ჯანსაღი მიდგომები ბავშვის აღსაზრდელად, რაც მის თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს


ბავშვის აღზრდა რომ ძალიან დელიკატური საკითხია, ამაზე ერთპიროვნულად ვთანხმდებით, მაგრამ ამის რეცეპტი და ფორმულა არ არსებობს. ალტერნატივაა გამოცდილება, დაკვირვება, ჯანსაღი მიდგომა აღზრდის დროს.

არის საკითხები, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა და ინსტინქტურად ვიმეორებთ აღზრდისას, მაგრამ ხანდახან მოკლებულია ჭეშმარიტ მიდგომას, ან შეიძლება ითქვას მოძველებულია და აღარ ერგება დღევანდელობას.

მაგალითად, სტერეოტიპული გავლენის წყალობით, ბავშვს ვუკრძალავთ თავისუფლად მოქცევის საშუალებას და არგუმენტად მოგვყავს „სირცხვილია“ ან „ხალხში ასე მოქცევა არ შეიძლება“ თუმცა, ბავშვი ვერ იგებს რატომ არ შეიძლება და ხშირად არც უხსნიან ამას.

ამიტომაც მშობელმა, თუ აღმზრდელმა, ინდივიდუალურად უნდა შეიმუშაოს ბავშვთან მიდგომის ხერხი. კარგია გამოცდილება, კარგია სპეციალისტების მიერ აპრობირებული მეთოდის გათვალისწინება, თუმცა ინდივიდუალური მიდგომებიც აუცილებელია.

გთავაზობთ ბავშვთან მიდგომის 5 გზას:

 

1.საფუძვლიანად შეისწავლეთ ბავშვის ხასიათი, გაითვალისწინეთ თავისებურებები, აქტივობის დონე, გონებრივი რესურსი, ბუნება და აღქმის უნარი.

2.გაითვალისწინეთ მისი ემოცია, ამის მიხედვით მიეცით მითითება, შენიშვნა. შეაქეთ ან გამოხატეთ სითბო. არიან ბავშვები, რომლებსაც არ მოსწონთ, როდესაც საჯაროდ აქებენ მშობლები, ან ეფერებიან, ამიტომ გაითვალისწინეთ მათი დამოკიდებულება და ნუ ჩააგდებთ უხერხულ მდგომარეობაში.

3.ნუ დაუთრგუნავთ ჭეშმარიტ ბუნებას, ნუ მოახვევთ თავს გავრცელებულ სტერეოტიპს, რომელიც მოძველებული ან აზრს მოკლებულია. ჯერ თავად გააანალიზეთ ამა თუ იმ შეზღუდვით ბავშვს მეტი სიკეთე ექნება, თუ არა და ამის მიხედვით იმოქმედეთ.

4.აუხსენით მისთვის გასაგებ ენაზე, თუ რატომ არ შეიძლება, ან რატომ უნდა გააკეთოს ესა თუ ის ქმედება, მიეცით გონივრული დრო გააანალიზოს, რასაც აუხსნით. ნუ მოითხოვთ მყისიერ შესრულებას.

5.შეარჩიეთ მიმართვის ფორმა და ტონი, აუცილებლად დაურთეთ „გთხოვ“ ან „თუ შეიძლება“... მაშინ, როცა რაიმეს შესრულებას სთხოვთ. აკრძალვის დროსაც იყავით დელიკატური, გაითვალისწინეთ მოსალოდნელი რეაქცია ბავშვის მხრიდან და ამის მიხედვით სთხოვეთ არ მოიქცეს ასე, რადგან... და მოაყოლეთ მყარი არგუმენტი.

თუ გსურთ მომავალში თქვენი შვილის სახით იხილოთ გამჭრიახი, პასუხისმგებლობის მქონე, ლაღი, თავისუფალი და ბუნებრივი ადამიანი, მაშინ მიეცით საშუალება გულწრფელად გამოხატოს ემოცია, ქმედება და საქციელი, თუ ეს მას არ უქმნის საფრთხეს და არ ვნებს. ნუ აუკრძალავთ თუნდაც ტირილს უსუსური არგუმენტით რომ „ხალხია და სირცხვილია“, ნუ „ჩაკეტავთ“ ბავშვსა და საზოგადოებასთან დამაკავშირებელ კარს სტერეოტიპებით. მიეცით ნება ისწავლოს თუ როგორია სინამდვილეში თავისუფლება.

| გააზიარე
მოგწონთ?