როგორ აღმოვაჩინოთ სრულიად ახალი სამყარო?


ყოველდღიურად შენ აკეთებ ცნობიერ ან არაცნობიერ არჩევანს: იქნება ეს დღე ისეთივე, როგორიც იყო გუშინდელი, თუ ერთი ნაბიჯით წინ წახვალ შენი მიზნებისაკენ. უამრავი ადამიანი ამჯობინებს კომფორტის ზონაში უსაფრთხოდ და „გარანტიებით“ ცხოვრებას, ნაცვლად იმისა, რომ გააკეთონ არჩევანი საკუთარი ოცნებებისა და მიზნების სასარგებლოდ.

საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც დააღწიეს თავი ამ წრეს და დღეს უამრავ ადამიანს შთააგონებენ და ამოტივირებენ. ისინი ქმნიან საკუთარ თავს და წერენ ისტორიას.

და მაინც, რატომ უნდა დატოვო კომფორტის ზონა და რას კარგავ, როდესაც გაურკვეველ სიტუაციას სტაბილურობასა და უსაფრთხოდ ყოფნას ამჯობინებ?

 

შესაძლებლობები

შენ წინაშე უამრავი შესაძლებლობა იშლება, უბრალოდ ისწავლე მათი შემჩნევა. ნუ იქნები საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი, ცხოვრება ხომ ასეთი მრავალფეროვანი და მშვენიერია. როგორც კი მიმართავ ფოკუსს შესაძლებლობების აღმოჩენაზე ყველანაირ სიტუაციაში, პრობლემები და ეს მომაბეზრებელი რუტინაც, სადღაც გაქრება.

 

შიშებისგან გათავისუფლება

მთავარი წინაღობა, რის გამოც ადამიანებს კომფორტის ზონის დატოვება არ სურთ, ეს შიშია, კერძოდ, დამარცხების შიში. უნდა გახსოვდეს, რომ „უმოქმედობა ბადებს ეჭვსა და შიშს. მოქმედება ბადებს თვითრწმენასა და გამბედაობას. თუ გსურს, დაამარცხო შიში, ნუ დაჯდები სახლში და იფიქრებ. გადი გარეთ და აკეთე საქმე“. არც ერთი ადამიანი არ გამხდარა ჯერ წარმატებული საკუთარ კომფორტის ზონაში დარჩენით. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მარცხი გარდაუვალია, მათი წყალობით მიიღებ ფასდაუდებელ გამოცდილებას, რაც მიზანს მიგაღწევინებს. მიიღე მარცხი, როგორც საუკეთესო მასწავლებელი და არა, როგორც დემოტივატორი.

 

მიზნების მიღწევით განცდილი გრძნობა

არაფერია იმაზე მაგარი, როდესაც ხედავ დაუღალავი შრომისა და დაძლეული სირთულეების შედეგს. მაშინვე ხვდები, რომ გაღებული მსხვერპლი ამად ღირდა და უფრო მოტივირებული ხდები უფრო დიდი მიზნისთვის. შენში ღვივდება საკუთარი თავის რწმენა და მადლიერების გრძნობა სამყაროსადმი.

 

სიახლეები ცხოვრებაში

რა ხდის ცხოვრებას საინტერესოს? მრავალფეროვნება. გქონდეს მრავალფეროვანი ცხოვრება ეს არჩევანია. შეგიძლია დაკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს, ან პირიქით, იმოქმედო და შეიტანო სიახლე საკუთარ ცხოვრებაში. ეს ხომ ძალიან მარტივია, შეგიძლია დაიწყო ახალი ენის შესწავლა, ყოველთვე მოინახულო ახალ-ახალი ადგილები, დაკავდე სპორტის რომელიმე სახეობით, გაიცნო ადამიანები და გააკეთო სხვა უამრავი რამ, რაც შთაგაგონებს და გაბედნიერებს. „ნუ შეგეშინდება, შეწყვიტო კარგი და დაიწყო დიდებული“.

 

განსხვავებული ხედვა

როცა ტოვებ უსაფრთხო ზონას, სწავლობ მოვლენების სხვა კუთხიდან შეხედვას, იცვლი ფასეულობებს. რეალობას უკეთ აღიქვამ, რადგან შეგიძლია პრობლემას მასშტაბურად შეხედო და უკვე შორს დგახარ ილუზიებისგან. „კომფორტის ზონიდან დაღწევა ძნელია დასაწყისში, ქაოსურია შუაში და აღმაფრთოვანებელია ბოლოში, რადგანაც მის ბოლოს აღმოაჩენ სრულიად ახალ სამყაროს“.

 

| გააზიარე
მოგწონთ?