რატომ არ გვჯერა საკუთარი თავის? - 10 რჩევა მეტი გამბედაობისთვის


თავდაჯერებულობა იმ ძირითადი თვისებათაგანია, რომელიც წარმატებულ ადამიანს წარუმატებლისგან განასხვავებს. საკუთარი ძალების რწმენაში თითქოს  არაფერია რთული, თუმცა ხშირად თავდაჯერებულობას ვკარგავთ ეჭვებით, რომლებიც გვარწმუნებენ - „არაფერი გამოგივა!“. 

მართლაც, დროთა განმავლობაში უამრავ მიზეზს ვპოულობთ იმის დასამტკიცებლად, რომ უძლურები ვართ.

 

ქვემოთ ჩამოთვლილი 10 რჩევის გათვალისწინებით შეძლებთ გაცილებით გაბედულები გახდეთ.

 

იპოვეთ მეორე ნახევარი

რთულია მოძებნო სიყვარულზე უფრო დიდი მოტივაცია, ამიტომ ეს რეკომენდაცია რჩევების სათავეშია. სწორედ საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა გვმატებს თავდაჯერებულობას.

 

შეიცვალეთ ჩაცმის სტილი

რაც უფრო კარგად გვაცვია, მით მეტად თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს. აუცილებელია მოიხდინოთ ტანისამოსი, რომელიც თქვენს უპირატესობებს წარმოაჩენს და მასში თავს კომფორტულად გრძნობთ.

 

ჩაიხედეთ სარკეში

დადექით სარკის წინ და დააკვირდით ანარეკლს. იპოვეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ და მასზე კონცენტრირდით, ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

 

იფიქრეთ პოზიტიურად

ჩვენ პირდაპირ კავშირში ვართ გარე სამყაროსთან. აუცილებელია ვიფიქროთ დადებითად და სხვების მიმართ პოზიტიურად განვეწყოთ. აზრის ძალასა და სურვილების ვიზუალიზაციაზე უამრავი მასალა არსებობს, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრებისადმი მშვიდი დამოკიდებულება გამოიმუშაოთ, ეს კი შინაგან ჰარმონიასა და თავდაჯერებულობას გამოიწვევს.

 

გახდით შემდგარი პიროვნება

ის აზრი, რომ შეგწევს აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, თვითშეფასებაზე ახდენს  ზეგავლენას. ამასთანავე, ადამიანების დიდი ნაწილი აზროვნებს შაბლონურად, იმეორებს  მასმედიით გაჟღერებულ აზრებს. შემდგარი პიროვნება კი ანალიტიკურად მსჯელობს, არ სჯერდება სხვის შეხედულებას და ცდილობს, მიუკერძოებლად შეაფასოს ვითარება.

 

აღმოაჩინეთ საკუთარი თავი

ძველი სიბრძნის თანახმად, მტრის დასამარცხებლად, მისი სისუსტეები უნდა შევიცნოთ, თუმცა საკუთარი თავით დავიწყოთ. შინაგანი გაურკვევლობის გადალახვისთვის აუცილებელია გულახდილობა. ყოველ ემოციას აქვს გამომწვევი მიზეზი, ამიტომ, მიუხედავად შინაგანი წინააღმდეგობებისა, შეეცადეთ ბოლომდე გაიხსნათ.

 

იმოქმედეთ

თქვენ შეიძლება საკუთარ თავს სარკეში აკვირდებოდეთ, პოზიტიურად აზროვნებდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მხოლოდ მოქმედებას მოაქვს შედეგი. გადადგით პირველი ნაბიჯი და დარწმუნდებით: დღეს ეს ცდაა, ხვალ კი - წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი.

 

შეიყვარეთ სამყარო

აუცილებელია გამოიმუშაოთ მოთმინება და სულგრძელობა. სხვისი განსჯა და ზემოდან ყურება უარყოფითი ენერგიით გვავსებს. უნდა ვისწავლოთ ადამიანების მიღება. სხვისი უანგარო დახმარება კი ჩვენ სასარგებლოს და საჭიროს გვხდის, რაც სულიერ სიმშვიდეს გვიბრუნებს.

 

იყავით პრინციპული და მიზანდასახული

პრინციპული ადამიანები თავიანთ თავში დარწმუნებულნი არიან, იციან რა უნდათ და როგორ მიაღწიონ ამას. წარმატებულები ისახავენ სხვადასხვა სირთულის ამოცანებს და ყოველ პატარა წინსვლას გამარჯვებად აღიქვამენ. ამიტომ, დაუსვით საკუთარ თავს კითხვები და ჩამოყალიბდით მათ პასუხებზე. 

 

ისაუბრეთ ნელა და გასაგებად

ძლიერი პიროვნებები საუბრობენ მშვიდად, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ მათ უსმენენ. იმუშავეთ საკუთარ მეტყველებაზე, რათა აღმოფხვრათ ყველა ხარვეზი. რაც მთავარია, თქვით ის, რასაც ფიქრობთ და იფიქრეთ იმაზე, თუ რას ამბობთ.

| გააზიარე
მოგწონთ?