პატარა გოგონას ახდენილი ფერადი ოცნებები - სერენა უილიამსი


ადამიანი, რომელსაც გულშემატკივარი არასდროს მოაკლდება, შვილი, მეგობარი, ლიდერი, მოტივატორი და ბევრი საუბრის გარეშე, უბრალოდ, სერენა უილიამსი. 

ამ ვარსკვლავის სახელი ყველაფრის მთქმელი და ყოვლისშემძლეა. ეს ის სპორტსმენია, რომელმაც მიზანი 5 წლის ასაკიდან დაისახა და შრომისმოყვარეობის, მონდომებისა და ნებისყოფის ხარჯზე ბავშვობის ოცნება აიხდინა. სერენა გულახდილი ინტერვიუბით ნამდვილად გამოირჩევა და საკუთარი ემოციების გამოხატვას არასდროს ერიდება. „მე არ ვარ რობოტი, მაქვს გული და ყველაფერს განვიცდი. არ ვტირი, რადგან ეს ჩემთვის ცოტა რთულია. მთელი ცხოვრება გამარჯვებისთვის ვიბრძვი და ყოველთვის ვცდილობ ღიმილის შენარჩუნებას, ეს წარმატების მიღწევაში კიდევ უფრო მეხმარება“. 

სერენა ჯამეკა უილიამსი 34 წლის, პროფესიონალი ამერიკელი ჩოგბურთელი, ქალთა ერთეულთა თანრიგის რეიტინგის პირველი ნომერია. სტილი, სიძლიერე, გამბედაობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლითაც სერენას ხშირად ახასიათებენ და სპორტსმენებში ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩევა. მსგავსი წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, რადგან უილიამსი ახერხებს ჩოგბურთში, ფილმში, მოდაში, ტელევიზიასა და ქველმოქმედებაში ერთდროულად ბრწყინავდეს. ბევრი წინააღმდეგობის და დაბრკოლების გადალახვა მოუწია, თუმცა, არასდროს ფიქრობდა, რომ ცხოვრებაში გამარჯვება მარტივი იქნებოდა.

საკუთარი თავის რეალიზების გარდა, ყოველთვის ცდილობს სხვებს დაეხმაროს და ახალგაზრდა ადამიანების წარმატებაში მცირე წვლილი მაინც შეიტანოს. სერენას აქვს ფონდი, რომელიც განათლებაზე და საზოგადოების ძალადობისგან დაცვაზეა ორიენტირებული. ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები ძალიან ბევრ საკითხზე მუშაობენ, რაც ჩატარებული ღონისძიებებით თუ წარმატებული პროექტებითაც დასტურდება. მას თავისუფლად შეგვიძლია გლობალური ელჩი ვუწოდოთ, რადგან მან ბევრი ახალგაზრდა სტუდენტის  და ადამიანის ცხოვრება პოზიტიურად შეცვალა.

უამრავი პრიზის, ჯილდოს და გამარჯვების მიუხედავად სერენა ბრძოლას არასდროს წყვეტს. მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი საკუთარი საქმის პროფესიონალი და კარგი მოტივატორია. უილიამსის თქმით არ არსებობს საქმე, რომელიც დიდი შრომისა და მონდომების შემდეგ არ დაფასდება.

გთავაზობთ, ფრაზებს რომლითაც მისს სერენა საკუთარი თავის და გარშემომყოფების მოტივატორი ხშირად გამხდარა.
 

  • ცხოვრებაში რაიმეს დაკარგვა უფრო მოტივირებულს მხდის.
  • ყველას ოცნება შეიძლება ახდეს, უბრალოდ გჯეროდეთ და იშრომეთ.
  • მთელი ცხოვრება ბრძოლას ვსწავლობ, მაგრამ უკეთესია ვისწავლოთ ღიმილის შენარჩუნება.
  • როცა წააგებთ, წამოდექით და თავიდან სცადეთ. ყველაფერი საუკეთესო წინაა.
  • გჯეროდეთ საკუთარი თავის, ამას თქვენს მაგივრად არავინ გააკეთებს.
  • თუ გამარჯვება გსურთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე სანამ ცოცხალი ხართ.
  • იშრომეთ ბევრი, იფიქრეთ სწრაფად და იფიქრეთ გამარჯვებაზე.


ალბათ დაგვეთანხმებით, სერენა უილიამსის ფერადი ოცნებები ნამდვილად ახდა.


ნინო კამლაძე

| გააზიარე
მოგწონთ?