,,გაუსწორე თვალი შიშს“ - ანუ ნუ მოიტყუებ საკუთარ თავს


,,თვალები ფართოდ გაახილე. მხოლოდ ლაჩარი თუ დახუჭავს თვალებს. თვალების ახვევითა და ყურების დაცობით, დრო ვერ შეჩერდება.“ - ჰარუკი მურაკამი

 

გაიხსენეთ, რამდენჯერ გადაგიდიათ სხვა დროისთვის თქვენი გასაკეთებელი საქმე. ეს სხვა დრო კი თითქმის არასოდეს დგება. თქვენ ელოდებით შესაფერის მომენტს, იმიზეზებთ დროის ან რესურსების უქონლობას. უამრავ მიზეზს გამონახავთ იმისათვის, რომ ის არ გააკეთოთ, რაც დიდი ხანია გსურთ. საბოლოოდ კი ან ვადა გასდის თქვენს ოცნებებს, ან აუხდენელი რჩება.

 

გაუსწორეთ რეალობას თვალი და დაინახავთ, რომ ყველა თქვენი მიზეზის უკან უზარმაზარი შიში იმალება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ რაც უფრო გადაწევთ საქმეს მომავლისთვის, მით უფრო ვერ შეცვლით ამ მდგომარეობას.

 

მოუსმინეთ საკუთარ გულს, რადგან ერთადერთი მან იცის, რისთვის ხართ მზად. თუ თქვენს გულს ეს სურს, ესე იგი თქვენ ეს შეგიძლიათ. გახსოვდეთ, სურვილთან ერთად მისი ასრულების ძალაც მოგეცემათ.

 

გაუსწორეთ თვალი თქვენს შიშს და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ის. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ,,რატომ მეშინია ამ ნაბიჯის გადადგმის“ და პასუხიც არ დააყოვნებს. შეიძლება უამრავი მიზეზი გაჩნდეს, მაგრამ თუ ისინი წარსულ მარცხებზე ან სხვების გამოცდილებაზე დაყრდნობილნი იქნებიან, ნუ მოუსმენთ მათ. მთავარია, ირწმუნოთ საკუთარი თავის და დაიწყოთ სურვილის განხორციელება.

 

გჯეროდეთ, რომ ,,რწმენა სასწაულში კი არ იბადება, არამედ სასწაული იბადება რწმენისგან“

იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენი შიშის რეალური მიზეზი არსებობს, დაიწყეთ მისი გამოსწორება. ჩამოწერეთ გეგმა მის გასაქრობად. ნუ ებრძვით შიშს, უბრალოდ გააქრეთ მიზეზები და თქვენ უშიშრად ივლით მიზნისკენ მიმავალ გზაზე.  

ნუ მისცემთ შიშს უფლებას გაანადგუროს თქვენი ოცნებები. ,,არ ეშინია მხოლოდ სულელს, ხოლო ის, ვისთვისაც მიზანი უფრო მნიშვნელოვანია, შიშს სძლევს!“

| გააზიარე
მოგწონთ?