ფინჯანი ყავით დაწყებული პოზიტივი


ერთ მშვენიერ საღამოს ჟურნალისტებისთვის გამართულ საერთაშორისო ტრეინინგს ვესწრებოდი. დამღლელი, მაგრამ საინტერესო საღამო იყო. შინ  ტაქსით დავბრუნდი. მანქანაში ჩავჯექი თუ არა, მობილურით სოციალური ქსელი ჩავრთე. ფეისბუქზე მეგობარს საინტერესო პოსტზე დავუთაგივარ. 
„ცნობილი ტრენერი და ბიზნეს-კონსულტანტი დავით კენჭაძე აცხადებს კონკურსს საკუთარი ინტერნეტ–ჟურნალის –– „მოტივაციის“ თანაავტორობის შესახებ. კონკურსის პირობების თანახმად, თუ გიყვარს წერა და ხარ პოზიტიური ადამიანი,  უნდა დაწერო ძალიან მაგარი სტატია პოზიტივის შესახებ. გამარჯვების შემთხვევაში  გეძლევა შანსი გახდე საინტერესო სამოტივაციო ინტერნეტ–ჟურნალის თანაავტორი.“

მაცდური შემოთავაზებაა. გული ამიჩქარდა. ავღელდი. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, რა მოხდება, თუ ჟურნალის თანაავტორი გავხდები. პირველ რიგში, ყველა ჩემს მეგობარს  გავაგებინებ ამ ამბავს. შემდეგ  ვიყიდი ახალ ტანსაცმელს, მოვირგებ საქმიანი ქალბატონის იმიჯს, ხელზე გავიკეთებ რომელიმე ბრენდის საათს და  პოზიტივით სავსე  გავიქცევი ახალ სამსახურში.

ვიცი, ოცნებამ გამიტაცა. შეუერთდე ისეთ წარმატებულ კომპანიას, როგორიც დავით კენჭაძის გრუპია, აკეთო საყვარელი საქმე და ათასობით ადამიანმა ნახოს შენი სტატიები, მართლაც რომ შთამბეჭდავი ოცნებაა. მაგრამ ეს ოცნება რეალობად რომ  ვაქციო, აუცილებელია  სტატია დავწერო, თანაც ისეთი, ჟიურის გული რომ „დავიპყრო“. ვღელავ. გულით მინდა ჟურნალის თანაავტორი გავხდე. ამიტომ ბედი უნდა ვცადო. მე ხომ სტატიების წერის „დიდოსტატი“ ვარ. საკუთარი თავის ასეთი შეფასება გადაჭარბებულია, მაგრამ  ახლა ნამდვილად არ არის საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვების  დრო. მეძლევა შანსი ჩემი პოზიტივი გავუნაწილო სხვებს და ადამიანები დავარწმუნო, რომ სამყარო  არის ადგილი, სადაც ყველაზე გიჟური ოცნებებიც ხდება.  

მე ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს აქვს პოზიტივის განსაკუთრებული მარაგი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგი ნაკლებ დადებით ენერგიას უბრუნებს დედამიწას. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც უამრავ პოზიტივს ასხივებენ. პოზიტივი შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ადამიანს აძლევს სტიმულს და აღმაფრენას, რაც მატებს საკუთარი თავის რწმენას და სიცოცხლის ხალისს.

ჩემთვის პოზიტივია ფინჯანი ყავით დაწყებული დღე. არა, ეს ბანალური ნამდვილად არ არის. ჩემს ფინჯანში ყავის მარცვლების გამოსახულებით მთვარეს მზე ცვლის, ვარსკვლავებს ––  დღის სინათლე, ფინჯნის ნაპირზე კი ჩიტები სხედან  და თითქოს ჭიკჭიკებენ. პოზიტივია ჩემთვის გაზაფხულის მშვენიერი დილა და ნიავი, რომელიც ფარდას აფრიალებს, როდესაც თმას ვივარცხნი და სამსახურში წასასვლელად ვემზადები. ჩემს ოფისში ყვავილებს ლარნაკში ვაწყობ და გულწრფელ ღიმილს ვჩუქნი კოლეგებს. 

პოზიტივია, როდესაც სხვადასხვა ჟურნალისთვის სტატიებს ვწერ და იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან მიყვარს. ყველაზე დიდი პოზიტივია ჩემი პატარა ბიჭუნა, რომელიც ძალებს მმატებს და მაძლევს მოტივაციას, ყველაფერი გავაკეთო ჩვენი ოჯახის ბედნიერებისათვის. მე  ხშირად ვცდილობ მივბაძო მას  და ყოველთვის  პოზიტივით ვიყო  სავსე. ჩვენ ერთად ვთამაშობთ სილაში, ვაშენებთ სათამაშო  სახლებს, ვუყურებთ ცას და ვოცნებობთ. თუმცა, როდესაც ახალ სტატიაზე ვმუშაობ, საწერი მაგიდის ქვეშ ზის და ხელს არ მიშლის მუშაობაში. მასთან ერთად საყვარელი საქმის კეთება   უდიდესი პოზიტივია ჩემთვის. მჯერა  ადამიანებს უამრავ სფეროში შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას და რომ  შესაძლებლობები უსაზღვროა.  

 

| გააზიარე
მოგწონთ?