მოტივაციის წყაროს ეძებ? - ფილმი, რომელიც უნდა ნახო!


ყოველდღე ვეძებთ ბედნიერების ნაჭრებს, რომლებიც მზის ახალ შეგებებასთან ერთად გვახალისებენ, გვაბედნიერებენ და ფერად სხივს სძენენ ჩვენს ცხოვრებას.  ერთ-ერთი მთავარი ბედნიერებისთვის არის მოტივაციის წყარო, რომელიც დღის განმავლობაში გაძლევს ძალას იბრძოლო მიზნებისთვის. და რა არის საჭირო ბედნიერებისა და მოტივაციისთვის? ალბათ, დამეთანხმებით არაფერი მიუწვდომელი. ეს არის ის, რითაც ყველა ადამიანს შეუძლია იყოს უფრო ფერადი. საინტერესო ფილმები, წიგნები და სასიამოვნო მუსიკა ადამიანს აიძულებს ირწმუნონ ბევრი რამ, შეიგრძნოს ცხოვრება ყოველი ჩასუნთქვით. საბოლოოდ კი ამ ყველაფერზე იმდენადვე დამოკიდებულნი ვხდებით, რამდენადაც სუნთქვის საჭიროებაზე.

დღეს კი მინდა გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება ფილმზე, რომელიც მოტივაციის მსუყე მარცვლებით არის სავსე, რომლის ყურების შემდეგაც უბრალოდ ჩვენს თავს ვერ მივცემთ უფლებას თუნდაც მცირე ნაბიჯებით არ დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ოცნებებისა და მიზნებისკენ. ფილმი სახელწოდებით - "Queen Of Katwe".  ეს არის ერთ-ერთი წყარო იმედების. ამ იმედებს კი ერთობლივად ფუთავს გოგონა, რომლის გარშემოც ვითარდება მოვლენები. ან შეიძლება უფრო სწორი იყოს, ვთქვათ, რომ თავად ქმნის ამ მოვლენებს.

ჩემი, როგორც მაყურებლის მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა გოგონას, ანუ ფიონას ბრძოლისუნარიანობამ. მთავარი გმირისგან ვსწავლობთ, რომ დანებება გამოსავალი არ არის, უნდობლობამ შეიძლება მეტად გაგვაძლიეროს, საყვარელ ადამიანებსაც შეიძლება ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი შეეპაროთ და იფიქრონ, რომ ოცნების და წარმატების არჩეულმა გზამ შეიძლება ყველაზე დიდი ტკივილი მოგვაყენოს, რომ ძლიერთა გარემოცვამ არ უნდა შეგვაშინოს, პირიქით, მხოლოდ აქ თუ გავიგებთ რა შეგვიძლია რეალურად და ვიწყებთ ჩვენ მიერ არჩეული გზის განვითარებას.

ასევე, გოგონას განვლილი ცხოვრება გვარწმუნებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საჭირო დროს საჭირო ადამიანის გამოჩენა. მართალია, მთელი პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე გადადის, მაგრამ ასეთი ადამიანები გვიჩვენებენ ჩვენს შესაძლებლობებს, გვეხმარებიან მათ სწორად შეფასებაში, გვასწავლიან სირთულეები როგორ მივიღოთ და გავუმკლავდეთ. ამიტომ ბევრისთვის საყვარელი და მისაბაძი იქნება ფიონას მწვრთნელი. ასეთი ადამიანები მხარდამხარ იბრძვიან ჩვენთან ერთად მაშინ, როცა ჩვენ დამარცხების სურვილი გვიპყრობს, ისინი გვაიძულებენ წამოდგომას.

ფიონა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ სასურველ მიზანთან მისაახლოვებლად ბევრი წინააღმდეგობის გადალახვაა საჭირო და ყველაზე რთულია დაუპირისპირდე საკუთარ თავს და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთო. ასე რომ ძვირფასო მკითხველო, თუ თვლი, რომ მოტივაციის წყარო გჭირდება, ან უბრალოდ დამღლელი დღის შემდეგ სასიამოვნოდ გსურს დროის გატარება, ეს ფილმი ნამდვილად შენთვის არის.

| გააზიარე
მოგწონთ?