„ Zeta Camping” - მშობლიური სოფლის მიერ შთაგონებული ბიზნესი


ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი „Zeta Camping”-ის დამფუძნებელი, ანანო არაბული გახლავთ. ქალბატონ ანანოს ბიზნესის კეთების სტიმული მშობლიურმა სოფელმა ჯუთამ შთააგონა, რომლის ტურისტული პოტენციალი წლების მანძილზე აუთვისებელი იყო. სწორედ საკუთარი სოფლის განვითარების სურვილი იქცა ძირითად მოტივაციად.

 

გვიამბეთ „ზეთა კემპინგის" შესახებ, კონკრეტულად რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

ზეთა პირველი სამთო კემპინგია საქართველოს მთიანეთში. ბანაკი  ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, კლდოვანი მასივის ჭიუხის ძირში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. პირველი ორი  წლის მანძილზე კემპინგი მოიცავდა ცარიელ მინდორზე რამდენიმე კარავს, მარტივად მოწყობილ სამზარეულო-სასადილოსა და კომფორტულ სველ წერტილებს. ბანაკი წლიდან წლამდე მოთხოვნის მიხედვით ვითარდებოდა და ფართოვდებოდა. ამ ეტაპზე კომპლექსი მოიცავს საძინებელ კოტეჯებს, კაფე-ბარს, საკემპინგე ადგილებსა და აღჭურვილობას. გასულ სეზონზე 6000 სტუმარს ვუმასპინძლეთ, წელს კი გაცილებით მეტს.

მომხმარებელს ვთავაზობთ კოტეჯებსა და კარვებში განთავსებას, კვებას, საკონფერენციო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას,სათავგადასავლო და ალპინისტურ ტურებს.

 

როგორ დაიბადა  ამ ტიპის  ბიზნესის კეთების იდეა? როგორც ვიცი მთაში ბიზნეს საქმიანობის დაწყება რთული, თუმცა სასიამოვნო პროცესია.

იქიდან გამომდინარე, რომ არდადეგებს ზაფხულობით ბებო-პაპასთან ჯუთაში ხშირად ვატარებდი, კარგად ჩანდა ჩემი სოფლის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ტურისტული წერტილის პერსპექტივა. მე და ჩემმა ახლობელმა, რომელიც ძველი ალპინისტია, გადავწყვიტეთ გვეცადა, მარტივად დაგვეწყო სარისკო საქმე, რადგან თავიდან ჯუთაში, თუ ალპინისტურ ჯგუფებს არ ჩავთვლით, მხოლოდ უცხოელი სტუმრები დადიოდნენ. ყოველდღიური შრომით, ვფიქრობთ, ჩვენი იდეა სხვებისთვისაც მისაბაძი გახდა და სოფელი ამ ეტაპზე აქტიური ტურისტული ადგილია ზაფხულის სეზონზე.

 

,,ზეთა კემპინგი'' პირველი სამთო კემპინგია საქართველოში, მაინტერესებს გყავთ თუ არა დღეისათვის  კონკურენტები ბაზარზე?

რა თქმა უნდა, კონკურენცია არსებობს, რაც მეტ სტიმულს გვაძლევს უფრო მეტი ვიშრომოთ და ვიყოთ საუკეთესოები.

 

და ბოლოს, რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კრეატიული ბიზნეს  იდეები - როგორ  მიაღწიონ წარმატებას და გახდნენ შეუცვლელები თავიანთ საქმიანობაში?

მთავარი გამორჩეული იდეა და შემდეგ ამ იდეის განხორციელებისთვის თავდაუზოგავი შრომაა. თავიდან, როდესაც ვთქვით, რომ უგზო ადგილას სასტუმროს აშენებას ვაპირებდით, სადაც დამსვენებელი ივლიდა, მახსოვს როგორ ეცინებოდა ბევრ ჩემს მეგობარსა და ახლობელს. მთავარია დარწმუნებული იყო, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ რაღაც ძალიან გინდა და ამისთვის ბევრს იშრომებ, ყველაფერს მიაღწევ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?