6 საიდუმლო, როგორ ვთქვათ „არა“ უფრო ხშირად


ალბათ ხშირად აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა ამა თუ იმ შემოთავაზებაზე, დახმარებასა თუ თხოვნაზე უარის თქმა თქვენთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე თანხმობის, თუმცა მორიდების, უხერხულობის განცდის თავიდან აცილების თუ სხვა მიზეზთა გამო, ვერ თქვით უარი და თქვენმა თანხმობამ დამატებითი პასუხისმგებლობა აგაღებინათ.

რატომ ხდება, რომ ადამიანთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას არ შეუძლია საჭირო მომენტებში უარის თქმა? ხომ არ არის ეს ერთგვარი კომპლექსი იმისა, რომ სხვების თვალში ცუდები არ გამოვჩნდეთ? ან მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მზად ვართ დავთანხმდეთ? რატომ არის ადამიანებისთვის სხვების აზრი ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ხშირ შემთხვევებში ის განსაზღვრავს მათ ცხოვრებას?

სინამდვილეში, ჩვენ შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან უხერხული სიტუაციები, ვთქვათ საჭირო მომენტებში „არა“ და ამასთან, დავრჩეთ გარშემომყოფთათვის მისაღები, დადებითი პიროვნება. გთავაზობთ რჩევებს, რომლებსაც საქმიანი ადამიანები წარმატებით იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

1.ნაცვლად იმისა, რომ თქვათ „არ შემიძლია,“ საკუთარ თავს ათქმევინეთ „არა“ პირდაპირ და გაბედულად. რაც შეიძლება ხშირად გაიმეორეთ ეს სიტყვა გონებაში, რომ მის წარმოთქმას მიეჩვიოთ და გაგონებისას უცხოდ არ მოგეჩვენოთ. ამის შემდეგ დაიწყეთ მისი გამოყენება ყოველდღიურობაში ნებისმიერი არასასურველი შემოთავაზებისას.

2.გააცნობიერეთ, რომ არავის წინაშე არ ხართ ვალდებული. მოიქეცით ისე, როგორც თქვენ იმ მომენტში გჭირდებათ და არა ისე, რომ მოპირდაპირე მხარეს ასიამოვნოთ თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ.

3.რაც მთავარია, თქვენი „არა“ დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე მხარე აუცილებლად ეცდება თქვენ გადარწმუნებას და თქვენი მცდელობა, თავიდან აიცილოთ არასასურველი შემოთავაზება, უშედეგოდ დასრულდება.

4.ასევე მნიშვნელოვანია თქვენს უარს არ მოჰყვეს ახსნა-განმარტებები და თავის მართლება, რადგან ამით მოსაუბრეს საშუალებას აძლევთ თქვენთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში იყოს. ასე კი მეტი შანსია, „დამარცხდეთ“.

5.გამოიყენეთ ტექნიკა „კი“, „არა“, „კი“ - რას ნიშნავს ეს? მოლაპარაკებების ექსპერტი შეილა ჰეენი გვირჩევს: თუ ვინმე რაიმეს გთხოვთ და თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება მოცემული მომენტისთვის, გამოიყენეთ შემდეგი ფრაზები: „ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ არ შემიძლია, თუმცა..." და შესთავაზეთ თქვენი ვარიანტი. გარწმუნებთ ამით გაცილებით მომგებიან პოზიციას დაიჭერთ და მთხოვნელიც არ დარჩება უკმაყოფილო.

6.თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ ამის გაკეთება, ამიტომ გთავაზობთ, რომ გამოიმუშაოთ ჩვევა მარტივი მეთოდით: თქვით დღეში მინიმუმ სამი არა არასასურველ შემოთავაზებებზე.

 

გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები, დაძლიეთ კომპლექსები, გახდით უფრო ძლიერები. რაც მთავარია, ყოველდღიურად იმუშავეთ საკუთარ თავზე, დაისახეთ მიზნები, იოცნებეთ და იმოქმედეთ! მთავარი „არა“ კი უთხარით სიზარმაცეს, გაუბედაობას, უმოქმედობას, მავნე ზეგავლენებს და ყველაფერ იმას, რაც გიშლით ხელს იყოთ წარმატებული და ბედნიერი. დაიწყეთ ცვლილებები საკუთარი თავიდან და შეცვალეთ სამყარო უკეთესობისკენ!

 

| გააზიარე
მოგწონთ?