კარიერის დანგრევის 10 საუკეთესო საშუალება - ანუ 10 რამ რაც არ უნდა გავაკეთოთ


შენება ბევრად რთულია ვიდრე ნგრევა. ეს წესი სრულიად ვრცელდება კარიერულ ზრდაზეც. ქეით ლორენცი, ამერიკაში პოპულარული კარიერის დაგეგმარების სახელმძღვანელოს ავტორი, გამოყოფს 10 წყალქვეშა რიფს, რომელზედაც ხშირად იმსხვრევა ჩვენი კარიერული სწრაფვები. 

1.არასრულყოფილი ადამიანური თვისებები, ურთიერთობის ხელოვნების არცოდნა
მეცნიერთა გამოკვლევები ადასტურებენ - ნებისმიერ სფეროს თანამშრომლები უპირატესობას ანიჭებენ იმ კოლეგებთან ურთიერთობას, რომლებიც შეიძლება არ არიან სათანადოდ კვალიფიციურნი, მაგრამ არიან სიმპათიურები, გამოირჩევიან კეთილგანწყობით და მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ადამიანი, რომელიც მიდრეკილია ბუზღუნის, წუწუნის, ჭირვეულობის და უხეში დამოკიდებულისკენ ადრე თუ გვიან იზოლაციაში ექცევა. გარიყულებისთვის კი კარიერული აღმასვლის გზა ფაქტობრივად დაკეტილია.

2. გუნდური მუშაობის სურვილის არქონა ან არცოდნა
თუ თქვენ არ ხართ გენიალური მწერალი ან ფერმწერი ვერასოდეს მიაღწევთ სერიოზულ შედეგს მარტოობით. თანამშრომლობის ცოდნა, პროფესიული როლების და უფლებამოსილებების გადანაწილება - თანამედროვე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

3. უპასუხისმგებლობა. ვადების დარღვევა
თუ სამუშაოს დასრულების ვადაა ოთხშაბათი, თქვენ კი მას აბარებთ ხუთშაბათს, არ გაგიკვირდეთ რომ თქვენი, თუნდაც იდეალურად შესრულებული სამუშაოთი უკმაყოფილოები დარჩებიან. გარდა ამისა, შემდეგ ჯერზე მნიშვნელოვანი დავალება შეგხვდებათ არა თქვენ, არამედ შედარებით ნაკლები შესაძლებლობების მქონე ადამიანს, რომელსაც  მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია.

4. პირადი საქმეები სამუშაო საათებში
ტელეფონი და კომპიუტერი სამუშაო საათებში სამსახურებრივი დავალებების შესასრულებელი საშუალებებია. ბევრი ხელმძღვანელი თვლის რომ უფლებამოსილია გააკონტროლოს თანამშრომლების მიმოწერა (მითუმეტეს ტექნიკურად ეს ადვილად განსახორციელებელია). ასე რომ იყავით წინდახედულები საკუთარი გრძნობების გამომჟღავნებისას, განსაკუთრებით ხელმძღვანელობის მიმართებაში. კონფიდენციალური ურთიერთობა სამუშაო ტელეფონით ან სამსახურეობრივი კომპიუტერით არც თუ გარანტირებულია.

5. ჩაკეტილობა
საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი ადამიანები არიან იზოლირებულები და საკუთარ თავს უკარგავენ კოლეგების აუცილებელ მხარდაჭერას, ამიტომ შეიძლება კარიერული წინსვლის ის საშუალებები, რომლებიც მათ წინ იშლება ყურადღების მიღმა დარჩეთ.

6. სამსახურებრივი რომანი
სამსახურებრივი რომანი შესაძლოა ცუდად აისახოს თქვენს საქმიან რეპუტაციაზე. სამსახურებრივი რომანი, თქვენს კარიერაზე არ აისახება დადებითად. ნებისმიერ შემთხვევაში უცხოთა განკითხვის და დაჟინებული ყურადღების მსხვერპლი აღმოჩნდებით. მითუმეტეს საქართველოში.

7. რისკის და წარუმატებლობის შიში.
თუ თქვენ თავად არ გჯერათ საკუთარი თავის, რატომ უნდა დაგიჯეროთ სხვამ? რა თქმა უნდა, გაუაზრებელმა ავანტიურამ  მხოლოდ მილიონიდან ერთ შემთხვევაში შეიძლება მიგიყვანოთ მწვერვალზე. სხვა შემთხვევაში ის დაღუპავს თქვენს კარიერას. იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავს უთხრათ: „მე არასოდეს ამის მაგვარი არ გამიკეთებია“, უკეთესია თქვათ  - „მე ვცდი“. არ შეგეშინდეთ დაუშვათ შეცდომები და წარუმატებლობა იგემოთ. თქვენი კარიერისთვის შიშნარევი სიფრთხილე შეიძლება მეტად დამღუპველი აღმოჩნდეს, ვიდრე რამდენიმე ცდომილება.

8. მიზნის არქონა
მთავარი უბედურება ის არაა, რომ ვერ შეძელით მიგეღწიათ მიზნისთვის, არამედ ის, რომ მიზანი საერთოდ არ გაგაჩნიათ. ფორმულირება გაუკეთეთ თქვენს უახლოეს ამოცანებს და დაგეგმეთ საკუთარი ყოველდღიური აქტივობა იმგვარად, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეთ  დასახულ მიზანს.  სხვაგვარად თქვენი აქტიურობა, შემთხვევითი შედეგებით, შეიძლება გადაიქცეს უშედეგო ფაციფუცად.

9. არასაკმარისი ყურადღება საკუთარ გარეგნულ იერზე
საერთო ჯამში, შესაძლოა ეს არასწორი და უსამართლოა, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებში მიმზიდველი გარეგნობა უზარმაზარ როლს თამაშობს. ადამიანს არასასიამოვნო გარეგნობით ნაკლებად ენდობიან და მიდრეკილი არიან მიაწერონ მას ნებისმიერი სისუსტე თუ ნაკლოვანება. 

10. დაუფიქრებლობა
იყავით წინდახედულები იმაში სად და როდის,  ვის და რას ეუბნებით. თავი მოარიდეთ არაკორექტულ ხუმრობებს, ჭორებს, ხელმძღვანელობის კულუარულ კრიტიკას. თავისუფალი სიტყვა დემოკრატიის შესანიშნავი მონაპოვარია, მაგრამ მისი ბოროტად გამოყენება შეიძლება კარიერის ფასად დაგიჯდეთ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?