საკუთარი თავის გაცნობა: ვინ ვარ მე?


ყველა ადამიანს, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, თავის წარდგენა უწევს გასაუბრებასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხშირად ჩვენ საკუთარი თავის წარდგენისას სახელისა და გვარის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის, მიღებული განათლებისა და დაკავებული სამსახურებრივი პოზიციის მოხსენებით შემოვიფარგლებით. მაგრამ განა სულ ეს ვართ? მაშ, რით განვსხვავდებით სხვებისგან? ამის გასარკვევად უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი თავი. საკუთარი თავის აღმოჩენა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს შინაგანი მეს, პირადი პოტენციალის, ცხოვრებაში მიზნისა და ძირითადი პრინციპების გაცნობასა და დადგენას. ჩემი ხედვით, ეს პროცესი იწყება თვითშემეცნებით, საკუთარი შესაძლებლობების აღიარებით, შემდეგ კი ამას მოყვება პირადი ინტერესებისა და სურვილების გარკვევა; ხოლო მთავრდება პირადი მახასიათებლების, ბუნებრივი უპირატესობების, ღირებულებებისა და რწმენის დადგენით. ამდენად, საკუთარი თავის აღმოჩენას მივყავართ ჩვენი თავის გაცნობასა და სხვებისაგან ჩვენი  განმასხვავებელი ნიშნების გარკვევამდე.

საკუთარი თავის აღმოჩენა პერსონალური განვითარების ფუნდამენტურ კომპონენტად ითვლება, რადგან მის გარეშე შეუძლებელია პირადი სისუსტეების გამოვლენა და მათი გამოსწორების სწორი მეთოდების შერჩევა. მას შემდეგ, რაც გარკვეულწილად გავიცნობთ ჩვენს თავს, შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ პერსონალური განვითარების სწორი სტრატეგია.

მაგრამ მთავრდება კი ყველაფერი ჩვენი თავის გაცნობით? ნამდვილად არა! პირიქით, ვიწყებთ ფიქრს, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი 5-10 წლის შემდეგ; რა თვისობრივი მახასიათებლები გვსურს, რომ გვქონდეს; რა პოზიციაზე ვხედავთ ჩვენ თავს; რით უნდა გამოვირჩეოდეთ სხვებისგან. სწორედ ამაზე ფიქრი მოგვცემს საშუალებას, განვსაზღვროთ თუ, რა შევცვალოთ საკუთარ თავში და რა დამატებითი თვისებები და შესაძლებლობები განვავითაროთ. ასე დეტალურად განსაზღვრული პერსონალური განვითარების ამოცანების მუდმივი განხორციელება მოგვცემს სასურველ შედეგს. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სირთულეა ამ პროცესის მუდმივობის შენარჩუნება, რადგან ადამიანი მიდრეკილია სიზარმაცისა და საქმის გადადებისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ჯაჭვის არგაწყვეტის პრინციპით სარგებლობა, რაც გულისხმობს დასახული მიზნის მისაღწევად ყოველდღიურად გარკვეული დოზით ამოცანების შესრულებას. ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამ მოკლე ცხოვრებაში ჩვენც გვეკუთვნის გარკვეული დრო საკუთარი თავის განვითარებისთვის.

მაშ, დროა, გავიცნოთ საკუთარი თავი.

დროა, ვიფიქროთ მომავალ მე-ზე.

დროა, დავსახოთ პერსონალური განვითარების სტრატეგია,

დროა, სტრატეგიის შესაბამისად განვსაზღვროთ ამოცანები და შევუდგეთ მათ განხორციელებას.

და ახლა, ამ წინადადებას რომ კითხულობ, უკვე დაწყებული უნდა გქონდეს ფიქრი იმაზე, თუ ვინ ხარ შენ.

| გააზიარე
მოგწონთ?