11 სოფლის იმედი - ექიმობის 32 წელი


ჩვენი დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი ქალბატონი - ეთერ შუკაკიძე გახლავთ, რომელიც პროფესიით ექიმია. უკვე 32 წელია ემსახურება საყვარელ პროფესიას და ბედნიერია, რომ აკეთებს საქმეს, რომელიც უყვარს. 

მისთვის ყოველი დღე პაციენტებზე ზრუნვით იწყება.ცდილობს ყურადღება არ მოაკლოს თითოეულ მათგანს და სიყვარულით ემსახუროს თავის პროფესიას.

ექიმის  პროფესია საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, გვიამბეთ რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიხდათ სასურველი მიზნისთვის, რომ  მიგეღწიათ და  როგორია  თქვენი  განვლილი გზა წარმატებამდე:
გეთანხმებით, ექიმის პროფესია რთული და  მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, მის მომავალს. არ გვაქვს მცირედი შეცდომის დაშვების უფლებაც კი. მე მიხდებოდა მუშაობა საკმაოდ რთულ პირობებში. ძალიან ძნელია მოემსახურო 11 სოფელს წვიმასა და თოვლში, როცა გზები დაკეტილია დიდთოვლობის გამო და მაინც შენი მოვალეობა და სინდისის კარნახით მოვალე ხარ მიხვიდე პაციენტამდე და დახმარება აღმოუჩინო მას.

რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომლებიც ოცნებობენ ჰქონდეთ სასურველი პროფესია, თუმცა გარშემომყოფების აზრის გათვალისწინებით, ფიქრობენ, უმჯობესია იმ პროფესიას დაეუფლონ, რომელიც გაცილებით შემოსავლიანია ამ ეტაპისთვის?
მე ვთვლი, იმისათვის რომ გახდეთ კარგი სპეციალისტი, უნდა აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს და გიტაცებს. საქმე, რომელიც არ გიყვარს კარგად შესრულებული ვერ იქნება. შესაბამისად მოვუწოდებ ახალგაზრდებს, ნუ აყვებიან სხვის მითითებებს და დაეუფლონ იმ პროფესიას, რომელიც არის მათთვის სასურველი.

რა არის თქვენი ცხოვრების მოტივაციის მთავარი წყარო?
ჩემი ცხოვრების მოტივაციის მთავარი წყარო გამოჯამრთელებული პაციენტების მადლიერი და სითბო ჩამდგარი თვალებია.

რას ურჩევთ მომავალ ექიმებს და იმ ადამიანებს, რომლებთაც სურთ მიაღწიონ წარმატებას თავის საქმიანობაში?
მომავალო ექიმებო მოგმართავთ თხოვნით -  გიყვარდეთ თქვენი ესოდენ ჰუმანური და საპასუხისმგებლო პროფესია. კარგად დაეუფლეთ თეორიულ ცოდნას, რომელსაც აუცილებლად ჭირდება გამყარება პრაქტიკით. დაიმახსოვრეთ, რომ ყოველი გადარჩენილი პაციენტის უკან მისი ახლობლები, ნათესავები და მეგობრები დგანან, რომელთათვისაც თქვენ უფლის ადამიანი ხართ.



დადუნა ნადარაია
 

| გააზიარე
მოგწონთ?