„არწივები იბადებიან მთებში“


ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება საზოგადოებას გავუზიარო ის დადებითი ემოცია და შეხედულება, რომელიც ამ წიგნის წაკითხვისას ვიგრძენი. გადავწყვიტე სწორედ ამ წიგნის შესახებ მოკლედ მოგიყვეთ. 

წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა არის გია წიკლაურის - „არწივები იბადებიან მთებში“. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ წიგნის წაკითხვა მირჩია ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, რომელიც ისე აღფრთოვანებით მიყვებოდა ნაწარმოების შესახებ, რომ არ შემეძლო შესავალი მაინც არ წამეკითხა (დიდად არ ვიყავი კითხვით გატაცებული და ამიტომ გადავწყვიტე შესავალი წამეკითხა და თუ მომეწონებოდა, გავაგრძელებდი კითხვას), თუმცა  წინასიტყვაობის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ წიგნი ჩემთვის იყო დაწერილი და ბოლოში ისე ჩავედი, ვერც კი გავიგე. მადლობა გიორგის (ჩემს მეგობარს) და მადლობა უფალს, რომ ეს წიგნი ჩემამდე მოვიდა.

ნაწარმოები დაფუძნებულია სულიერ, მარადიულ სიბრძნეებზე, სადაც წარმოდგენილია წარმატებული ცხოვრების ინსტრუქცია, რომლის შესახებაც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არ იცის. ამ წიგნის მთავარი ღირებულება ისაა, რომ მისი წაკითხვის შემდეგ გიჩნდება სურვილი რადიკალური ცვლილებები განახორციელო აზროვნების წესში, გიჩნდება სურვილი ცხოვრების ციცაბო კლდეზე ცოცვისა, რომლის მწვერვალსაც ბედნიერება და ფინანსური დამოუკიდებლობა წარმოადგენს.

ამ წიგნმა მასწავლა სწორად ფიქრი, მომცა საკუთარი თავისა და უკეთესი მომავლის რწმენა და შემაყვარა კითხვა (არადა მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ოდესმე წიგნის კითხვის მოთხოვნილება გამიჩნდებოდა). ამ ნაწარმოებში წარმოდგენილმა და დასაბუთებულმა სიტყვებმა გამიღვიძა მიძინებული ოცნებები და მიბიძგა, რომვიბრძოლო მათთვის, მაჩვენა გზა თუ როგორ მივაღწიო მიზნებს, რომლებიც ადრე მიუღწევლად მიმაჩნდა. მივხვდი თუ რამხელა მნიშვნელობა  და ძალა ჰქონია აზროვნების წესს, რომელსაც მანამდე ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი.

ეს ნაწარმოები არის ყველასთვის, ვისაც მართლაც სურს გახდეს იმაზე უკეთესი ვიდრე დღეს არის, ვისაც სურს გაიგოს რა შესაძლებლობებს ფლობს თავად. ავტორის მიზანიც ხომ ისაა, რომ მკითხველმა შეიცნოს საკუთარი თავი, მიეცეს თვითდაჯერებულობა, იმედი და რწმენა წარმატებული, ბედნიერი ცხოვრებისა. დარწმუნებული ვარ ამ დიდებული წიგნის წაკითხვის შემდეგ მკითხველებს გაუჩნდებათ მეტის ცოდნის სურვილი იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებზეც საუბარია ნაწარმოებში.

ყველას გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ფინანსურ თავისუფლებას, რომელიც ასე მიუღწევლად მოისაზრება ადამიანთა უმრავლესობის მიერ. იყავით განსხვავებულები და მიეცით საკუთარ თავს მეტის უფლება.


ალეკო ხანთაძე

პროექტი ''წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა''

| გააზიარე
მოგწონთ?