„ყველაფრის თეორია“ - სად მივყავართ ადამიანის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს?


ალბათ ყველას გსმენიათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსისა და კოსმოლოგის, სტივენ ჰოკინგის, შესახებ. თეორეტიკოსი ყველაზე გამორჩეული მაგალითია იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა მხოლოდ ზედაპირული, პირობითი და მიწებებული ეტიკეტია. ჰოკინგის თქმით:

„სამყაროს საზღვარი ისაა, რომ მას საზღვრები არ გააჩნია“.

ბიოგრაფიული ფილმი „ყველაფრის თეორია“ საოცარი ისტორიაა მეცნიერზე, რომელმაც დაავადებას არ მისცა საშუალება მისი ცხოვრება შეესრუტა და ბედს შეგუებულს, პარალიზებული ადამიანის ყოველდღიურობით ეცხოვრა. ფილმის საწყის სიუჟეტებს თითქოს შეუმჩნევლად გასდევს ჰოკინგის დაავადების საწყისი ჩვენებები. ფიზიკოსი კი არ ეპუება, არ უშვებს იმ ფაქტს, რომ მის აღმასვლას, მის საყვარელ საქმეს რაიმემ შეიძლება ხელი შეუშალოს.

მას სწამს, რომ „მუშაობა გძენს აზრსა და მიზანს, მის გარეშე კი ცხოვრება ცარიელია.“

21 წლის ასაკში მას ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზს დაუსვამენ. ბუნებრივია, ჰოკინგს თავიდან უიმედობა შეიპყრობს, თუმცა მეგობარი გოგონა, რომელიც შემდგომში მისი პირველი ცოლი გახდება, მასში სიცოცხლის წყურვილსა და მუშაობის გაგრძელების სურვილის კვლავ აღძრავს.

                                                 

 სტივენ ჰოკინგი და მისი მეუღლე ჯეინი | ედი რედმეინი და ფელისიტი ჯონსი ფილმში ,,ყველაფრის თეორია"

 

„ადამიანები თქვენთვის დროს არ გამონახავენ თუ ყოველთვის გაბრაზებული იქნებით და გამუდმებით იწუწუნებთ“ - ეს ცხოვრებისეული შეხედულება მის იუმორით აღსავსე, განსაკუთრებულ პიროვნებას დეპრესიის ნაჭუჭიდან საბოლოოდ ამოიყვანს.

კადრი, როდესაც სცენაზე პირველად შემოდის ინვალიდის ეტლი, გულგრილს არავის დატოვებს, თუმცა ფიზიკოსი გამოსავალს კვლავ გონიერების ხვეულებში პოულობს.

 

„ინტელექტი არის უნარი ადაპტირდე, შეეგუო ცვლილებას“

 

ეტლს მიჯაჭვული, ახირებული მეცნიერისა და სამი შვილის მოვლით გადაღლილი პირველი მისის ჰოკინგი მომვლელს, შემდგომში მეორე მისის ჰოკინგს დაიქირავებს. ელაინი თავიდანვე აღფრთოვანდება მისი განსაკუთრებული უნარით, შეხედოს მოვლენებს იუმორით. „ცხოვრება ტრაგიკული იქნებოდა, სასაცილო რომ არ იყოს“. ღიმილი ის ძალაა, რომელიც ჰოკინგს ყველაზე მძიმე პერიოდებში გასაჭირისგან თავის დაღწევაში ეხმარება.

ექიმმა მას მხოლოდ 2 წლის სიცოცხლე მისცა, თუმცა მან საოცარი სიცოცხლისუნარიანობა გამოიჩინა. დღესდღეობით იგი 75 წლისაა და მეცნიერული სამყაროდან წამოსვლას არც ერთი წამით არ გეგმავს.

 

„მე არ მეშინია სიკვდილის, მაგრამ არ მეჩქარება მასთან შეხვედრა. ქვეყნად იმდენი რამაა, რისი გაკეთებაც მსურს!“

 

რეჟისორის საინტერესო გადაწყვეტით, მთავარი გმირი სწორედ დიაგნოზის დასმის შემდგომ მიხვდება, თუ რაზე სურს სადოქტორო თემის დაწერა - „დრო“. დროის ფენომენი მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითად ასპექტად იქცა.

 

„იყავი ცნობისმოყვარე“ - შეცნობის, მიზნის მიღწევის, ამოცანის ამოხსნის სურვილი მისი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ნურასდროს იტყვი, რომ რაღაც არ შეგიძლია!

 

„ადამიანის მისწრაფებებს საზღვრები არ უნდა ჰქონდეს, ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ, მაგრამ რაც უნდა ცუდი გეჩვენებოდეს ცხოვრება, ყოველთვის არის რაღაც, რაც შეგიძლია გააკეთო და გააკეთო კარგად. სანამ არსებობს სიცოცხლე, არსებობს იმედიც!“

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?