თანამშრომლების მოტივაცია სწორი და მუდმივი უკუკავშირის საშუალებით


თანამშრომლებისთვის უკუკავშირის მიცემა ყველა ლიდერისთვის უმთავრესი ამოცანაა, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში ბევრმა ხელმძღვანელმა არ იცის ამის შესახებ. მათ არ წაუკითხავთ ეს ყველაფერი, არ აქვთ შესაბამისი განათლება, ამის მიუხედავად ამ პოზიციაზე არიან და არც  ცდილობენ გამოიყენონ თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდოლოგიები თავიანთ საქმიანობაში.

არიან ისეთი ხელმძღვანელებიც, რომლებსაც უბრალოდ არ სურთ ამის გაკეთება, რადგან უკუკავშირის ხშირად მიცემას ზედმეტ თავისტკივილად თვლიან და ფიქრობენ, რომ არაფერი შეიცვლება ამით და თანამშრომლებიც ვერ შეიცვლებიან უკეთესობისკენ.

აშკარაა, რომ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან ასეთი ხელმძღვანელები არანაირ მითითებებს არ აძლევენ თანამშრომლებს, შედეგად გუნდის წევრები ვერ იგებენ, რამდენად სწორად აკეთებენ ამა თუ იმ საქმეს, ვერ ითვისებენ სიახლეებს და ვერც ვითარდებიან.

როგორ იქვევიან წარმატებული მენეჯერები? ისინი ყოველთვის აძლევენ უკუკავშირს თანამშრომლებს. ხაზს გავუსვამ ყოველთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომელმა მიიღოს ზუსტი უკუკავშირი, რჩევები, როგორ იმოქმედოს მომავალში, მიიღოს მითითებები, რომლებიც დაეხმარება თავისი საქმის უკეთ შესრულებაში და შეცვლის მის საქმიანობას ისე, რომ მსგავსი ტიპის საკითხებზე აღარ დასჭირდებათ მას და ხელმძღვანელს მომავალში ზედმეტი საუბარი.

როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელის მიერ გაცემული უკუკავშირი? ის შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, თუმცა მთავარია, არ გულისხმობდეს ყვირილს, გაბრაზებას, შეურაცხყოფას. უკმაყოფილების გამოხატვას თავისი საზღვრები უნდა ჰქონდეს და ეს ისე უნდა მოხდეს, რომ თანამშრომლის დემოტივაცია არ გამოიწვიოს და მან გამოასწოროს თავისი შეცდომა მომავალში. ხოლო დადებითმა უკუკავშირმა ყოველთვის მისი მუშაობის შესაბამისად გაგრძელებას უნდა შეუწყოს ხელი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თანამშრომლების ყველა ქმედებაზე გააკეთებთ უკუკავშირს, ისინი უფრო მალე გახდებიან მეტად პროდუქტიულები, ისწავლიან ამა თუ იმ საქმის უკეთ გაკეთებას. ყველა ხელმძღვანელის ამოცანაა, რომ აღზარდოს უკეთესი გუნდის წევრები, ეს აღზრდა ყოველდღიური მომენტი უნდა იყოს, შესაბამისად, მუდმივი უკუკავშირი და რჩევები აუცილებელია.

იმ შემთხვევაში, თუ ამ წესს დანერგავთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ძალიან მალე დაინახავთ, თუ როგორ დაიწყებენ თქვენი თანამშრომლები შეცვლას უკეთესობისაკენ. მთავარია, ისწავლოთ ამ ყველაფრის სწორი მიმართულებით გაკეთება და უკუკავშირის მიცემა გახდეს თქვენი თანამშრომლებისთვის მოტივაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოს მათ მიერ უკეთესი შედეგების დადებას.

| გააზიარე
მოგწონთ?