როგორ ავირჩიოთ პროფესია?!


ალბათ ბავშვობაში ყველასთვის უკითხავთ - „რა გინდა გამოხვიდე?!“ და გააზრებულად თუ გაუაზრებლად ყველას გვიპასუხია ამ კითხვაზე, რაც ხშირ შემთხვევებში, სწორედ ის პროფესია აღმოჩენილა, რასაც სამომავლოდ გადავწყვეტთ ხოლმე. თუმცა, არც მთლად ღრმა ბავშვობაში ნათქვამის ბოლომდე ერთგულებაა მიზანშეწონილი.

პროფესია, ეს ის საქმიანობა, ინტერესთა სფერო თუ სამომავლო აქტივობაა, რომლის დაუფლებასაც დიდი შრომა, ძალისხმევა და მონდომება  სჭირდება. მან უნდა უზრუნველყოს პიროვნების ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, კომფორტი და ყველაფერი ის, რაც ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. მისი არჩევისას, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და ინტერესების კარგად გაცნობა, შემდეგ დაფიქრება, ბევრი ნიუანსის გარკვევა და გაანალიზება, ბოლოს კი - გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ეს ყველაფერი მარტივი საქმე სულაც არ არის, თუმცა თუ გაითვალისწინებთ რამდენიმე რჩევას, ვფიქრობ, ეს პროცესი შედარებით გაგიმარტივდებათ და იმის შანსიც, რომ თქვენ არასწორად აირჩევთ პროფესიას, მინიმუმამდე შემცირდება.

პირველი და აუცილებელია, კარგად გაიცნოთ საკუთარი თავი. ჩამოწერეთ ფურცელზე  თქვენი ინტერესთა  სფეროები, რისი სწავლა გსიამოვნებდათ და მარტივად გამოგდიოდათ სკოლაში. ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ ტექნიკური საგნებისკენ უფრო გაქვთ მიდრეკილება, თუ ჰუმანიტარულებისკენ.

ამის შემდეგ მოიძიეთ დეტალური ინფორმაცია იმ პროფესიათა შესახებ, რომლებიც უკვე მიხვდით, რომ გაინტერესებთ. დაუკავშირდით ახლობლებს, ნათესავებს, უფროს მეგობრებს ან თუნდაც უცხო ადამიანებს, რომლებმაც უკვე ისწავლეს ან სწავლობენ თქვენი მიმართულებით. მოუსმინეთ რჩევებს, თუმცა არ დაგავიწყდეთ, გადაწყვეტილებას თქვენ მაგივრად ვერავინ მიიღებს.

გაიგეთ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროფესიას, რამდენად მოთხოვნადია, იძლევა თუ არა დასაქმების შესაძლებლობას, რომ მოულოდნელობებმა იმედი არ გაგიცრუოთ.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ პროფესიის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ არა ის, თუ რამდენად პოპულარული, პრესტიჟული ან მაღალანაზღაურებადია ესა თუ ის  პროფესია, არამედ  ის, თუ რამდენად შევძლებთ ამ სფეროში საკუთარი უნარების, შესაძლებლობების, კომპეტენციის და უბრალოდ, საკუთარი თავის რეალიზებას.

გახსოვდეთ, საქმე, რომლის კეთებაც მთელი ცხოვრება მოგიწევთ, უნდა გსიამოვნებდეთ, გაინტერესებდეთ და გახალისებდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაგღლით, დაგთრგუნავთ და ცხოვრებას მოსაბეზრებელს გახდის. თუ იძულებით რაიმეს კეთება დიდხანს მოგიწევთ, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება თქვენს ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე. არასწორად არჩეული პროფესიის გამო მუდმივად მოგიწევთ ახლიდან დაწყება, მუდმივი ძიების პროცესში კი ვერასდროს მოახერხებთ წარმატების მიღწევას, რადგან ამისთვის ნათელი მიზანი, გარკვეული ქმედებები და დიდი ძალისხმევაა საჭირო.

გარდა ამისა, თუ გსურთ მიაღწიოთ თავდაპირველ მიზანს, დასაქმდეთ და გქონდეთ კარგი ანაზღაურება, ყოველდღიურად უნდა ისწრაფვოდეთ კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ამაღლებისკენ, თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდისკენ. ამისათვის დაიმახსოვრეთ მარტივი ფორმულა: ეცადეთ იყოთ პირველი და საუკეთესო იქ, სადაც მოღვაწეობთ, თუმცა არ დაივიწყოთ ადამიანები, რომლებიც თქვენ ირგვლივ არიან. მოარგეთ საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები რეალობას. არ გაუშვათ ხელიდან შანსები, რომლებსაც თითოეული დღე შემოგთავაზებთ, რადგან ის შანსი, რომელიც დღეს გაუშვით, შეიძლება აღარასოდეს მოგეცეთ. იაზროვნეთ პოზიტიურად და რაციონალურად, იმოქმედეთ და იარეთ წინ. იყავით გაბედულები, ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს და წინააღმდეგობებს, მიიღეთ ისინი, როგორც გამოწვევა და მერწმუნეთ, ყველაფერი გამოგივათ, რადგან სამყაროში ფაქტები მხოლოდ 10%-ია, დანარჩენი 90% კი ჩვენი დამოკიდებულებებია ამ ფაქტების მიმართ. თუ არ გაამართლა გეგმა „ა“-მ, გახსოვდეთ, ანბანში კიდევ 32 ასოა.

 

| გააზიარე
მოგწონთ?