როდესაც მიზანი უფრო დიდია, ვიდრე დაბრკოლება - არნოლდ შვარცნეგერი


წარმატებისკენ მიმავალი გზა იწყება ოცნებით, ამ ოცნებაზე ფიქრით და თავდაუზოგავი შრომით. ეს არის შესაძლებლობა, გაიკვალო გზა იქით, საითაც მიჰყავხარ შენს ოცნებას.

სტატიის მთავარი გმირი არნოლდ შვარცნეგერია, პროფესიონალი ბოდიბილდერი, მსახიობი, მოდელი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. სოფელში სადაც ის იზრდებოდა, შვილი უმეტესად მამის გზას მიჰყვებოდა. არნოლდის მამა პოლიციის ოფიცერი იყო და დიდი სურვილი ჰქონდა, მისი შვილი სამხედრო საქმიანობას გაჰყოლოდა, მაგრამ არნოლდი ფიქრობდა, რომ უნდა გაცლოდა იმ სოფელს და სულ სხვაგვარად ეცხოვრა. მას შემდეგ, რაც არნოლდმა ჟურნალის გარეკანზე ნახა რეგ პარკერი - ინგლისელი ბოდიბილდერი, რომლის შესახებაც დაწერილი იყო სტატია: „როგორ გახდა რეგ პარკერი მისტერ მსოფლიო ჰერკულესი“, არნოლდს გაუჩნდა ცხოვრების მიზანი, გამხდარიყო ყველაზე დაკუნთული ადამიანი მსოფლიოში. მაშინ ავსტრიაში ბოდიბილდინგი არ არსებობდა და მის ოცნებას გარშემო ყველა დასცინოდა. მამამისიც კი ეუბნებოდა, რომ მისი სურვილისგან არაფერი გამოვიდოდა და იმედები გაუცრუვდებოდა, მაგრამ არნოლდი მიზნისკენ სწრაფვას თავს არ ანებებდა.

როდესაც არნოლდი 18 წლის იყო, იგი წაიყვანეს ჯარში. იქ, სადაც ყოველი საათი გათვლილი იყო და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ, როგორ უნდა გამოენახა დრო ვარჯიშისთვის? მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც არნოლდი ამბობს, მან უთხრა საკუთარ თავს: „ეს არის მიზანი და მე გავაკეთებ ყველაფრის მის მისაღწევად“. მიზანი იყო  მსოფლიო ჩემპიონობა. იქ, სადაც დღის ბოლოს ყველა დაქანცული წვებოდა დასაძინებლად, არნოლდი იწყებდა ვარჯიშს და აგრძელებდა სამ საათს, ასევე იქცეოდა დილით. ამ ყველაფერს აკეთებდა სავარჯიშო მოწყობილობების გარეშე: ხელნაკეთი ტურნიკით, სკამებს შორის აჯიმანიებით და ა.შ. 

5-6 კვირის შემდეგ მას მოუვიდა მოწვევა საერთაშორისო ახალგაზრდული შეჯიბრიდან, ეს იყო შანსი, რომელიც დაეხმარებოდა წარმატების მიღწევაში, თუმცა დიდი რისკის ფასად. იგი უნდა გაპარულიყო ჯარიდან, რისი გამჟღავნების შემდეგაც მას აუცილებლად ჩასვამდნენ კარცერში, რაც რამდენიმე კვირამდე გაგრძელდებოდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც მისი ეჭვები გაძლიერდა, თუმცა მიზანი იყო იმდენად დიდი, რომ ის გაიქცა ჯარიდან. მან მოძებნა ტვირთმზიდი მატარებლები, რომლებიც საზღვრებზე შემოწმებას არ გადიოდნენ, იმგზავრა 26 საათი და ჩავიდა დანიშნულების ადგილამდე 5 საათით ადრე. მას არ ჰქონდა შესაბამისი ტანსაცმელი, მაგრამ ამას მისი წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია. ითხოვა სხვა გამომსვლელების ფორმა და გავიდა სცენაზე, სადაც საბოლოოდ, პირველი ადგილის მფლობელად გამოაცხადეს. არნოლდი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ეს დაუჯერებელი იყო“, „მათ არასოდეს სმენიათ ჩემზე, მაგრამ ამირჩიეს მე“, „ეს ნიშნავდა, რომ ჩემში არის რაღაც განსაკუთრებული“. 

არნოლდი არასოდეს ნებდებოდა, როდესაც მან მოინდომა მსახიობობა და უთხრეს, რომ არაფერი გამოუვიდოდა, არავის დაუჯერა და მიაღწია წარმატებას. როდესაც ის ჩაერთო პოლიტიკაში, მას უთხრეს: „შენ ხუმრობ, ვერასოდეს მოიგებ, იყავი რეალისტი“, მიუხედავად ამისა, იგი კალიფორნიის 38-ე გუბერნატორი გახდა. ის არასოდეს უჯერებდა სხვის ნათქვამ „არ გამოგივას“. მას სწამდა თავისი შესაძლებლობების, იყენებდა ამ პრინციპებს მთელი თავისი ცხოვრება და აღწევდა წარმატებებს. შეგიძლია გამოიყენო შენც!

| გააზიარე
მოგწონთ?