მე მჯერა იმ ადამიანის, რომელიც მინდა, რომ გავხდე


ზოგადად ყველას აქვს სურვილი გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოუდგენია საკუთარი თავი, თუმცა ეს ხშირად არ გამოსდით. კითხვაზე თუ რატომ სურთ ადამიანებს მსგავსი რამ, მარტივი პასუხი არსებობს. საქმე ეხება თვითრეალიზაციას, რაც საბოლოო ჯამში  შინაგან კმაყოფილებას იწვევს. შინაგანი კმაყოფილება თავის მხრივ მეტ მოტივაციას გვმატებს და იკვრება ერთგვარი წრე, რაც მუდმივად ეხმარება ადამიანს განვითარებაში. საბოლოოდ კი ამ წრეში ტრიალით ვიღებთ ადამიანური ბედნიერების მნიშვნელოვან ნაწილს.

ყველას სურს ადამიანური ბედნიერება, თუმცა ბევრი მათგანი ვერ ახერხებს ამის მოპოვებას. ჩნდება კითხვა, რატომ? საქმე იმაშია, რომ ასეთ ადამიანებს უბრალოდ ჰგონიათ, რომ ეს არ გამოუვათ. რეალურად, სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო არ გამოსვლიათ მათ ბევრი რამ, ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ ბევრი ცუდი გამოცდილება ჰქონდათ, უყურებენ სხვების მაგალითს და დარწმუნებულნი არიან, რომ თუ სხვას არ გამოუვიდა, მათაც არ აქვთ შანსი. ასეთ ადამიანებს უბრალოდ უჭირთ საკუთარი გონების მართვა.

ყოველდღიურად მომდის ძალიან ბევრი წერილი, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით მისვამენ შეკითხვებს. აინტერესებთ როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციებში. რეალურად კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანები ვერ ხვდებიან, რატომ ამბობენ უარს უკეთესობისკენ შეცვლაზე.

რატომ ვერ გამომივა? ეს არის შეკითხვა, რომელზეც ბევრი ადამიანი იწყებს ფიქრს და ვერ ხვდება რა არის რეალური მიზეზი. არადა მთავარია მიიღო გადაწყვეტილება და აღიარო, რომ შენ გარკვეული პრობლემები გაქვს, რომლის მოგვარებაც საჭიროა.

პირველ რიგში ეს ეხება საკუთარი თავის რწმენას. უბრალოდ გჯეროდეთ, რომ გამოგივათ, რადგან ამის გარეშე არაფერს აქვს აზრი. გქონდეთ ბრძოლის ჟინი და ყველაფერი გააკეთეთ სასურველი შედეგის მისაღებად. ცხოვრება ხომ მუდმივი ტრანსფორმაციაა. თუ არ ხდები უკეთესი, მაშინ მიდიხარ უარესისკენ.

დაფიქრდით რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რა გააკეთეთ ისეთი, რისი საშუალებითაც უფრო ძლიერი გახდით.

და ბოლოს, ირწმუნეთ იმ ადამიანის არსებობის, ვინც გინდათ რომ გახდეთ და თქვენ აუცილებლად შეძლებთ ამას, იმიტომ რომ ის რაც სხვას შეუძლია, აუცილებლად შეგიძლიათ თქვენც.

| გააზიარე
მოგწონთ?