მოსმენის ხელოვნება - ორმაგი სარგებელი


ერთხელ თუ მაინც შესწრებიხართ იმ გარემოებას, სადაც ორი ან რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ესაუბრება, მაგრამ ერთმანეთს არ უსმენენ? არა, შეიძლება უსმენენ, მაგრამ არა გულისყურით. უსმენენ და ამავდროულად სხვა რამეზე ფიქრობენ. შეიძლება, რამდენიმე წუთიც კი საკმარისი გახდეს,რომ მათთან ყოფნის სურვილი დაკარგოთ.

რა შეიძლება განაპირობებდეს ამ ყოველივეს? პირველი, მოსაუბრეს აკლია თავდაჯერებულობა და მანამ, სანამ მას ესაუბრებიან,გონებაში საკუთარ სათქმელს „ალაგებს“ და შესაბამისად, ვერ იაზრებს სიღრმისეულად იმას,რაც მას უთხრეს. ხოლო, მეორე, მოსაუბრე გადამეტებული თვითრწმენით ხასიათდება. ზოგჯერ, ადამიანებს იმდენად უყვართ საკუთარი თავი, რომ მათ გარდა ვერავის ხედავენ. როდესაც მას ესაუბრებიან, ის საკუთარ თავზე ფიქრობს და ელოდება მომენტს, როდესაც თავისი თავის შესახებ შეძლებს საუბრის დაწყებას.

მეორე შემთხვევაში, ადგილი აქვს ორ გარემოებას. ადამიანი ვერ აცნობიერებს საკუთარი თავის ამგვარ დამოკიდებულებას გარშემომყოფების მიმართ და მეორე, აცნობიერებს, მაგრამ ვერ პოულობს ძალას,დაძლიოს ეს ჩვევა. ამ დროს შეიძლება ადამიანი იაზრებდეს იმას, რომ მის ამ ქმედებას მარტივად გრძნობს თანამოსაუბრე და შეეცადოს, ვითომდა დაინტერესებული გამომეტყველებით მოუსმინოს მას, თუმცა უშედეგოდ. ის, რაც გულიდან და შინაგანი ენერგიიდან მოდის, რადიკალურად განსხვავდება ხელოვნურისაგან.

ჩვენ შესაძლოა ვიმყოფებოდეთ საქმიან მოლაპარაკებაზე, ან უბრალოდ ოჯახის წევრებთან განვიხილავდეთ რაიმე საკითხს. ამგვარი მოსმენის შემთხვევაში, ვერც საქმიან მოლაპარაკებაზე მივაღწევთ სასურველ შედეგს და ვერც ოჯახის წევრს ვაფიქრებინებთ, რომ მათი მდგომარეობით ნამდვილად დაინტერესებულები ვართ.

წარმოიდგინეთ, ესაუბრებით ადამიანს და გრძნობთ, რომ ის მთელი გულისყურით თქვენთანაა, ანთებული მზერით გიყურებთ და ცდილობს, თქვენი ნათქვამი თითოეული სიტყვა გაითავისოს, შევიდეს თქვენს მდგომარეობაში. ვერც იმას ატყობთ, რომ სადმე ეჩქარება და ვერც იმას, რომ თქვენი მოსმენით დაიღალა. ალბათ, სურვილი დაგეუფლებათ, რომ რაც შეიძლება ბევრჯერ გქონდეთ ამ ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობა.

თქვენს გარშემო უამრავი ადამიანია, რომლებსაც როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მდგომარეობის გაზიარება სჭირდება სხვებისათვის. ისევე, როგორც ერთმა წრფელმა ღიმილმა, ისევე, როგორც ერთმა ნამდვილმა და თბილმა სიტყვამ, სწორედ ისევე, ერთმა, უანგაროდ, სხვებისადმი გამოყოფილმა დრომ, შეიძლება იხსნას და გამოიყვანოს ადამიანი იმ მდგომარეობიდან, რომელსაც თავად რამდენიმე წელში, თვეში ან კიდევ, საერთოდაც ვერ შეძლებდა...  

მოუსმინეთ ერთმანეთს, ნუ დაიშურებთ ამისათვის დროს, რადგან ახლა, თითქოსდა ამ უმნიშვნელო დეტალმა, მომავალში დიდი სინანული არ განგაცდევინოთ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?