ჩვენი სიტყვები - ჩვენი ძალა


სიტყვა მთავარი საკომუნიკაციო საშუალებაა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს აზრი გაუზიარონ. თუმცა ხშირად შევხვდებით ისეთ სიტუაციებს, როდესაც ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები ძლიერი გულის ტკენის, საქმის გაფუჭების, დაშორების, წყენის და უთანხმოების მიზეზი ხდება. ანუ სიტყვას დიდი ძალა აქვს და აუცილებელია ვისწავლოთ საკუთარი თავის მართვა, რომ ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვებიც არ გახდეს უარყოფითი მოვლენების საწყისი მიზეზი.

პირველ რიგში განეწყვეთ საკუთარი თავისადმი დადებითად. თუ თვითრწმენა და თავდაჯერებულობა გაკლიათ, ეს აუცილებლად გამოიწვევს ნეგატიურ ფიქრებს. ამიტომ ირწმუნეთ საკუთარი თავის. როგორ გააკეთოთ ეს?!  ჩაატარეთ შემდეგი ექსპერიმენტი:

 

1.საღამოს დაძინებამდე ესაუბრეთ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, პოზიტიურ თემებზე ან უყურეთ კომედიური ჟანრის ფილმს, ეცადეთ ძილის წინ მაქსიმალურად დადებითი ემოციებით დაიტვირთოთ. როდესაც კარგი განწყობით იძინებთ, ორგანიზმიც მეტად ისვენებს და დილითაც ენერგიული გაიღვიძებთ.

დილის პოზიტივის დოზა აუცილებელია, ამიტომ მოიქეცით შემდეგნაირად: აიღეთ ფურცელი და დაწერეთ ან ამობეჭდეთ მასზე ის ფრაზა, რომელიც თქვენში მოტივაციას აამაღლებს. შემდეგ ის მოათავსეთ ჩარჩოში და ჩამოკიდეთ ან დაიდგით საძინებელ ოთახში ისე, რომ ყოველ დილით პირველი რასაც დაინახავთ, ეს სიტყვები იყოს. პერიოდულად კი შეგიძლიათ ცვალოთ ფრაზები.

ამ მეთოდის საშუალებით თქვენ მთელი დღე გაგყვებათ დადებითი მუხტი, ხოლო როდესაც პოზიტიურ განწყობაზე ხართ, თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვებიც პოზიტიურია.

 

2.გახსოვდეთ, ღიმილი არის საშუალება, იყოთ ბედნიერი, ამიტომ მაშინაც კი, როდესაც არ ხართ კარგ ხასიათზე გაიხსენეთ, რომ უნდა გაიღიმოთ! ამ დროს გონებაში ირთვება ის "ღილაკი", რომელიც პოზიტიური სიტყვებით და ფიქრებით მოგამარაგებთ.

 

3.როდესაც თითოეული თქვენგანი გაიაზრებთ, რომ რასაც ფიქრობთ, შემდეგ რასაც ამბობთ და აკეთებთ ყველაფერი აისახება თქვენს ცხოვრებაზე მეტად ეცდებით, რომ იფიქროთ დადებითად. ხომ გსურთ, რომ თქვენ გარშემო კარგი ცვლილებები იყოს?! ეს კი პოზიტიური აზროვნების გარეშე არ გამოვა. რაც მეტად მომართავთ გონებას დადებითად, მით უფრო ნაყოფიერი იქნება თქვენი ყოველი დღე. ხოლო როცა ფიქრები დადებითია, ეს ყველაფერი სიტყვებზეც აისახება, რაც კიდევ უფრო დადებითს ხდის ყველაფერს.

 

4.ადამიანებთან ურთიერთობისას კი გამოიყენეთ უკუკავშირის მეთოდი - უთხარით მათ დადებითი, პოზიტიური სიტყვები. წამოწიეთ წინ მათი საუკეთესო მხარეები. ისინი კეთილად განეწყობიან თქვენ მიმართ. მხოლოდ ამის შემდეგ ესაუბრეთ მათ შენიშვნებზე ან იმ უარყოფითზე, რისი თქმაც თავიდანვე გინდოდათ. ისინი მსუბუქად მიიღებენ თქვენს ნათქვამს და ნაწყენებიც არ დაგრჩებიან.

 

როგორც ნაპოლეონ ჰილი ამბობდა: „სწორი ფიქრის ძალა არის ყველაზე სასარგებლო ძალა იმის მიხედვით, თუ როგორ არის ის გამოყენებული“ და ასევე „პოზიტიური აზროვნება არის სწორი გონებრივი დამოკიდებულება ყველა სიტუაციაში. წარმატება იზიდავს უფრო მეტ წარმატებას, ისევე როგორც მარცხი იზიდავს უფრო მეტ მარცხს.“ ამიტომ თავდაპირველად დაიწყეთ სწორად ფიქრით, შემდეგ კი დაუკვირდით რას ამბობთ,  წარმოთქვით რაც შეიძლება მეტი პოზიტიური სიტყვა, რადგან „ჩვენი სიტყვები არის ჩვენივე ძალა“. 

| გააზიარე
მოგწონთ?