როგორ დავამყაროთ ჯანსაღი ურთიერთობები კოლეგებთან?


კარიერული წინსვლა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანია კოლექტივთან  ჯანსაღი ურთიერთობის აწყობა. ქვემოთ ჩამოთვლილი წესები დაგეხმარებათ  კარგი კოლეგისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გააზრებასა და გამომუშავებაში.

 

• პოზიტიური განწყობა

პირადი ხასიათის პრობლემები სჯობს გარეთ დატოვოთ, რადგან ნამდვილ პროფესიონალს ძალუძს სამსახურში ყურადღების ფოკუსირება მხოლოდ საქმეებზე მოახდინოს. სამსახურში გამოცხადდით ღიმილიანი, თქვენგან უნდა იგრძნობოდეს უშუალობა და მეგობრულობა.


• დაინტერესებულობა

საქმიანობის სპეციფიკით, კოლეგებით.. შეეცადეთ, არ მოაბეზროთ თავი სხვას და არ დასვათ უხერხული, პირადი ხასიათის კითხვები  მანამ, სანამ არ მოიპოვებთ ნდობას. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კოლეგებთან ურთიერთობისას აუცილებელია დისტანციის დაჭერა და ზომიერება.

 

• ურთიერთდახმარება

იყო თანამშრომელი, ნიშნავს, იზიარებდე საერთო პასუხისმგებლობას და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება გაუწიო კოლეგას, რაც კომპანიის შიგნით ნდობის ფაქტორისა და გუნდურობის გრძნობის ამაღლებასთან არის უშუალო კავშირში. 

 

• ობიექტურობა და სამართლიანობა

სამსახური არ არის საუკეთესო ადგილი სიმპათიებისა და ანტიპათიებისთვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მიკერძოება სამსახურეობრივ საკითხთან მიმართებაში. ამიტომ, აუცილებელია თანასწორობისა და სამართლიანობის საწყისებზე დავამყაროთ კოლეგებთან ურთიერთობა, სადაც არ ექნება ადგილი გრძნობების დემონსტრირებას,   ჭორებსა და შეურაცხყოფებს.

 

• პროფესიონალიზმი

თავისი საქმის კარგი სპეციალისტი  სასურველია  ყველა კოლექტივში. მას შეიძლება დაბრკოლებები შეხვდეს შურიანი ან/და კარიერისტი კოლეგებისგან, თუმცა ჯანსაღი კონკურენციის შემთხვევაში სამართლიანი ქცევის წესების დაცვით ის ყოველთვის იმუშავებს საკუთარ თავზე და განვითარდება.

 

•  თვითმყოფადობა

ადამიანების ჯგუფი გაუცნობიერებლად გრძნობს სუსტსა და  უპრინციპო  პიროვნებას და მარტივად საკუთარი ზეგავლენის ქვეშ აქცევს მას. ამიტომ პატივისცემის თუ მოწონების  დამსახურებას კოლექტივისგან  ნუ შეეცდებით სოციალურად სასურველი ქცევით, არამედ იყავით ბუნებრივი და შეინარჩუნეთ საკუთარი ინდივიდუალურობა.

სამსახურში კარგი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება მონდომებას, ტაქტსა და სიფრთხილეს ორივე მხარისგან მოითხოვს. თუმცა მიღებული შედეგი - მეგობრული გარემო, ნდობა და ჯანსაღი კონკურენცია უპირობოდ თქვენს შედეგებზეც იმოქმედებს დადებითად!

| გააზიარე
მოგწონთ?