პოზიტივი, რომელიც ოცნებას მიზნად აქცევს


ჩემთვის პოზიტივია ყოველი გათენებული დღე. არ აქვს მნიშვნელობა მზიანია ის თუ ღრუბლიანი, რადგან ყოველი დღე არის შესაძლებლობა, რომ გააკეთო მეტი წინსვლისთვის, წარმატებისთვის და მიზნების მიღწევისთვის. 

ჩემთვის დადებითი განწყობა, პოზიტიური აზროვნება არის საუკეთესო საშუალება დავამარცხო ნეგატიური გარემო, ადამიანები და ფიქრები, რომლებიც გარკვეულწილად აფერხებენ სწრაფვას ჩვენი მიზნებისკენ.

ჩემთვის პოზიტივი არის ხერხი, რომელიც მეხმარება მივიღო გადაწყვეტილება, საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ მიუხედავად უამრავი ბარიერისა მე შევძლებ მივაღწიო დასახულ მიზანს.

წლების წინ, როცა ვკითხულობდი სხავადსხვა სტატიას, პოზიტიური აზროვნების ძალის შესახებ, სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა. მერე გავიზარდე, გამიჩნდა მიზნები, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მიმეღწია და დავიწყე დადებითი ფრაზების გამეორება. ჩემს თავს მუდმივად შთავაგონებდი, რომ თუ შემეძლო რაღაცაზე ოცნება და ფიქრი, მე შემეძლო კიდეც მიმეღწია ამისთვის.

ასეთი პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის რა თქმა უნდა, გავიარე გრძელი და რთული გზა. ვცდიდი და ვმარცხდებოდი, ვცდიდი და ვმარცხდებოდი. ბოლოს კი მე გავიმარჯვე, ხოლო მარცხისგან ვისწავლე, მივიღე საუკეთესო პრაქტიკა, გამოცდილება. შესაბამისად პოზიტივი ჩემთვის არის ფიქრი და განცდა იმისა, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია და ეს შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ.

გულწრფელად ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ოცნება - ჩემი გარდაცვლილი მეგობრის სტუმრობაა ჩემთან სახლში, ხოლო სხვა ყველაფერი მაგ: ბევრი ფული, კარგი მანქანა, ბრწყინვალე კარიერა არის მიზანი, რომელთა მიღწევაც შეიძლება  შრომით, შეუპოვრობით, პოზიტიური აზროვნებით და საკუთარი თავის დარწმუნებით, რომ ჩვენ შეგიძლია მიაღწიოთ ყველა მიზანს!
 

| გააზიარე
მოგწონთ?