9 რამ, რასაც წარმატებული ადამიანები აკეთებენ განსხვავებულად


რატომ არ ხართ წარმატებული ყველაფერში? ალბათ დამაბნეველი შეკითხვაა. წარმოიდგინეთ, რომ ბრწყინვალე კარიერის მქონე, სრულიად უზრუნველყოფილ ადამიანებსაც კი უჭირთ მათი წარმატებისა თუ მარცხის გამომწვევი მიზეზების ახსნა. არასრული პასუხი კი ამ კითხვაზე, რომელიც ასე ჟღერს - „შენ დაბადებიდან გაქვს მიდრეკილება რაიმე ნიჭის მიმართ“ -  არის მხოლოდ პატარა ნაწილი თავსატეხისა. ათეულობით ჩატარებული კვლევის საფუძველზე ირკვევა, რომ წარმატებული ადამიანების საიდუმლო მათი მცდელობაა მიზნის მისაღწევად და არა ის, თუ რას წარმოადგენენ ისინი ამჟამად.

 

1. გახდი უფრო მეტად ჩამოყალიბებული

მიზნის დასახვისას უნდა გააცნობიერო მისი მნიშვნელობა. როდესაც ზუსტად იცი რა გსურს, ეს გმატებს მოტივაციას, უფრო მეტი შემართებით იბრძოლო დასახული მიზნისთვის. ამასთანავე გახსოვდეს, რომ თითოეული შენი ქმედება კარგად მოფიქრებული და გაანალიზებული უნდა იყოს, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს მიზნისკენ მიმავალი გზის ხარისხს. უბრალოდ მიეცი საკუთარ თავს პირობა, რომ შენ ამას გააკეთებ, რადგან შენ ეს გჭირდება.

 

2. დადგა მომენტი, იმოქმედო საკუთარი მიზნებისთვის

თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დაკავებულები ვართ და რამდენ რამეს ვეჭიდებით ერთდროულად, გასაკვირი არაა, რომ საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან, რომლებიც ჩვენს მიზნებს მნიშვნელოვნად წაადგებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ მათ. დაფიქრდი, იქნებ დღესაც გაქვს დრო მოქმედებისთვის? გახსოვდეს, მიზნის მიღწევა ნიშნავს ჩაებღაუჭო შესაძლებლობებს მანამ, სანამ ისინი ჯერ კიდევ არსებობენ.

თქვენ წინასწარ უნდა გადაწყვიტოთ როდის და სად დაიწყებთ მოქმედებას. კვლევებმა აჩვენეს, რომ დაგეგმვა ხელს უწყობს გონებას შესაძლებლობების აღმოჩენასა და მათ გამოყენებაში და გაცილებით ზრდის თქვენი წარმატების შანსებს.

 

3. გაიგე ზუსტად, თუ რამდენი დარჩა გასავლელი

ნებისმიერი მიზნის მიღწევას სჭირდება საკუთარი პროგრესის მოწესრიგებული და რეგულარული მონიტორინგი - თუ სხვა ვერ შეძლებს ამას, თავად აკონტროლე საკუთარი თავი. როცა არ იცი როგორ აკეთებ, შენ ვერ შეძლებ შენი ქცევის განსჯას და შესაბამისი  სტრატეგიის შემუშავებას. ხშირად შეამოწმე თუ როგორი პროგრესი გაქვს.

 

4. იყავი ოპტიმისტი

მიზნის დასახვისას იყავი უფრო პოზიტიურად განწყობილი. როდესაც დარწმუნებული ხარ საკუთარ შესაძლებლობებში, მოტივაცია უფრო და უფრო იზრდება. რასაც არ უნდა აკეთებდე, მნიშვნელოვანია, სწორად შეაფასო მიზნისკენ მიმავალი გზის სირთულე. მიზანთა უმეტესობა დიდ დროს, დაგეგმვას, ძალისხმევასა და მოთმინებას საჭიროებს. კვლევების მიხედვით, მარტივად, ძალისხმევის გარეშე გადადგმული ნაბიჯები მოუმზადებელს გვტოვებს მოსალოდნელი სირთულის დროს და მნიშვნელოვნად ზრდის მარცხის რისკს.

 

5. ეცადე გახდე უკეთესი და არა იყო უბრალოდ კარგი

გქონდეს საკუთარი თავის რწმენა, რომ აღმოაჩენ შესაძლებლობებს და მიაღწევ მიზანს. ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ ჩვენი ინტელექტი, პიროვნება, ფიზიკური მიდრეკილება უცვლელია და არ აქვს მნიშვნელობა რას გავაკეთებთ. შედეგად, ჩვენ ფოკუსირებულები ვართ არა უნარების ჩამოყალიბებასა ან ახლის აღმოჩენაზე, არამედ საკუთარ მიზნებზე, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავის შემოწმებაში გვეხმარებიან.

საბედნიეროდ, ყველა სახის უნარი არის „მეტისმეტად დამყოლი“. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს საკუთარი თავი და მიიღოს უკეთესი გადაწყვეტილებები.  

 

6. იდექი მტკიცედ

სიმტკიცე გვეხმარება გრძელვადიანი მიზნების ბოლომდე მიყვანასა და სირთულეებთან გამკლავებაში. კვლევებმა დაამტკიცეს, რომ შეუპოვარი ადამიანები უფრო მეტ ცოდნას აგროვებენ თავიანთი სიცოცხლის მანძილზე და უფრო დიდ წარმატებასაც აღწევენ.

კარგი ამბავი ისაა, რომ თუ შენ არ გაქვს მტკიცე ხასიათი, შეგიძლია გადაჭრა ეს პრობლემა. ადამიანები, რომლებიც სიმტკიცის ნაკლებობას განიცდიან მიიჩნევენ, რომ მათ არ აქვთ წარმატებული ადამიანებისთვის დამახასიათებელი თანდაყოლილი უნარები. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არასწორია, რადგან, სწორედ მცდელობას, დაგეგმვას, შეუპოვრობასა და კარგ სტრატეგიებს მივყავართ წარმატებამდე.

 

7. გახადე საკუთარი ნებისყოფა უფრო ძლიერი

საკუთარი თავის მაკონტროლებელი „კუნთები“ ძალიან ჰგავს შენი სხეულის სხვა კუნთებს - როდესაც მას არ ავარჯიშებ, ის უფრო და უფრო სუსტი და უძლური ხდება, ხოლო როდესაც მას რეგულარულად ამუშავებ, ის უფრო და უფრო ძლიერდება და თავისთავად უფრო მეტი წარმატებით მიიწევ მიზნისკენ.

 

8. ნუ ცდი ბედს

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად განავითარე საკუთარი ნებისყოფის „კუნთები“, მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ არსებობს ლიმიტი. არ უნდა ჩაეჭიდო ორ ან მეტ გამოწვევას ერთდროულად, თუ  ცნობილია შენთვის მათი სირთულეების შესახებ. ამ დროს შენ კარგავ მოთმინების უნარს, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გიშლის ხელს. წარმატებულმა ადამიანებმა მუდამ იციან, რომ მიზნის მიღწევა გაცილებით რთულია, ვიდრე ის ამჟამად ჩანს.

 

9. უფრო მეტად ფოკუსირებული იყავი იმაზე, რასაც გააკეთებ და არა იმაზე, რასაც არ გააკეთებ

გინდა დაიკლო წონაში, დაანებო თავი მოწევას, ან ცუდ ჩვევებს დააღწიო თავი? მაშინ შეიმუშავე გეგმა, თუ როგორ ჩაანაცვლებ ცუდ ჩვევებს კარგით, ვიდრე იფიქრო მხოლოდ ამ ცუდ ჩვევებზე. როდესაც ჩვენ გამუდმებით მათზე ვფიქრობთ, ამით ცუდი ჩვევები დასუსტების ნაცვლად, ძლიერდებიან.

თუ გსურს შეცვალო შენი ცხოვრების გზა, უბრალოდ დაუსვი საკუთარ თავს კითხვა - რას გავაკეთებდი ამის მაგივრად? მაგალითად, თუ შენ გიჭირს საკუთარი ხასიათის კონტროლი და ადვილად ბრაზდები, აღუთქვი საკუთარ თავს - „გაბრაზების შემთხვევაში სამჯერ ღრმად უნდა ჩავისუნთქო, რომ დავწყნარდე“. საშუალება, რომლითაც გაბრაზებას წინ აღუდგები, დაგეხმარება ამ ცუდი ჩვევის დაკნინებაში. მუდამ გახსოვდეს, შენ ხარ ის, რასაც ახლა აკეთებს და არა ის, რასაც ამბობ, რომ გააკეთებ.

 

რუსუდან დარსალია

hbr.org

| გააზიარე
მოგწონთ?