სამსახურს + გართობა, ანუ როგორ დავისვენოთ შვებულებამდე


ზაფხულის პერიოდში, თითქოს კლებულობს შრომისუნარიანობა, ფიქრები მიმართულია დასვენებაზე, ზღვაზე, მთაზე და ჩნდება ათასი სურვილი, მაგრამ არის სიტუაცია, როცა ვერ ახერხებ და სამსახური არ გაძლევს საშუალებას გახვიდე ქალაქგარეთ, ან ქვეყნის გარეთ ხანგრძლივად მაშინ, როცა მეგობართა უმრავლესობა წასულია კურორტებზე. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

 

1.ისარგებლე უქმეებით და ორი დღით მოახერხე ახლო მანძილზე გასვლა, წაიღე კარავი და მოაწყვე ბუნებაში პიკნიკი, ოღონდ ნუ წაიღებ მზა საკვებს, შენი ხელით დაანთე კოცონი, შეწვი მწვადი, (ეს უფრო დასამახსოვრებელია) ეს საკმარისია რომ „გადატვირთო“ გონება და ძალები აღიდგინო.

2.შეიძინე ახალი ინტერესი და მიიღე სიამოვნება, მაგალითად, ცადე და ისწავლე თევზაობა, ერთი ორი მსურველიც გამოჩნდება, ვინაიდან მდინარეები უხვად გვაქვს, აღიჭურვე საჭირო ატრიბუტიკით, შეიმოსე შესაფერისად და წადი თევზის დასაჭერად, იქვე გამოცდილ მეთევზესაც წააწყდები, რომელიც დამერწმუნე სიხარულით დაგაკვალიანებს. პირველი „ნადავლის“ მოპოვებისას ადრენალინის მოზღვავებას იგრძნობ, თან ვახშამიც მოპოვებულია.

3.ცადე ზამთრის მარაგზე ზრუნვა. მაგალითად თუ გყავს ბავშვები, ოჯახში, გიყვართ ჩაი, კენკრა და ა .შ. აიყოლიე ოჯახის წევრები, გადით ბუნებაში, შეაგროვეთ კენკრა, ასკილი, გვირილა, მონაწილეობა მიაღებინე შვილებსაც და ამას ძალიან ტკბილად გაიხსენებთ, ბევრსაც იხალისებთ.

4.თუ წყალი გიყვარს, მოინახულეთ აკვა პარკები, კუს ტბა, ლისის ტბა, თბილისის ზღვა, აუზები და სურვილს სრულად თუ არა ნაწილობრივ დაიკმაყოფილებ მანამ, სანამ დაიმსახურებ შვებულებას. 

5.სულიერი დანაკლისი რომ არ გქონდეს მოიძიე ინტერნეტში სპექტაკლები, ღონისძიებები, ფესტივალები, ივენთები მათთვის გათვლილი, ვინც „ქალაქს შემორჩა“ და ესტუმრე.

6.წარმოიდგინე, რომ ტურისტად ხარ ჩამოსული შენს ქალაქში და ეცადე უცხო თვალით დააკვირდე ყველაფერს, გადაიღე ფოტოები „როგორც ტურისტმა“ გაოცდები იმდენ სიახლეს აღმოაჩენ იქ, სადაც ყოველდღე დააბიჯებ.

 

და ბოლოს, მოუხმე ფანტაზიას და ნუ იქნები პესიმისტი, ჩართე წარმოსახვის უნარი, უსმინე საკუთარ თავს, რა გსურს ამ წუთს და რაზე მიგიწვდება ხელი შენი მოქმედების არეალში, მერწმუნე დაუვიწყარ დროს გაატარებ იქ, სადაც გეჩვენება, რომ „ზაფხულში ყველაფერი ცარიელია“ და არაფერი ხდება.

გისურვებთ ნაყოფიერ შრომას, სასიამოვნო გართობის პარალელურად...

| გააზიარე
მოგწონთ?