პოზიტივი და მოტივაცია მომავალ დედიკოებს


ალბათ, ყველას  მეტნაკლებად  მაინც  გსმენიათ  ორსულობის  შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანი  ჰორმონალური თუ  ფიზიოლოგიური  ცვლილებები  მიმდინარეობს  ქალის  ორგანიზმში. რა თქმა უნდა,  ამ თემის  სამედიცინო  კუთხით  განხილვას  არ ვაპირებ,  თუმცა  ბევრი  იმასაც  ამბობს, რომ ორსულობა  ავადმყოფობაა. 

„მომავალმა  დედამ  9 თვის  განმავლობაში  უნდა დაივიწყოს  ცხოვრების  აქტიური  სტილი, გართობა, სწავლა-განათლება, მოკლედ  ყველაფერი ის, რასაც  მანამდე აკეთებდა  ან  არ აკეთებდა და სხვა ცხოვრებით იცხოვროს“- ასე, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფიქრობს.

რა თქმა უნდა, სიმშვიდე, დასვენება  და  ჰარმონიულ  გარემოში  ყოფნა ორსულისთვის  უმნიშვნელოვანესია, თუმცა, რატომაც არა, მოდით,  დავამსხვრიოთ  სტერეოტიპები, ვიაზროვნოთ  პოზიტიურად, გამოვიყენოთ  ეს პერიოდი   შინაარსიანად, ეფექტურად  და  რაციონალურად, შევუქმნათ ჩვენს  პატარებს  მუცლადყოფნის  პერიოდშივე ჯანსაღი  გარემო  და  აქედანვე  მოვამზადოთ ისინი ინტელექტუალური  მომავლისთვის.

იმაზე  ხომ  უკვე აღარცერთი ექიმი, ფსიქოლოგი  თუ მეცნიერი აღარ  დაობს, რომ ფეხმძიმობის  პერიოდში დედის  ცხოვრების  სტილი განსაზღვრავს  მომავალი  პატარას  ხასიათის თავისებურებებს, გონებრივი, ფიზიკური  თუ  ინტელექტუალური  განვითარების დონეს და  გარეგნობასაც  კი.

რთულია  საკუთარ  თავზე  საუბარი, თუმცა  რამდენიმე  მაგალითს პირადი   გამოცდილებიდან მოგიყვებით. 2013 წელს დავქორწინდი, თან თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტი ვიყავი. ამ ყველაფერს  მოჰყვა მოულოდნელი  სიხარული, მალე  დედა  გავხდებოდი... მიუხედავად  ჯანმრთელობის  პრობლემისა,  სწავლა  არ  შემიწყვეტია, ჩემს მუცლადმყოფ პატარასთან ერთად  დავდიოდი  უნივერსიტეტში, წარმატებითაც დავამთავრე  და  უკვე ნიტასთან ერთად  ავიღე  დიპლომი. მას  შემდეგ 2 წელზე  მეტი  გავიდა.

მიუხედავად  იმისა, რომ  გადავწყვიტე  კარიერულ  თუ  შემოქმედებით  ცხოვრებაში  ტაიმ-აუტი  ამეღო  და  ეს  დრო  ჩემი  შვილისთვის  დამეთმო,  თვითგანვითარება  და  დასახული  მიზნებისკენ  სწრაფვა  არასდროს  შემიწყვეტია. ფიქრისთვის, ოცნებისთვის  და  ამ ოცნებებისკენ  სავალ  გზებზე  მოქმედების  სვლების  დაგეგმვისთვის  ყოველთვის  ვიტოვებდი  დროს. ყოველდღიურად  ვცდილობდი  უფრო მეტი მესწავლა, გამეგო  და ვყოფილიყავი იმაზე უკეთესი, მცოდნოდა  იმაზე  მეტი  ვიდრე  წინა  დღეს. მე ხომ  უდიდესი  მოტივაცია მქონდა  და  მყავდა: მხარდაჭერა  საყვარელი ადამიანისგან  და  ჩემი  პატარა  პრინცესა, რომელიც  ნამდვილად  იმსახურებს  წარმატებული და საუკეთესო დედიკო  ყავდეს!

ყველაფერი აქ არ დამთავრებულა, ჩემს  ცხოვრებაში ახალი  გამოწვევები და  შესაძლებლობები  გაჩნდა. ფიქრობ,  ეს  სწორედ  იმის  შედეგი იყო, რომ  მე  არასდროს  შემიწყვეტია  მცდელობა  უკეთესი  მომავლის  შესაქმნელად. ერთ-ერთ  კომპანიაში  გასაუბრება  წარმატებით  გავიარე  და  მუშაობა  დავიწყე. შემდეგ იყო  სხვა, ახალი  სამუშაო  გარემო, ახალი  გეგმები  და  გადაწყვეტილება  სწავლა  მაგისტრატურაზე  გამეგრძელებინა.

დავიწყე  კიდეც  ამ მიზნისაკენ  ნაბიჯების  გადადგმა  და  აი  სიურპრიზიც  ცხოვრება, ხომ  მსგავს გამოცდებს  და  სიურპრიზებს  ხშირად  გვიწყობს. სამსახურთან და სწავლასთან ერთად მეორე  პატარას  მოლოდინი  აქტიურად  შემოვიდა  ჩემ  ცხოვრებაში  და  მეც  ვიპოვე  ძალა  და  რესურსი  საკუთარ  თავში, რომ გეგმები არ  შემცვლოდა  და წინსვლა გამეგრძელებინა, გასამმაგებული გაორმაგებული  პასუხისმგებლობით.  ოქტომბერში  მეორე  პრინცესა  მოევლინება სამყაროს, მე კი მეტად  პროდუქტიული  ზაფხული  მქონდა. სრულიად  მოულოდნელად  რამდენიმე  რთული  ეტაპის  გადალახვის  შემდეგ  დავით  კენჭაძის  გუნდის  წევრი  გავხდი, პერიოდულად სტატიებს  ვაქვეყნებ ჟურნალ  „მოტივაციაში“, ჩავაბარე  საერთო  სამაგისტრო  გამოცდა  და  ილიას  უნივერსიტეტის  „საჯარო  პოლიტიკის  ადმინისტრირების“  მაგისტრატურის  სტუდენტი  გავხდი, ავიღე  მართვის  მოწმობა და სექტემბრიდან ვაგრძელებ  აქტიურ  ცხოვრებას.

ამ ყველაფერს  კი  საფუძვლად  ძლიერი  სურვილი, დაუღალავი  შრომა,  ნათელი  მიზანი  და  უბრალოდ  იმის  გაცნობიერება  უდევს, რომ  ცვლილება  საკუთარი  თავიდან  უნდა  დაიწყო. თუ  გსურს  იცხოვრო   უკეთესად გადადგი  ქმედითი  ნაბიჯები  ახლა  და აქ, სადაც  ხარ.

გამოიყენე  ყველა  შესაძლებლობა  და რესურსი, რათა  შეცვალო არასასურველი  რეალობა. ნუ შეგეშინდება  სიახლეების, სტერეოტიპების  მსხვრევის, განსხვავებულობის, კრიტიკის. ნებისმიერ  ფასად  იარე  წინ თუნდაც  ჭიანჭველას ნაბიჯებით, არასდროს  შეწყვიტო  თვით განვითარება, საკუთარ  თავზე  მუშაობა  და  რაც  მთავარია, გჯეროდეს საკუთარი  თავის  და  შესაძლებლობების. თითოეული  ჩვენგანი  ხომ  უდიდეს  პოტენციალს  ფლობს. და  ბოლოს, გახსოვდეთ არ არსებობს  საქმე,  რომელიც  დიდი შრომისა  და მონდომების შემდეგ არ დაფასდება!

 

| გააზიარე
მოგწონთ?