაწერეთ მასში თქვენი მიზნები. შეიყვარეთ უანგაროდ, გაიღიმეთ ხშირად, გაეცით სითბო. მოძებნეთ საინტერესო ადამიანები, რომლებთანაც დღეს სასიამოვნოდ გაატარებთ. დაასრულეთ არაფრისმომცემი ურთიერთობები. წაიკითხეთ უფრო მეტი წიგნი.

ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ მწერალი, რომელმაც ვალდებულება აიღო შექმნას ახალი ისტორია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მთელი ერთი წლის განმავლობაში. არ უნდა შეიქმნას ერთი ხელის მოსმით. წერა უნდა დაიწყოთ ახალი წლიდან. თქვენვე შექმენით ის, რაც გინდათ.

თქვენ ხართ ის, ვინც მომავალი წლის ზუსტად ამ დროს, გასულ წელს შეაჯამებს. იტყვის, რომ ცხოვრება მშვენიერია, რადგან მას მოაქვს ბედნიერება, წარმატება, საინტერესო სიახლეები, სიყვარული და მზადაა, ეს მომდევნო წელსაც გააგრძელოს. გახადეთ ეს ისტორია სასიამოვნო. არსებობს ის, ვისაც სწამდა საკუთარი თავის და ოცნებები რეალობად აქცია. ის ახლა ამ ჩანაწერს კითხულობს და იღიმის. მე მჯერა ამის! გსურთ იყოთ შემდეგი?

მე მსურს და ვიწყებ ახალი ისტორიის წერას და რას აპირებთ თქვენ?

| გააზიარე
მოგწონთ?