რა არის მოტივაცია?


რა არის მოტივაცია? ამ სიტყვის განმარტება ყველას თუ არა, უმრავლესობას ეცოდინება. თუმცა, მე სამხედრო სტრუქტურის წარმომადგენელი ვარ და აქ, ჯარში, მოტივაციას ცოტა სხვანაირი განმარტება აქვს. სამხედრო ენაზე, მოტივაცია არის ის  მაგალითი, ბრძოლისუნარიანობისა და პირველ რიგში, საქმის კეთების სურვილი, რომელსაც შეიძლება ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე იღებდეს მეთაურისგან, ან ნებისმიერი თანამებრძოლისგან. როდესაც აღარ გაქვს ძალა, არც სურვილი და არც უნარი განაგრძო გზა, გაუმკლავდე სირთულეებს, ამინდს, მძიმე ჩანთასა თუ  ციცაბო აღმართს, მერწმუნეთ, ადამიანის ერთს სიტყვას, ერთ შეძახლისა თუ უსიტყვო მზერას „მიდი, შენ შეძლებ“, შეუძლია ძალა შეგმატოს, მკლავში ღონე დაგიბრუნოს და ნებისმიერ სირთულესთან მებრძოლი გაგხადოს.

ჩემთვის მოტივაციაა ჩემი ნებისმიერი კურსელის ოფლით დაცვარული შუბლი და ძალდატანებისგან დაბერილი ძარღვებია. ძირითადად ეს უფრო საველე სწავლების დროს ხდება. რადგან ერთმანეთის დახმარების სურვილი, ხელის წაშველების და სულიერად გამხნევების საშუალება სწორედ იქ გვეძლევა.

მოტივაციაა, როდესაც მეთაური სიტყვით მოგვმართავს და გვესაუბრება, რომ უნდა ვიყოთ ძლიერები, სულიერად გამძლეები, რომ არ უნდა შევუშინდეთ სირთულეებს, რომ ჩვენს უკან ჩვენი საქართველო დგას. 


თითოეული ჩვენგანის უპირველესი მიზეზი ჯარში ყოფნისა და უმთავრესი მოტივატორი ხომ ჩვენი სამშობლოა. სხვა არაფერია პრიორიტეტული, არც წოდება და არც ხელფასი, მერწმუნეთ ეს ასეა!

მოტივაციაა ჩემთვის სამშობლო. ის პატარა მიწის ნაგლეჯი, რაც თამარისეული საქართველოდან შემოგვრჩა დღეს და ალბათ, ამ ერთ გოჯსაც არ ვუვლით ღირსეულად. მოტივაციაა იმ წინაპართა სისხლი, რომელთაც დღევანდელობამდე მოგვაღწევინეს და ქართული ჯიში შემოგვინახეს. ჩემთვის მოტივაციაა ყველაფერი რაც საქართველოა და ზოგადად რაც  ქართულ საკითხს შეეხება. ჩემი მოკრძალებული აზრით, თუ გაქვს მოტივაცია მაშინ ხარ წარმატებული. მის გარეშე შეუძლებელია საქმის კეთება ნებისმიერ დროში, სიტუაციასა თუ საქმეში.


ანა კიკილაშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?