5 საუკეთესო წიგნი თავგადასავლების მოყვარულთათვის


თუ თქვენ გიყვართ თავგადასავლები, შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო წიგნების ჩამონათვალს, რომელთა პერსონაჟები თავიანთი იდუმალი ცხოვრებით განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენენ თქვენზე. ამ წიგნების წაკითხვით თქვენ შეძლებთ, იმოგზაუროთ მათ სამყაროში, შეაფასოთ, გაიზიაროთ ან უარყოთ თითოეული პერსონაჟის ქცევები და დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხისადმი. 

 

ონორე დე ბალზაკი - „შაგრენის ტყავი“

ეს გენიალური ნაწარმოები მოგვითხრობს ახალგაზრდა მარკიზის, რაფაელ ვალენტინის შესახებ, რომელმაც სული ეშმაკს მიჰყიდა. იგი დებს გარიგებას, რომლის თანახმადაც იღებს თილისმას ე.წ შაგრენს. თილისმა მის სურვილებს ასრულებს, თუმცა ყოველი სურვილის ასრულების შემდეგ ის ვიწროვდება და მასთან ერთად ახალგაზრდა მარკიზის ცხოვრებაც უფრო ხანმოკლე ხდება. ამ პერსონაჟის ცხოვრება აუცილებლად დაგაფიქრებთ ადამიანის რეალურ ბუნებასა და სიცოცხლის ფასეულობაზე.
     

ოსკარ უაილდი - „დორიან გრეის პორტრეტი“

წიგნი აღწერს ახალგაზრდა, შესანიშნავი გარეგნობის მქონე მამაკაცის ცხოვრებას. დორიანის ყოფა მაშინ იცვლება, როცა მას მხატვარი, ბეზილ ჰოლუორდი დახატავს. პორტრეტი დორიანის  სილამაზის სიმბოლო ხდება. როცა იგი თავის პორტრეტს უყურებს, უჩნდება მარადიული ახალგაზრდობისა და სილამაზის მოთხოვნილება. პორტრეტი საბოლოოდ მისი ქმედებების ანარეკლია და ყველა მისი დანაშაული მასზე აისახება. ნაწარმოები ნათლად აღწერს სულისა და ხორცის, გონებისა და სურვილების, რეალობისა და ილუზიის დაპირისპირებას.
     

გი დე მოპასანი - „ლამაზი მეგობარი“

წიგნის მთავარი გმირი ცხოვრების სტილითა და მის მიმართ დამოკიდებულებით ზემოთ აღწერილი პერსონაჟების მსგავსია. წიგნში აღწერილია, როგორ გარდაიქმნა ღარიბი ბიჭი ანგარებიან მამაკაცად. წიგნის მთავარი პერსონაჟი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებენ ადამიანები თავიანთ შესაძლებლობებს არასწორად და საზოგადოებისთვის მიუღებელი მიზნების მისაღწევად. 
     

მარტენ პაჟი - „როგორ გავხდი იდიოტი“

ეს არის წიგნი ძალიან ბევრი ცხოვრებისეული დეტალით და ფაქტით, რომელიც მკითხველს აუცილებლად დააფიქრებს. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი უცნაური ინტელექტუალია, რომელსაც ჭკუა ზედმეტ ბარგად მიაჩნია და თვლის, რომ ცოდნა და აზროვნება აქცევს მის ცხოვრებას უბედურად. იგი ყველა შესაძლო გზით ცდილობს იქცეს სულელ არსებად, რადგან სიბრიყვეს ბევრად მომგებიანად თვლის. წიგნში აღწერილია ადამიანის დაპირისპირება გარე სამყაროსთან და ბრძოლა საზოგადოებასა თუ საკუთარ თავთან.


გაბრიელ გარსია მარკესი - „მარტოობის ასი წელიწადი“

ეს არის წიგნი, რომელიც ერთდროულად ტრაგედიაცაა და კომედიაც. იგი ძალიან ახლოსაა რეალობასთან, სავსეა ადამიანური გრძნობებითა და ემოციებით, რაც მკითხველის გულსა და გონებას ბოლომდე იპყრობს. მწერლის მიერ აღწერილი პატარა ქალაქი თითქოს მთელი სამყაროს მიკრომოდელია, რომელიც გვიჩვენებს ამქვეყნიური ცხოვრების ავსა და კარგს. ნაწარმოების მიხედვით, ყველა ადამიანი მარტოობისთვისაა განწირული, თუმცა მართალია თუ არა ეს მოსაზრება, შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ წიგნის წაკითხვის შემდეგ.
     

ეს იმ წიგნების ხუთეულია, რომლებიც ნათლად აღწერს ადამიანის შინაგან ბუნებას, მის ბრძოლას სხვასთან თუ საკუთარ თავთან. ადამიანები ხომ მუდამ რაღაცისკენ მიისწრაფვიან, რაღაცას ეთანხმებიან ან უარყოფენ. ეს ყველაფერი აისახება ამ წიგნებში, თქვენ შეგიძლიათ აღწერილი მოვლენების მონაწილედ წარმოიდგინოთ თავი და გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცეოდით ამ პერსონაჟების ადგილზე. თქვენ მათთან ერთად საინტერესო და დამაფიქრებელი თავგადასავლები გელით.


სასიამოვნო კითხვის პროცესს გისურვებთ! 

 

| გააზიარე
მოგწონთ?