რისკი, რომელმაც ჰობი საქმედ აქცია


როგორ იქცა ჰობი საქმედ, რამ მისცა მოტივაცია და როგორ მოიპოვა თავის წილი წარმატება, ამის შესახებ, მკერავ-დიზაინერი თიკო ორბელაძე გვესაუბრა. 
რომელ პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
ბავშვობაში  მსურდა ექიმი, ან პედაგოგი გავმხდარიყავი. თუმცა, ჩემი პროფესიული მოღვაწეობა, სულ სხვა კურსით წავიდა, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ.

როგორ დაიწყეთ მკერავ-დიზაინერის კარიერა?
კარიერა ჩემი ბავშვობის ჰობიდან დაიწყო. პატარაობიდანვე მომწონდა სამოსის შექმნა, გადაკეთება და ჩემ ფანტაზიაზე მორგება. ასევე, წარჩინებული ვიყავი ხაზვაში და  კარგად ვხატავდი, ამ უნარების კომბინაციამ კი ჩემ კარიერას ჩაუყარა საფუძველი. მახსოვს, ბავშვობაში დედას როგორ დავუჭერი აბრეშუმის მატერიები და მისგან სამოსი შევკერე. თქვენ წარმოიდგინეთ, საკერავი მანქანაც კი არ მქონდა და ამ ყველაფერს ხელით ვქმნიდი. ჯერ ჩემთვის, შემდეგ ახლობლებისთვის და საბოლოოთ მივხვდი,რომ ეს არის ჩემი საქმე, რადგან კარგად  გამომდის და სიამოვნებასაც მანიჭებს მუშაობის პროცესი.

რა იყო ყველაზე რთული კარიერის დასაწყისში და როგორ დაძლიეთ?
მომიწია დროებით სამუშაოებზე მუშაობამ, ასევე სხვის სამკერვალო სალონში ვმუშაობდი, რა თქმა უნდა სხვისთვის. ეს კი რთულია, როცა იცი რომ უფრო მეტი შეგიძლია და ისიც შეგიძლია შენი თავის და საქმის პატრონი თავად იყო. ერთხელაც გავბედე და რადიკალურად შევცვალე ყველაფერი, რეგიონიდან თბილისში გადმოვედი, ჩემ სამ სტუდენტ შვილთან ერთად, გავხსენი საკუთარი სამკერვალო სალონი „თიკო“. არავინ დამხმარებია, ერთი გაკვეთილიც კი არ ჩაუტარებია არავის. შეიძლება ითქვას, ძილშიც კი ვფიქრობ და აღებული შეკვეთის მონახაზს ვაკეთებ გონებაში. კოლეგებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნეს, უკვირთ, 4 წელში როგორ ავაწყე ჩემი ბიზნესი.
თავდაუზოგავი შრომით, უსაზღვრო ენერგიის ხარჯვით ბევრი დამკვეთი მოვიზიდე და მაქსიმალურს ვაკეთებ, რომ ყველა კმაყოფილი იყოს, ასეც არის.  მარტომ შევძელი და მოვედი დღემდე, მაგრამ ამ წერტილზე გაჩერებას არ ვაპირებ,რადგან ვიცი რა შემიძლია.

რა არის თქვენი პროფესიული მოტივაცია?
ჩემი მოტივაცია არის დიდი გეგმის განხორციელება, რომელიც ჩაფიქრებული მაქვს. გნებავთ მიზანი ვუწოდოთ, რასაც ბოლომდე მივიყვან, რაც მომცემს უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ბოლომდე გამოვავლინო ჩემი უნარი, ნიჭი და შემოქმედებითი ფანტაზია განვახორციელო. მოტივაციას მაძლევს, ასევე რისკის სიყვარულიც. რისკი ის მამოძრავებელი ძალაა, რამაც დღემდე მომიყვანა, პროფესიული კუთხით და ბევრჯერ მომიტანა წარმატება.

რას ურჩევდით ადამიანს, რომელიც აპირებს თვითშემოქმედება საქმედ აქციოს?
იყავით მიზანდასახულები, სხვაზე მეტად თავად იცით რა შეგიძლიათ და რაში უნდა დაიხარჯოთ.

თქვენი ტოპ 5 რჩევა დამწყებ დიზაინერებს:

  • აუცილებელია, იყოთ საქმის პროფესიონალი;
  • უნდა გიყვარდეთ  ის, რასაც აკეთებთ ეს ურთულეს საქმესაც კი გაგიადვილებს;
  • იყავით მიზანდასახული;
  • დამკვეთთან იყავით კომუნიკაბელური, მოდელი შეურჩიეთ სწორად და შექმენით ხარისხიანად.
  • რაც მთავარია, გაეცით პოზიტივი, რადგან უგულო და ზედაპირული მიდგომა საქმეს გააფუჭებს.


 

| გააზიარე
მოგწონთ?