როგორ მოვიქცეთ წარუმატებლობის დროს?


სიტყვა წარუმატებლობა ძალიან ბევრ ადამიანში არის ასოცირებული სისუსტესთან, დემოტივაციასთან, სტრესთან. ძალიან ბევრი ადამიანისთვის, განცდილი ერთი წარუმატებლობაც კი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ცხოვრებაში. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ერთმა დამარცხებამ რადიკალურად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება და მისი მიდგომა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჩვენი მოქმედება წარუმატებელია და სრულდება მარცხით? პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ წარუმატებლობა აუცილებლად შეიცვლება წარმატებად, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ თქვენს თავს ძალას დაატანთ და მოინდომებთ შეცვალოთ არსებული სიტუაცია. ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში არაფერი არ არის შეუძლებელი და თუ ვინმემ ეს გააკეთა, მაშინ მისი გაკეთება თქვენც შეგიძლიათ. წარუმატებლობა სხვა არაფერია თუ არა გამოცდილების და ცოდნის მიღების საშუალება. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც წარუმატებლობა არ განუცდია ცხოვრებაში. განსხვავება საშუალო და წარმატებულ ადამიანს შორის სწორედ ესაა - ძლიერი ადამიანისთვის წარუმატებლობა არის დამატებითი სტიმული იმისათვის, რომ მიაღწიოს მეტს, ხოლო სუსტისთვის - წუწუნის მიზეზი.

წარუმატებლობის დროს:

  • მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გახდეთ წარმატებული;
  • გააანალიზეთ მიღებული გამოცდილება (როგორც ცუდი ისე კარგი);
  • შეცვალეთ მიდგომა, შეცვალეთ თქვენი აზრები პოზიტიურისკენ;
  • დაგეგმეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას;
  • გეგმა გაშალეთ დროში და აუცილებლად ყოველდღე გააკეთეთ რამე დასახული მიზნის მისაღწევად;
  • როდესაც თქვენ გინდათ რაღაცას მიაღწიოთ გულით, თქვენ ძალიან ხშირად ფიქრობთ ამაზე, მერე ეს ყველაფერი გადაიზრდება ჩვევაში და თქვენც მუდმივად იქნებით ორიენტირებული რაღაცის გაუმჯობესებაზე;
  • შეარჩიეთ მისაბაძი ადამიანები და მოიძიეთ ინფორმაცია მათ შესახებ;
  • გააანალიზეთ რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები თქვენგან განსხვავებულად;
  • დაიწყეთ საქმეების ისე გაკეთება, როგორც ამას აკეთებენ სხვა წარმატებული ადამიანები;
  • ყოველდღე დაუთმეთ 20 წუთი თქვენი გეგმების განახლებას. ამისათვის გამოიყენეთ Brainstorming-ის მოდელი. ანუ ჩამოწერეთ ყველა ის იდეა, რომელიც თავში მოგივათ და შედეგ მათგან შეარჩიეთ საუკეთესო.


და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ცხოვრება არ არის ზებრა, ცხოვრება ჭადრაკია. ყოველი წარმატების შემდეგ წარუმატებლობა არ მოდის!  ზებრის შემთხვევაში ყოველი შავი ზოლის მერე თეთრი ზოლია, სინამდვილეში კი ცხოვრება არის ჭადრაკი იმიტომ, რომ წარმატებას და წარუმატებლობას თქვენს ცხოვრებაში უმეტეს შემთხვევაში თქვენ განსაზღვრავთ. გისურვებთ წარმატებებს!

| გააზიარე
მოგწონთ?