როგორ დავძლიოთ სიმორცხვე და შევმატოთ ჩვენს თავს გამბედაობა?


ზოგიერთი ადამიანი ზედმეტად მორცხვია, აქ იგულისხმება შინაგანი კომპლექსები, თავდაჯერებულობის ნაკლებობა, საკუთარი შესაძლებლობების უარყოფითად და არაობიექტურად შეფასება. ამ ყველაფერმა შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიღოს, ვინაიდან სიმორცხვე თითოეულ ჩვენგანს ხელს უშლის განვითარებაში, საკუთარი თავის წარმოჩენაში, წარმატების მიღწევაში, ადამიანებთან ურთიერთობაში და უბრალოდ თავისუფლად და ბედნიერად ცხოვრებაში.

ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ როდესაც რთული სიტუაციის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე, გარკვეულწილად ყველას გვეუფლება სიმორცხვის, მღელვარების, წუხილის შეგრძნება, თუმცა ზოგიერთ ჩვენგანს შეუძლია ამ უარყოფითი ემოციების კონტროლი, ხოლო როცა ამას ვერ შევძლებთ, თავს არაკომფორტულად ვიგრძნობთ და ეს ყველაფერი განწყობაზეც აისახება.

 

თუ გსურს, დაძლიო სიმორცხვე და გახდე მეტად გაბედული, გაითვალისწინე შემდეგი რჩევები:

   

აკონტროლე სხეულის მდგომარეობა

იცოდე, როგორ გეჭიროს თავი, გასწორდი და გაშალე მხრები. თუ ფიქრობ, რომ წელში მოხრილი დაიმალები, ცდები. იყავი ამაყი, იარე აუღელვებლად და არ აჩქარდე.

 

ყურადღება მიაქციე სახის გამომეტყველებას

გამოიყენე თვალებით კონტაქტი, რათა გაგზავნო დადებითი სიგნალი შენს შესახებ. გაიღიმე ხშირად და ყოველთვის პირდაპირ უყურე თანამოსაუბრეს.

 

გამოიჩინე ინიციატივა

წარუდგინე თავი საზოგადოებას, სანამ ის თვითონ გადადგამს პირველ ნაბიჯს. მოემზადე წინასწარ, როცა რაღაცის თქმას აპირებ. წარმოაჩინე თავი და მოახდინე დადებითი შთაბეჭდილება. ეცადე, რომ დაინახო საკუთარი თავი სხვისი გადმოსახედიდან.

 

დაიმახსოვრე სახელები

ხშირად გამოიყენე იმ ადამიანის სახელი, რომელსაც ესაუბრები. ეს გამოგაჩენს მეტად ყურადღებიანს, თავდაჯერებულსა და მცოდნეს.

 

მოუსმინე

ეს არის დიდებული გზა, გააქრო უხერხული სიჩუმე. ყურადღებით მოუსმინე ირგვლივ მყოფ ადამიანებს და შედეგად შეარჩიე სასაუბრო თემა. იყავი კონცენტრირებული იმაზე, რას და როდის იტყვი.

 

ჩაერთე საუბარში

აიძულე თავი, ესაუბრო ვინმეს და არ იყო მოლოდინში, როდის მოვლენ თვითონ შენთან. შექმენი სიტუაცია თავად, ყოველთვის გქონდეს სათადარიგო სასაუბრო თემა.

 

თუ  შენ ებრძვი სიმორცხვეს, გაითვალისწინე ეს რჩევები და ცხოვრება უფრო მარტივი და საინტერესო გახდება.

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?