როგორ ვისწავლოთ უცხო სიტყვები მარტივად მოკლე დროში?


ცნობილი ფაქტია, რომ ენებს ზრდასრულებზე უკეთ ბავშვები ითვისებენ. ასობით საგანმანათლებლო ცენტრი გპირდებათ, რომ მინიმალური ძალისხმევით დაგეხმარებიან ენის შესწავლაში, ადვილი და ბუნებრივი გზებით. მაცდური წინადადებაა, მაგრამ ნამდვილად ღირს ვისწავლოთ ისე, როგორც სწავლობენ ბავშვები?

 

 ლუკა ლამპალიერო იტალიელი პოლიგლოტია და 11 ენა იცის. 

 

„ალბათ ამაყად ჟღერს, მაგრამ მე ვარ ცოცხალი მტკიცებულება, რადგან ზრდასრულ ასაკში ავითვისე 11 ენა, რომელთა უმეტესობაც ვიცი მაღალ დონეზე" - ლუკა ლამპალიერო

 

ენების სწავლის ექსპერტი გვიზიარებს 5 ძირითად მეთოდს იმისთვის, რომ გავიფართოვოთ სიტყვების მარაგი.

 

1. ამორჩევა

სანამ ლექსიკონის გაკეთებას დაიწყებთ, აუცილებელია დაფიქრდეთ და გონებაში ჩამოაყალიბოთ რა სახის სიტყვები გჭირდებათ და რომელი სიტყვებია თქვენთვის საინტერესო. თითოეულ ენაში ათასობით სიტყვაა. ყოველი სიტყვის ცოდნა ერთდროულად შეუძლებელია და შესწავლის პირველ ეტაპზე საჭიროა გაფილტვრა თქვენი ინტერესის და საჭიროების მიხედვით.

როდესაც შეარჩევთ თქვენთვის სასურველ სიტყვებს, კონცენტრირდით მათზე. ანუ შექმენით საბაზისო ლექსიკონი. ამ ლექსიკონში უნდა შედიოდეს ყოველდღიურად საჭირო სიტყვები, ზმნები „სიარული“, „ძილი“, „მონდომება“, არსებითი სახელები „სახლი“, „მანქანა“, „საწოლი“. 

თუ თქვენი შერჩეული და დამახსოვრებული სიტყვების რაოდენობა 3000 გაცდება, აღმოაჩენთ, რომ შესწავლის სიჩქარე და ეფექტურობა მოიკლებს. რაც უფრო მეტია სიტყვების მარაგი, მით მეტად ჭირს საჭირო სიტყვების მოძებნა, ასევე დამახსოვრებაც. ამიტომ გადადით ისეთი სიტყვების შესწავლაზე, რომლებიც პირადად თქვენ გჭირდებათ.


2. ასოციაციების ძებნა

ლექსიკონის გაკეთება მშვენიერი მეთოდია, მაგრამ საჭიროა მოვიძიოთ ამ სიტყვების კონტექსტებიც, რადგან მხოლოდ სიტყვების დამახსოვრება გაგიჭირდებათ და საჭირო დროს შეიძლება გახსენებაც გაგიჭირდეთ. თქვენთვის საჭირო სიტყვები ჩასვით წინადადებაში და დაიმახსოვრეთ ეს წინადადება, ასე სიტყვები შინაარსობრივად იქნება დალაგებული და ადვილად დაგამახსოვრდებათ.


3. გამეორება

ჩვენ კარგად გვახსოვს ყველაფერი, რაც ცოტა ხნის წინ ვისწავლეთ. მაგრამ ეს ინფორმაცია რამდენიმე დღეში ქრება გონებიდან. გერმანელმა ფიზიკოსმა ებინჰაუსმა აღმოაჩინა ამ მოვლენასთან ბრძოლის მექანიზმი.

თუ ახალი ინფორმაცია დროის ზუსტი ინტერვალით მეორდება, მისი დავიწყება უფრო რთულია. რამდენიმეჯერ განმეორებისას იგი მაგრდება გრძელვადიან მეხსიერებაში და დიდი ალბათობით არასდროს არ დაგავიწყდებათ. თქვენ ახლის შესწავლის პარალელურად, რეგულარულად უნდა იმეოროთ ძველი ინფორმაცია.


4. ჩანაწერი

უძველესი რომაელები ამბობდნენ: "სიტყვა მიფრინავს, ჩანაწერი რჩება." ანუ ინფორმაციის დასამახსოვრებლად, იგი უნდა დავაფიქსიროთ მუდმივად. როდესაც სწავლობთ ახალ სიტყვებს, ჩაიწერეთ ან აკრიფეთ კლავიატურაზე, რათა შეინახოთ და განმეორებით დაუბრუნდეთ მათ სწავლას. როდესაც გაიგებთ ახალ სასარგებლო სიტყვას ან ფრაზას, ფილმის ყურების ან წიგნის კითხვის დროს, შეინახეთ ისინი ტელეფონში ან გვერდით იქონიეთ სპეციალური რვეული. ამრიგად თქვენ შეძლებთ ჩანაწერის გამეორებას ნებისმიერ დროს.


5. გამოყენება

სიტყვები შეიძლება ჩაიწეროთ, გაიმეოროთ, მაგრამ აუცილებელია გამოიყენოთ საუბრისას. რაც უფრო მეტ ადამიანთან გექნებათ კონტაქტი, მით უფრო გაიუმჯობესებთ სიტყვების წარმოთქმის ტექნიკას და მათი დამახსოვრებაც მარტივი იქნება. ასე რომ, ყოველთვის გამოიყენეთ შესწავლილი მასალა რეალურ საუბარში.

 

| გააზიარე
მოგწონთ?