როგორ დავაღწიოთ თავი მავნე ჩვევებს?


მავნე ჩვევა, ეს არის რუტინული ქმედება, რომელსაც თან სდევს როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თავად ამ ქმედების შემსრულებელი პირისთვის ნეგატიური შედეგები. 

დავფიქრდეთ რა ჩვევა გვახასიათებს, რომელიც უნდა მოვიშოროთ, მაგრამ ან ნებისყოფა არ გვყოფნის, ან არ ვაქცევთ ყურადღებას, რადგან იმ მომენტში, ეს ჩვენი წუთიერი კომფორტია და ვერ ვამბობთ უარს. არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ დროთა განმავლობაში ამან შეიძლება დაგვაზარალოს.

როგორ მოვიშოროთ ჩვევა, რომელიც სერიოზულად ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას? დავსვათ საკითხი ასე, როგორ უნდა მართოს ჩვენი პიროვნება ერთმა ცუდმა ქმედებამ?! იქნება ეს მოწევა, ალკოჰოლის მიღება, თამაშებზე დამოკიდებულება თუ ა.შ. როგორ დავამარცხოთ ეს ჩვევები?

ვცადოთ და გავიაროთ 5 ეტაპი:

 

1. განსაზღვრა - გაცნობიერება 

განვსაზღვროთ, თუ როდის და რატომ დაიწყო ესა თუ ის ჩვევა, რა შედეგებამდე მიგვიყვანს ის და გავაცნობიეროთ სრული სიცხადით, რომ ის წამიერად გვანიჭებს სიამოვნებას, მაგრამ სამაგიეროდ ასმაგად გვახდევინებს ჯანმრთელობის, თუ ფინანსების ხარჯზე.

 

2. ინფორმირებულობა - დაგეგმვა

მოვიძიოთ ყველანაირი ინფორმაცია ამ ჩვევის ირგვლივ, სიღრმისეულად გავეცნოთ, გავიაზროთ და გავითავისოთ, ამ ყველაფრის მერე  დავისახოთ მიზნად მისი მოშორება.

მოვემზადოთ  ფსიქოლოგიურად. როდესაც მზად ვიქნებით, დავიწყოთ დაგეგმვა ახალი მეთოდებით. მაგალითისთვის:  ერთმა ადამიანმა შეიძლება თამბაქოსთვის თავის დანებება დაიწყოს მისი შემცირების ხარჯზე, სხვამ შეიძლება ერთიანად თქვას მასზე უარი. ამიტომაც ჩვენთვის რომელიც უფრო მოსახერხებელი და ნაკლებად სტრესის გამომწვევია, იმ ხერხს მივმართოთ.


3. შეტევა   

გეგმა არ უნდა დავტოვოთ გეგმად და „ხვალინდელი დღის“ მოლოდინში, დავიწყოთ დღესვე, ამ წუთიდანვე, თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ჩვენ ვართ პიროვნება და  პატარა ჩვევას ვებრძვით და ვეჯიბრებით“, ამიტომ ვიწყებთ აქტიურ შეტევას. მაგალითისთვის, ავიღოთ ორი თვე საორიენტაციო დროდ, რათა მივყვეთ გეგმას.

თუ გარკვეული პერიოდი პირნათლად ვასრულებთ დადებულ  პირობას წავახალისოთ  საკუთარი თავი და ამისთვის დავაჯილდოვოთ. თუ გავტეხეთ პირობა - დავსაჯოთ.  შეიძლება არ წავიდეთ სასურველ წვეულებაზე, რადგან არ დავიმსახურეთ.

 

4. თვითგამოცდა - განმტკიცება

როდესაც ის ძირითადი ეიფორია გადალახულია, რასაც „შეტევას“ ვუწოდებთ, ჩვევაზე მოთხოვნილებაც ნელ-ნელა სუსტდება და ფსიქიკაც უნდა გავაჯეროთ „მინდას“ მაგივრად „არ მინდათი“. 

ნელ-ნელა დავიწყოთ იმ გარემოში ყოფნა, სადაც მეტია ცდუნება იმ ჩვევის, რასაც ვებრძვით. გამოვცადოთ თავი, რამდენად დავძლიეთ ის. თავიდან გაგვიჭირდება, მაგრამ შემდეგ ვეჩვევით და ვამტკიცებთ უკვე ახალ ჩვევას - „მავნე ჩვევის გარეშე ცხოვრებას.“

 

5. ჩანაცვლება

დრო გვეხმარება, შევეგუოთ და მივიღოთ „ახალი სტილით“ ცხოვრება. როდესაც აღარ გვძაბავს და საბოლოოდ ვიშორებთ ჩვევას, შიგნით ცოტა არ იყოს, სიცარიელე რჩება. ამიტომ უნდა ჩავანაცვლოთ, მოვძებნოთ სასარგებლო და სასიამოვნო რამ, რითაც იმ დროს და სიცარიელეს შევავსებთ და თან სარგებელს და სიამოვნებას მოგვიტანს, ანალოგიური გზა გავიაროთ (დავგეგმოთ, მივიღთ ინფორმაცია,შევუტიოთ, განვამტკიცოთ.) რათა ახალი დადებითი ჩვევა შევიძინოთ.

 

მჯერა, რასაც მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ, აჯობებთ ყველაფერ მავნეს, მიაღწევთ მიზანს. ამით თქვენ გამოცდით ნებისყოფას, შეაქებთ საკუთარ თავს სიტყვის შესრულებისთვის და შემდეგში თქვენ გახდებით სხვებისთვის იმის მაგალითი, რომ ყველაფერი შესაძლებელია!

დაამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, შექმენით ახალი: ადამიანი ჩვეულებაზე უფრო მტკიცეა, სცადეთ, დაიწყეთ ახლავე. შემდეგ კი გაგვიზიარეთ მიღწეული შედეგი. მივცეთ ერთმანეთს სტიმული და მოტივაცია.

გისურვებთ წარმატებებს!
                                                                               

| გააზიარე
მოგწონთ?