არ არსებობს გარანტიები - უბრალოდ სცადეთ!


ალბათ ხშირად გსმენიათ მეგობრებისგან, ან თავადაც გითქვამთ მსგავსი ფრაზები: „წლების წინ ჩემი მომავალი სხვაგვარად წარმომედგინა“, ,,არაფერი გამომდის“ და ა.შ. დაფიქრდით, რამდენჯერ მიუღწევია სხვას იმისთვის, რისი მიღწევაც თავად გსურდათ, მაგრამ წარუმატებლობის შიშით არც წამოგიწყიათ? შესაძლოა, წამოიწყეთ კიდეც, თუმცა პირველივე ბარიერზე უკან დაიხიეთ. საბოლოო ჯამში, სხვისი მიღწევების ფონზე საკუთარი მარცხის ატანა რთულია. განსაკუთრებით კი სამყაროში, სადაც ყოველდღიური ბრძოლა მიმდინარეობს საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად.

საინტერესოა, საიდან მოდის ეს უკმარისობის, საკუთარი ,,მე“-ს დაჩაგვრის სურვილი. შეიძლება ბავშვობიდან ან შეიძლება უბრალოდ გაიზარდეთ და ცხოვრებასაც თავი პროტესტის გარეშე დაუხარეთ. არასდროს მოგითხოვიათ იმაზე მეტი, ვიდრე ის გაძლევდათ. ასე მარტივად, იმედგაცრუებამ შეამცირა რწმენა საკუთარი თავის მიმართ, რამაც უკმაყოფილება წარმოშო. გახდით ის, ვინც ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ გინდოდათ ყოფილიყავით, დაიძაბა ურთიერთობები, გარემო ერთფეროვანი გახდა, ყოველდღიურობა უინტერესო. ეს უნდა დასრულდეს! სამყარო არ შეიცვლება მანამ, სანამ თავად არ შეიცვლით წარმოდგენას მასზე.

●იმისათვის, რომ საკუთარ თავს გაუგოთ, კარგი იქნება თუ დააკვირდებით მას ყოველდღიურად და ამისთვის თუნდაც ნახევარ საათს გამოყოფთ დღეში.

●დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: ვინ ვარ მე ახლა და ვინ მინდა ვიყო მომავალში? რა არის ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები? რას მოაქვს დადებითი ემოციები ჩემთვის? ისინი დაგეხმარებათ, გარკვეული წარმოდგენა შეიქმნათ იმაზე, რაც გსურთ.

●გახსოვდეთ! თქვენ ხართ უნიკალური ადამიანი და შეგიძლიათ ცხოვრება ნელ-ნელა ააწყოთ. არ არსებობს წარმატებული ადამიანი წარუმატებლობის გარეშე, მთავარია არ დანებდეთ. აკეთეთ ის, რაც მიზნამდე მიგიყვანთ, დაივიწყეთ სიზარმაცე. მიიღეთ შეცდომები, როგორც საჩუქარი, ისწავლეთ მათზე. გარდა ამისა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რაღაცის გაკეთებას ცდილობთ.

●იწამეთ თქვენი თავის და ფიქრის ძალის. რასაც თქვენ ფიქრობთ განხორციელდება. შექმენით რამდენიმე წუთიანი სურათი გონებაში, თუ როგორი გინდათ იყოთ მომავალში. ეს სურათი ყოველდღიურად ატრიალეთ გონებაში, რათა ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ეს ერთბაშად არ მოხდება, ამიტომ ნუ მოდუნდებით.

●მიიღეთ საკუთარი თავი ღირსებებითა და ნაკლით. ყველა წარმატებაზე თავი დააჯილდოვეთ.

●ყოველთვის გამოხატეთ თქვენი აზრები, გრძნობები და ემოციები. უარყოფითი ენერგია ანადგურებს ჯანმრთელობას, ამცირებს თვითშეფასებას.

●თუ არჩევანის წინაშე აღმოჩნდით და იძულებული ხართ, რამდენიმე ვარიანტს შორის ერთ-ერთი აირჩიოთ, წარმოიდგინეთ, რომ არჩევანი უკვე გააკეთეთ. თუკი თქვენ კმაყოფილებას იგრძნობთ ე.ი. გადაწყვეტილება სწორია.

●ნუ მოუსმენთ ხალხს, მთავარია თქვენ რა გსურთ.

●დაადგინეთ, რა უნდა გააკეთოთ დღის განმავლობაში. დაისახეთ მოკლევადიანი მიზნები, როცა მათ მიაღწევთ შეგიძლიათ დაისახოთ საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზნებიც. იმოქმედეთ და აღარ მოგიწევთ საკუთარი თავის დადანაშაულება დამსხვრეული ოცნებების გამო. როცა თავისადმი რწმენას დაიბრუნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ნუ ეძებთ რაიმე გარანტიას.

უბრალოდ სცადეთ!

| გააზიარე
მოგწონთ?