რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ წარმატებისთვის?


იყავი გაბედული

როდესაც სასურველ სამსახურზე ვოცნებობთ, გვგონია, რომ წარმატებას ადვილად მივაღწევთ, თუმცა როცა სამსახურის ძებნას ვიწყებთ, რატომღაც თავდაჯერებულობა გვაკლდება, გვეშინია ბოლო ნაბიჯების გადადგმის და უკან დახევას ვიწყებთ. იყავი გაბედული, როგორც ოცნებებში და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.

 

დატოვე პირადი კომფორტის ზონა

თუ გსურს ოცნებები აიხდინო, პირადი კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე. რას ნიშნავს პირადი კომფორტის ზონა? ეს ნიშნავს, უარი თქვა ყოველდღიურ ერთფეროვნებაზე.  ძილი შუა დღემდე, სახლში მოუწესრიგებელი სიარული და ტელევიზორში სერიალების ყურება – მავნე ჩვევებია. შენ გრძნობ, ასეთი ცხოვრებით ვერ გახდები წარმატებული, ამიტომ თუ  მაქსიმალურად მოინდომებ და მუშაობას დაიწყებ, შემდეგ კი იგივე  შემართებით გააგრძელებ წარმატებისკენ სვლას, აუცილებლად მიაღწევ მიზანს.

 

იყავი ოპერატიული 

ადამიანებს ჩვევიათ ოცნების კოშკების აგება, თუმცა ფიქრობენ, დღეს თუ არა, ოცნებებს მომავალში აუცილებლად შეასხამენ ფრთებს და არ ჩქარობენ მათ ასრულებას. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადო  ოცნებების ასრულება და თავი არ უნდა დაიმშვიდო, რომ დღევანდელ გასაკეთებელ საქმეს ხვალაც თავისუფლად შეასრულებ. დაიწყე დღესვე, რადგან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხშირად ადამიანებს იდენტური ოცნებები გვაქვს, ამიტომ  საგულდაგულოდ გადამალულ შენს ოცნებას სხვა ადამიანები შეასხამენ დროულად ფრთებს.

 

არ აფიქრებინო სხვებს, რომ ხელმოცარული ადამიანი ხარ 

პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც დიდი ხნის უნახავი ადამიანები გხვდებიან, პირველ რიგში, აინტერესებთ, გაქვს თუ არა სამსახური. ისინი შენს მიერ გაცემული პასუხით ხვდებიან, ხარ თუ არა ბედნიერი. თუ მუშაობ ე.ი ყველაფერი კარგად გაქვს, მაგრამ თუ არ მუშაობ,  ხელმოცარულ ადამიანად მიგიჩნევენ. არ აფიქრებინო ადამიანებს, რომ  ვერ შეძელი წარმატების მიღწევა. შენ ხომ ძალიან გსურს იამაყო საკუთარი თავით? ამიტომ იმოქმედე, გააკეთე ყველაფერი, რომ არასოდეს ინანო დაკარგული წლები.

 

არასდროს შეგშურდეს წარმატებული ადამიანების 

არსებობენ შენს ირგვლივ ადამიანები, რომლებიც წარმატებულნი არიან? ეს ძალიან კარგია. ნუ შეგშურდება მათი. არავითარ შემთხვევაში არ დახარჯო დრო და ენერგია უსარგებლო ფიქრში. შენ შეგიძლია მაგალითი აიღო წარმატებული ადამიანებისგან. დააკვირდი და ისწავლე  მათგან,  თუ როგორ გახდე წარმატებული.

 

იყავი ჯიუტი 

ჩვენ თავად ვწყვეტთ, როგორი ცხოვრება გვსურს, ყველაფერი ხომ ჩვენ მონდომებასა და მიზანდასახულობაზეა დამოკიდებული?! როდესაც ხვდები, რომ სასურველ შედეგს ვერ აღწევ, არ დანებდე, გაჯიუტდი და იპოვე ახალი გზა წარმატების მისაღწევად. შეიძლება იფიქრო, რომ ამის შესახებ წერა ადვილია, ყველაფრის სისრულეში მოყვანა კი რთული, მაგრამ მე პირადი გამოცდილებიდან ვწერ. ჩემ ცხოვრებაში წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება შემხვედრია, მაგრამ მე არასდროს დამითვლია დახურულ კართა რიცხვი. როდესაც სასურველ შედეგს ვერ ვაღწევდი, მიზანს იმავეს ვტოვებდი, უბრალოდ  ნაბიჯებს ვცვლიდი და ახალ გზებს ვპოულობდი.

 

და ბოლოს, მიზნისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად მიხვდებით, რომ წარმატებაზე მნიშვნელოვანი, მხოლოდ წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯები შეიძლება იყოს. ასე რომ, განაგრძეთ სვლა!

| გააზიარე
მოგწონთ?