აქციეთ გამოწვევები შესაძლებლობებად


ხანდახან  ცხოვრებაში  გარკვეულ  სირთულეებს ვაწყდებით, რასაც ხშირ შემთხვევაში, მძაფრი ემოციური ფონი ახლავს თან. მღელვარება და შიში კი პრობლემას უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს და  შესაბამისად, მის აღმოფხვრას ართულებს. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ადამიანი სირთულეების გადალახვის პროცესში იწრთობა, იძენს ახალ გამოცდილებას, ხდება უფრო თავდაჯერებული და გადადის განვითარების ახალ საფეხურზე.

დიახ, მეგობრებო, ცხოვრება რთულია, თუმცა ამავე დროს - უკიდეგანოდ საინტერესო!

ამ სტატიაში მსურს, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გაგიზიაროთ, რაც  იმედი მაქვს, გამოგადგებათ.

▶ აღიარეთ შეცდომები

არასდროს დააბრალოთ საკუთარი წარუმატებლობა მხოლოდ სხვებს. არსებობს სიტუაციები, როდესაც გარემოება ან ადამიანები ხელს გვიშლიან მიზნის მიღწევაში, თუმცა წარუმატებლობა უმეტესად ჩვენივე შეცდომების შედეგია. ნებისმიერ შემთხვევაში ვეცადოთ, გავაანალიზოთ ჩვენი ქმედებები და გავაკეთოთ სწორი დასკვნები. ეს აუცილებლად გაზრდის მომავალში წარმატების მიღწევის შანსს.

▶ გაანეიტრალეთ პრობლემები

პრობლემები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათ მნიშვნელობას კი უმეტესად, ჩვენი მათ მიმართ დამოკიდებულება განსაზღვრავს. რაც უფრო ემოციურად ვხვდებით წინაღობებს, მით უფრო გადაულახავი გვეჩვენება ისინი. ვეცადოთ, მსგავსი სიტუაციები ხვადასხვა რაკურსიდან გავაანალიზოთ და დავინახოთ მედლის მეორე მხარე და შესაძლებლობები. მაგალითად, თუ სამსახური დავკარგეთ, ეს  თავისთავად  ნეგატიური მოვლენაა, მაგრამ ამავე დროს არის შესაძლებლობა - საკუთარ თავში ისეთი უნარ-ჩვევები და მისწრაფებები აღმოვაჩინოთ, რაზეც ადრე არც კი გვიფიქრია. კარგი იქნება, დავკავდეთ იმ საქმით, რისი კეთებაც ჩვენთვის უფრო სასიამოვნო და საინტერესოა. შესაბამისად გავიცნოთ ახალი და საინტერესო ადამიანები,რაც კიდევ ერთი ახალი შანსია, უფრო მეტად გავიზარდოთ, განვვითარდეთ. კომფორტის ზონიდან გასვლა ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა ეს აუცილებელია პიროვნული განვითარებისთვის.

▶ გახდით საკუთარი თავის მენტორი

“სხვა სხვის ომში ბრძენიაო” - ხომ გაგიგიათ? ჰოდა,გახდით “სხვა” საკუთარი თავისთვის და წარმოიდგინეთ, რომ ჩაგაბარეს ადამიანი, რომელიც სწორად უნდა აღზარდოთ. იყავით მაქსიმალურად მომთხოვნი და არ დაზოგოთ საკუთარი რესურსი, არ დაელოდოთ სხვების დახმარებას, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და იმოქმედეთ! იქნება მომენტები, როდესაც დაიღლებით, მაგრამ არ დანებდეთ! იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ იამაყებთ საკუთარი თავით, როდესაც საბოლოო შედეგს მიაღწევთ და გაისიგრძეგანეთ წარმატების შეგრძნება. ეს აუცილებლად მოგცემთ სტიმულს. მერწმუნეთ, თუ ამგვარ მიდგომას დანერგავთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, სამყარო თვითონ გამოგიგზავნით დამხმარე ძალას კონკრეტული ადამიანების ან ხელსაყრელი სიტუაციების სახით.

თქვენ დაიბადეთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოთ  და მე მჯერა თქვენი წარმატების!

| გააზიარე
მოგწონთ?