მესის ოცნების ძალა და მოტივატორი ბებო!


დაახლოებით ექვსი თვის წინ ამ პატარა ბიჭუნას არავინ იცნობდა, მისი ფავორიტი არგეტინელი ფეხბურთელის საპატივცემულოდ, სევდანარევი სიყვარულით დაატარებდა პოლიეთილენის პარკისგან შეკრულ მაისურს დამტვერილ გზაზე. ხუთი წლის მურთაზა აჰმადს და მის საყვარელ ძმას  არანაირი მარკეტინგული და პიარ გათვლა არ ჰქონიათ, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ფაქტს. 

სასწაულები ხდება და მსოფლიომ გაიცნო ეს პატარა ავღანელი ბიჭი, როდესაც მან მიიღო პირადი ავტოგრაფი და მაისური ნომრით - 10. იქნებ პატარას ცხოვრებაც ისევე შეიცვალოს ამ ჯადოსნური ოცნების ახდენით, როგორც ლიონელ მესის ცხოვრება შეცვალა მისი ბებოს სიტყვებმა, ყურში რომ ხშირად  ჩასჩურჩულებდა ,,შენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი დადგები“, მაშინ როდესაც, პატარა მესი თავის ასაკთან შედარებით ყველას გაცილებით პატარა ეგონა, სკოლაში კი ლოკოკინას როლი არგეს მასწავლებლებმა.
 


როგორ უნდა ეფიქრა თუ დღეს მისი თანაგუნდელები, მეგობრები და მსოფლიო იტყოდა სიტყვებს: ,,ის გენიოსია“, „სასწაულებს აკეთებს, მეორე მარადონაა, ფეხბურთელი, რომელიც გვაიძულებს, რომ ვიოცნებოთ“.  გულის სიღრმეში მას ყოველთვის სწამდა საკუთარი თავის! ის ოცნებას არასდროს წყვეტდა!

ლიონელ მესი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, მიზანდასახულობის და ოცნებების განხორციელებისთვის ბრძოლის, გამარჯვების მანიით დაავადებული ადამიანის. სწორედ ამ შემართებამ მოიყვანა ის დღევანდელ დღემდე. დღეს, ფიფას ოქროს ბურთის სარეკორდო რაოდენობის მფლობელი ბიჭი, წლების წინ, ქაღალდის ბურთით რომ დარბოდა მშობლიურ არგეტინაში და საკუთარი ხელით იკეთებდა ინექციებს სიმაღლეში რომ გაზრდილიყო, ტკივილის მიუხედავად, არ უფიქრია უკან დახევა! სად იყვნენ ამ დროს მშობლები? მის გვერდით იდგნენ! სწორედ მაშინაც, როდესაც ექიმმა უიმედო გამომეტყველებით დაუსვა თვალცრემლიან ბიჭს დიაგნოზი - სიმაღლეში ზრდის ჰორმონების დეფიციტი.  მას შემდეგ იყო ბარსელონა და ერთ გუნდად გაერთიანებული ლეოს ოჯახი.  მისთვის ვეღარავინ ბედავდა, ესაუბრათ პრობლემებზე. როდესაც მწვრთნელები მას მოედანზე ხედავდნენ, გაოცებას ვერ მალავდნენ -,,ამ ბიჭს რენტგენი რომ გადაუღო, ფეხზე მიწებებულ მრგვალ სფეროს აღმოაჩენთ“ - ამბობდა კარლოს ბილარდო.

დღეს ყველა კარგად იცნობს ლიონელ მესის წარმატების ისტორიას, ჩვენ უბრალოდ გვინდა, დაგაფიქროთ ბავშვის ფსიქოლოგიაზე, თუ რაოდენ დიდი გავლენას ახდენს უახლოესი გარემოცვა, ახლობლების თანადგომა და სიყვარული, რამხელა გენიამ შეიძლება გაიღვიძოს პატარების თავში, როდესაც თავიანთ სურვილს, თავისივე არჩეულ გზას მიჰყვებიან და არავინ ეუბნება - შენ ეს არ შეგიძლია! იყავით მოტივატორი ახალგაზრდა თაობისთვის, იყავით ლეოს ბებო!

2009-2010 წლის სეზონში ლიონელ მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა მწვანე ხასხასა მინდორზე, ყველა გატანილ გოლზე ხელებს მაღლა, ცისკენ წევდა და ბებოს მადლობას უხდიდა სიტყვებისთვის ,,-შენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იქნები!“

თეა კუჭავა

| გააზიარე
მოგწონთ?