თუ გადაწყვეტ...


ალბათ ყველა ჩვენგანი ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივ რეჟიმში ბრძოლა საკუთარ თავთან, ყოველდღიურობასთან, ჩვენს ემოციებთან თუ სიზარმაცესთან, რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს და თითქოს გამუდმებით ჩაგვძახის, რომ არ გავაკეთოთ ესა თუ ის რაღაც ახლა და გავაკეთოთ ხვალ, ზეგ ან თუნდაც სულ აღარ... საკუთარი თავი გვაფერხებს, რომ ვისწრაფვოდეთ სწორი მიზნებისკენ, რომლებსაც თუ მივაღწევთ აუცილებლად განაპირობებენ ჩვენს გამარჯვებას საკუთარ თავთან. ხშირად ვფიქრობთ, რომ ძლიერი სურვილი დასახული მიზნის მისაღწევად საკმარისია, მაგრამ ამ დროს ყველა ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მიზნების მისაღწევად საჭიროა მაქსიმალურად დავიხარჯოთ, უნდა ამოვწუროთ ჩვენი შესაძლებლობების მთლიანი მარაგი. ბოლოს, როდესაც შედეგს მივაღწევთ, ისეთი შეგრძნება უნდა დაგვეუფლოს, რომ ხმამაღლა ვიყვიროთ- ვერც კი წარმოვიდგენდი მე თუ შევძლებდი ამას... თუმცა რწმენა იმისა, რომ რამეს შევძლებთ გადამწყვეტ როლს თამაშობს. პირველ რიგში, შენ თვითონ უნდა გწამდეს საკუთარი შესაძლებლობების და იმის, რომ აუცილებლად გამოგივა.

       როგორც იტყვიან, ადამიანი თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებთან. ჰოდა, მეც გადავწყვიტე თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრება მომავალში. ამისთვის არ გამივლია მარტივი გზა. ხშირად მიწევდა ისეთი რაღაცების კეთება რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა, მაგრამ ყოველთვის ერთი რაღაც მიტრიალებდა თავში, ვფიქრობდი, შეუძლებელი არაფერია თუ საკუთარ თავთან გადაწყვეტ რომ გამოგივა, აუცილებლად გამოგივა და მე გამომივიდა.. დიახ, გამომივიდა ის რომ მე, რომელსაც ბავშვობაში ახლობელი ადამიანის დაკარგვის შედეგად სტრესის ფონზე შემექმნა პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით, გავიმარჯვე ამ პრობლემებზე. ერთ დღეს, როდესაც დადგა საკითხი, რომ სავარაუდოდ გამიჭირდებოდა სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში, გადავწყვიტე დამემტკიცებინა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ამ პრობლემის დასაძლევად. მაქსიმალურად დავიტვირთე თავი მეცადინეობით, დროებით ამოვიღე ყოველდღიურობიდან გართობა.  შედეგი ყველასთვის მოულოდნელი იყო- სტუდენტობა გრანტით. დიახ, დასახულ მიზანს ჩემი ყოველდღიური შრომით და რწმენით მივაღწიე. საბოლოო ჯამში, უნივერსიტეტიც წარმატებით დავასრულე და თუ ადრე ერთი ფრაზის დამახსოვრება იყო პრობლემა, უნივერსიტეტში უკვე წაკითხული იურიდიული მასალის 500 გვერდის შინაარსის დამახსოვრება აღარ წარმოადგენდა პრობლემას. აგრარული უნივერსიტეტის ზღვა მასალასთან ერთად გავდიოდი საიას სამოქალაქო კურსის მასალას, რაც ასევე წარმატებით გავიარე. ამ ეტაპზე, უკვე ორი შვილის დედა,  ვარ მაგისტრატურის სტუდენტი და რა მიზანიც აქამდე დამისახავს ყველასთვის მიმიღწევია, საოცრად დიდი ენერგიისა და შრომის ფასად, თუმცა ბოლოს ყოველთვის გამარჯვებულის სასიამოვნო შეგრძნებით.

     შეიძლება ითქვას, რომ მე გადავწყვიტე ვყოფილიყავი წარმატებული, ბედნიერი მომავლით და ეს მოვიპოვე ჩემი მონდომებითა და რწმენით. რაც უფრო მეტს ვშრომობდი და ვიხარჯებოდი უფრო მეტად თავდაჯერებული ვხდებოდი, უფრო მეტად მიჩნდებოდა შეგრძნება მეტი, რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაცია მიმეღო, მეტად დამეტვირთა თავი. ბევრჯერ დამუფლებია გრძნობა რომ დავიღალე... ბევრჯერ მითქვამს- მოდი ხვალ იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ბოლომდე მიმყავდა დაწყებული საქმე და მაინც არასდროს არ ვნებდებოდი. შემდეგი მიზნები უკვე ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაა, რაც უკვე განაპირობებს ჩემს შემდეგ ცხოვრებას.  საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია თმამად ვთქვა, რომ ბრძოლა ცხოვრების მიზნების ასასრულებლად ნამდვილად ღირს და თუ გადაწყვეტ მიზნისკენ სწრაფვას არასოდეს არ დანებდე და ბოლომდე იბრძოლე თუნდაც სასურველი შედეგი ვერ მიიღო, მცდელობად მაინც ყოველთვის ღირს, რადგან მცდელობაც ერთგვარი გამოცდილებაა.

| გააზიარე
მოგწონთ?