შიში, როგორც ადამიანის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა


შიში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. კაცობრიობის ისტორია მოწმობს, რა დიდი იყო ადამიანის მცდელობა, დაეძლია, გადაელახა, დაეთრგუნა ან ნაკლებად შეეგრძნო იგი.

შიში ორი სახით გამოვლინდება, ერთის მხრივ, შეუძლია უფრო ქმედითი გაგვხადოს, ხოლო მეორეს მხრივ კი - სრულიად დაგვჯაბნოს.  ესაა საპასუხო რეაქცია მანამ, სანამ სხეული გადაწყვეტს მოცემულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს, გაიქცეს თუ შეებრძოლოს. (,,fight or flight’’). აღსანიშნავია, რომ შიშისმომგვრელი სიტუაციის განმეორებისას, უკვე ცნობილია მისი გამოვლინებები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შიშზე რეაგირებას და შედეგად მიიღება ხალისიანი განწყობა, რომელიც ახალ და მეტ მღელვარებას და ადრენალინის გამოყოფას უზრუნველყოფს, რის შედეგად შიშზე საპასუხო რეაქცია მინიმალიზდება.

ადამიანის ზრდა, განვითარება და პიროვნული მომწიფება აშკარად გულისხმობს შიშის დაძლევას, ხოლო ამისათვის ის ნაბიჯები უნდა გადადგას, რომლებზეც დამოკიდებულია ნებისმიერი ასაკისათვის დამახასიათებელი შიშის წარმატებით გადალახვა. 

ილუზიაა იმაზე ფიქრი, თითქოს შიშის გარეშე ცხოვრება შეგვეძლოს. მაქსიმუმ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ესაა ვებრძოლოთ მას და საკუთარ თავში ისეთ საპირისპირო ძალებს მოვუხმოთ, როგორიცაა სიმამაცე, ნდობა, ცოდნა, ამტანობა, იმედი, რწმენა და სიყვარული.  ამით შევძლებთ შიშის გათავისებას, ახსნას და ისევ და ისევ მის დამარცხებას.

 

ცნობილი გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი, ფრიც რიმანი, შიშს ოთხ ძირითად ფორმად ჰყოფს:

 

1.ერთგულების შიში, როგორც საკუთარი მე-ს დამოუკიდებლობის დაკარგვის განცდა

2.პიროვნებად ჩამოყალიბების შიში, როგორც დაუცველობის და სიმარტოვის განცდა

3.ცვლილებების შიში, როგორც წარმავლობისა და რწმენის უქონლობის განცდა

4.გარდაუვალობის შიში, როგორც დასასრულისა და შებოჭილობის განცდა

 

ნებისმიერი სახის შიში ორგანულადაა შერწყმული ადამიანის ცხოვრებასთან, რადგან იგი დაკავშირებულია მის სომატურ, სოციალურ და სულიერ განვითარებასთან. ამრიგად, შიში არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ უკეთურება, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია, უბრალოდ, შიშის ფაქტორის გარეშე ჩვენი განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. ყოველთვის, როდესაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ შიშს განვიცდით, ცხოვრების სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. შიშის განცდა და მისი დაძლევის მცდელობა გამარჯვებას ნიშნავს, რომელიც ჩვენი გაძლიერების საწინდარია, ხოლო  შიშისაგან გაქცევის სურვილი დამარცხებაა, რომელიც ჩვენს სისუსტეს მოასწავებს.

სწორედ ამ ოთხი მთავარი მისწრაფების თანახმად, ყოველთვის შეგვიძლია, საკუთარი თავის ერთგული დავრჩეთ, შევინარჩუნოთ ინდივიდუალურობა, არ ვიყოთ ვინმეზე დამოკიდებული, შევიმეცნოთ გარესამყარო და შიშის გარეშე ვიცხოვროთ საკუთარი წარმატებული ცხოვრებით!

| გააზიარე
მოგწონთ?