გონივრული ეგოიზმი - გზა ბედნიერებისკენ


სიტყვა “ეგოიზმი” საზოგადოებაში მეტწილად უარყოფითი მნიშვნელობით დამკვიდრდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან “ეგოისტებად” მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებიც პრიორიტეტად ყოველთვის საკუთარ ინტერესებს მიიჩნევენ, არ უწევენ ანგარიშს გარშემო მყოფთა აზრს და ამგვარად უგულვებელყოფენ საზოგადოებრივ მორალს. მოგეხსენებათ, მედალს ორი მხარე აქვს, შესაბამისად, ეგოიზმშიც შეიძლება, იყოს დადებითი რამ, თუ მას ზომიერად, გონივრულად და სწორად გამოავლენთ. ქართულ კულტურაში, რომელშიც ადამიანები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებით გამოვირჩევით, ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებზე ზედმეტი მზრუნველობის გამო ადამიანები საკუთარ მიზნებსა და სურვილებს მსხვერპლად იღებენ, რასაც შემდგომში, ხშირად ნანობენ.

ეზოთერიკა ეგოიზმს განიხილავს, როგორც სხვა ადმიანების ინტერესების ხარჯზე საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას, რაც გამოწვეულია საკუთარი ენერგიის დეფიციტით. მეორე უკიდურესობად მიიჩნევა მსხვერპლშეწირვა - საკუთარი ინტერესების მუდმივი უგულებელყოფის ხარჯზე სხვების დახმარება.

როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი? როგორ ვემსახუროთ საკუთარ მიზნებსა და პრიორიტეტებს ისე, რომ, ერთი მხრივ, არ მივაყენოთ ზიანი სხვებს და, მეორე მხრივ, არ გავხდეთ  მათი ინტერესების მსხვერპლი? ამ კითხვებზე პასუხის ძიებაში ორ ძალიან საინტერესო მოსაზრებას მივაგენი, რომლებსაც სიამოვნებით გიზიარებთ.

  1. ცნობილმა რუსმა პოლიტიკოსმა და სამოტივაციო სპიკერმა - ირინა ხაკამადამ თავის პრაქტიკაში დაამკიდრა ცნება “პოზიტიური ეგოიზმი”, რასაც განმარტავს, როგორც საკუთარი თავის სიყვარულსა და პატივისცემას. მისი თქმით, ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი ბედნიერების კრიტერიუმები და არ იხელმძღვანელოს საზოგადოების მიერ თავზე მოხვეული სტანდარტებით (მაგ. პროფესიის არჩევისას). “საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ ისე, რომ არასდროს წახვიდეთ ისეთ კომპრომისზე, რაც ემოციურად დაგაზიანებთ და რისკის ქვეშ დააყენებს თქვენს წარმატებას, სიმშვიდესა და ბედნიერებას,” - ამბობს ირინა ხაკამადა.
  2. ცნობილი რუსი ეზოთერიკოსი ვადიმ ზენალდი თავის წიგნში “რეალობის ტრანსსერფინგი” აღნიშნავს, რომ “გონივრული ეგოიზმი” არის მენტალური სიძლიერის ერთ-ერთი გამოვლინება და ის ადამიანს აძლევს საშუალებას, მკაფიოდ განსაზღვროს და განახორციელოს თავისი მიზნები. რეალიზებული ადამიანი კი უმეტესწილად იმდენად თვითკმარი და ბედნიერია, რომ შეუძლია, ეს სხვებსაც გაუზიაროს და დაეხმაროს მათ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ზელანდი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიაებს არ უნდა შეეშინდეთ სხვისი განაწყენების და თამამად თქვან უარი იმაზე, რაც ეწინააღმდეგება მათ გეგმებსა თუ პრინციპებს. ამგვარად, ისინი  საკუთარი თავის მიმართ პატივიცემის მანიფესტაციას მოახდენენ, გარშემომყოფთა მხრიდან მეტ დაფასებას დაიმსახურებენ და სხვების უარს თავადაც ღირსეულად მიიღებენ.

პირადად მე, საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ მარტივი “არას” თქმა მესწავლა, თუმცა ზომიერი ეგოიზმის ამგვარი გამოვლინება პოზიტიურად აისახა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ადამიანი სოციალური არსებაა. იგი გარკვეულწილად დამოკიდებულია საზოგადოებაზე და ცდილობს გარშემომყოფთა კეთილგანწყობის მოპოვებას. ამაში ცუდი არაფერია მანამ, სანამ საკუთარ “მეს” არ დაჩაგრავთ და სხვების აზრსა თუ სურვილებს მუდმივად არ დააყენებთ თქვენსაზე მაღლა. ეცადეთ, გამოიჩინოთ დიპლომატია და დაიცვათ ინტერესთა ბალანსი. ასე თქვენი ადამიანებთან ურთიერთობა იქნება უფრო წარმატებული და სასიამოვნო.

| გააზიარე
მოგწონთ?