კომპანიის მოგების ზრდა სწრაფი კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების გზით


თანამედროვე ბიზნესი უფრო მეტად დინამიური ხდება და უფრო მეტად არის დროის პრობლემა. ასევე პრობლემა იქმნება გადაადგილების მხრივ, რადგან ხშირია საცობები და განსაკუთრებით იმ კომპანიებში, სადაც თანამშრომლები სხვადასხვა ფილიალებში არიან გადანაწილებულები, იქმნება კომუნიკაციის პრობლემა. რეალურად კი თანამშრომლების ერთმანეთთან სწრაფი კომუნიკაცია ორი ძირითადი მიზეზის გამო ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველი არის ის, რომ როდესაც ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან, იზრდება მათი ლოიალურობა და გუნდურობა. ასევე შეიძლება ისინი პირადად ერთმანეთს არც კი იცნობდნენ, თუმცა სხვადასხვა საკომუნიკაციო აპლიკაციების დახმარებით ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ.

რაც შეეხება მეორე მიზეზს, აქ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება იგულისხმება. შესაბამისად, ისეთ საკითხებზე სასაუბროდ, რომლებიც მოითხოვს სწრაფად გადაწყვეტას, ყველაზე აქტუალური სწრაფი საკომუნიკაციო აპლიკაციებია, სადაც აქტიური მიმოწერის განხორციელების საშუალება ეძლევა ყველას. მაგალითად, ჩვენს კომპანიაში აქტიურად ვიყენებთ Viber-ს, სადაც სხვადასხვა თემატიკის მიხედვით სხვადასხვა ჯგუფები გვაქვს შექმნილი და ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ თანამედროვე ბიზნეს მეთოდები, ყველამ მოვუსმინოთ ერთმანეთის აზრს და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები.

ამ ყველაფერს ორი უპირატესობის გარდა შეიძლება ჰქონდეს მინუსიც დროის დაკარგვის მხრივ,  ამიტომ მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ასეთ კომუნიკაციას საჭიროზე მეტი დრო არ  დაუთმონ თანამშრომლებმა და ძირითადი ენერგია საქმეზე გადაიტანონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის ზომის ფარგლებში, თუ ეს შესაძლებელი იქნება, სასურველია ასეთ საუბრებში კომპანიის ტოპ მენეჯმენტიც იყოს ჩართული. ხოლო თუ კომპანია იმდენად ბევრ თანამშრომელს მოიცავს, რომ შეუძლებელია ერთად ყველას თავმოყრა, მაშინ უმჯობესია მათი სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილება და ასეთი კომუნიკაცია.

იმის მიუხედავად, თუ რა ზომისაა კომპანია, სწრაფი რეაგირება ყოველთვის მნიშვნელოვანია. მეილის გაგზავნა არ არის იმდენად სწრაფი საშუალება, რომ მიიღო სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები.

თანამედროვე ბიზნესში კი მნიშვნელოვანია სისწრაფე, ის თუ რამდენად დროულად შეუძლია კომპანის ნებისმიერ საკითხზე რეაგირება. შესაბამისად, თუ თქვენს კომპანიაში დანერგავთ მოცემულ მეთოდს, თქვენ გახდებით უფრო მოქნილები, უფრო სწრაფები და ეს იქნება თქვენი კონკურენტული უპირატესობა, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენს შემოსავლებში აისახება.

რაც უფრო მეტად იზრდება კომპანია, მით მეტად უჭირთ თანამშრომლებს ერთმანეთთან კომუნიკაცია, მეტად ფორმალური ხდება მეილები და დროში იწელება დასმულ კითხვებზე საჭირო პასუხების მიღება. ასეთი რამ დაუშვებელია თანამედროვე ბიზნესში და თანამშრომელთან კონტაქტის მეილით დაწყება ძალიან ცუდი საშუალებაა.

შესაბამისად, თქვენც გირჩევთ გამოიყენოთ სწრაფი კომუნიკაციის საშუალებები, მათ შორის ჩვენს მსგავსად Viber-ი, გააკეთოთ სხვადასხვა თემატიკის ჯგუფები და დაიწყოთ ყოველდღიური ურთიერთობები სხვადასხვა საკითხების გადასაწყვეტად. ეს ყველაფერი გაზრდის თქვენი თანამშრომლების მოტივაციას, თქვენი კომპანია გახდება უფრო სწრაფი და მოქნილი, რაც საბოლოო ჯამში, კომპანიის მოგების ზრდაზე აისახება.

| გააზიარე
მოგწონთ?