მზად ხარ რუტინის შესაცვლელად?


ყოველი დილა შიშით იწყება და საკუთარ თავს ვეკითხები, რა მოხდებოდა, ეს დღე რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილების მომტანი ყოფილიყო და მე ამ ცვლილების შესაძლებლობა ხელიდან მხოლოდ იმიტომ გამეშვა, რომ საკმარისი მონდომებით არ დავკვირვებოდი ჩემს შესაძლებლობებს?

თქვენ უნდა შეგეშინდეთ, რომ გამოწვევები, რომლებსაც ხელგაშლილად და მონდომებით არ შეხვდებით, თქვენს ცხოვრებას 180 გრადუსით შეამოატრიალებდა, შემდეგ სინანული კი გვიანი იქნება.

თქვენ უნდა შეგეშინდეთ, რომ ყოველ ჯერზე გადადებული საქმე, ოდესმე უსასრულო რუტინაში ჩაიკარგება და მიზნები, რომელიც ღამით გონების კარადას გიწიოკებთ, უბრალო უტოპიად დარჩება და საუკუნოდ გამოიკეტება წარმოსახვისა და ოცნებების კლიტულში.

თქვენ უნდა შეგეშინდეთ, რომ თქვენი ცხოვრება, რომელიც ახლა თქვენს ხელშია, ოდესმე მავნე ჩვევებსა და კომფორტის ზონას დაექვემდებარება და თქვენ აღარ იქნებით მისი ბატონ-ბატრონი.

თქვენ უნდა შეგეშინდეთ, რომ ბედნიერება, რომლის მიღწევაც ასე ძალიან გინდათ, არ გექნებათ, თუ კი ოდესმე, წინაღობასთან შეჭიდებისას, პირველი რეფლექსი მისი მედგრად მიღება და გაბათილება არ იქნება.

თქვენ უნდა შეგეშინდეთ, რომ მოტივაცია, რომელიც ცხოვრებას ერთიანად შემოგატრიალებინებთ, ჰაერიდან არ მოვა და მის საძიებლად კარგა ხანს მოგიწევთ სანთლის შუქით კუთხეების შემოწმება. ამიტომ, ნუ დაელოდებით ერთ დღეს, ერთ საათს, ერთს წამს მის მოსვლას, რადგან ლოდინი არაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ ქვიშის საათში უფრო მეტად აივსება განვლილი წამების წყება და შეგახსენებთ, რომ თქვენი დრო იწურება.

თქვენ უნდა შეგეშინდეთ, რომ ერთ დღეს, როცა სარკეში საკუთარ თავს შეხედავთ ის არ იქნებით, ვინც ყოველთვის გინდოდათ რომ ყოფილიყავით. ცხოვრების მიერ გამოგზავნილი ყველა გამოცდის არსი კი არასწორად გაგიგიათ და მისგან ცოდნის მაგივრად, მხოლოდ ფუჭი ფიქრები, კომპლექსური აზრები და მძიმე ემოციები დაგრჩენიათ.
ცხოვრება ერთ უზარმაზარ მოზაიკას ჰგავს, რომელშიც თითოეული ქვა ერთ დღეს გამოხატავს, თქვენ კი ხელოვანი ხართ, რომლის იმპროვიზაციის ნიჭზეც ამ მოზაიკის არალატენტური შინაარსია დამოკიდებული. ამიტომ ნუ მისცემთ თავს უფლებას იყოთ ის, ვისად ყოფნასაც ვერასდროს გაბედავთ. ჩაებით ცხოვრების არარუტინულ წრებრუნვაში და მისგან გამოგზავნილი ყოველგვარი ემოცია გამოცდილების გირლიანდად გარდაქმენით, რომლის საბოლოო მიზანიც თქვენი ცხოვრების აღმავალი საფეხურების დამშვენება იქნება, ეს ყველაფერი კი მხოლოდ მაშინ განამდვილდება, როცა მიხვდებით, რომ თქვენ, უნდა შეგეშინდეთ.

| გააზიარე
მოგწონთ?